წვდომის მენიუ

სს ”ეგრისსა” და შპს ” კავკასუს ონლაინს” შორის დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ

ნომერი: 798 / 16

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 11, 2008

მიღების თარიღი დეკემბერი 28, 2007

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას 2007 წლის 27 ნოემბერს №6/1926-07 განცხადებით მიმართა სს ”ეგრისმა”  შპს ”კავკასუს ონლაინთან”  დავის  განხილვის მოთხოვნით.

დავის საგანს წარმოადგენს: შპს ”კავკასუს ონლაინის”  მიერ  სს ”ეგრისისათვის”  წარდგენილი გაფართოებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პროექტის ცალკეული მუხლები.

სს ”ეგრისი” სადავოდ ხდის შპს ”კავკასუს ონლაინის” მიერ გამოქვეყნებულ გაფართოებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პროექტის ძირითად პირობებს და მიაჩნია, რომ მისი დებულებები შესაბამისობაშია მოსაყვანი კომისიის №469/16 გადაწყვეტილებასთან.

მოთხოვნები: დაავალოს კომისიამ შპს  ”კავკასუს ონლაინს” გაფართოებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პროექტის კომისიის შესაბამის  გადაწყვეტილებასთან შესაბამისობაში მოყვანა.

აღნიშნულ საკითხზე, 2007 წლის 28 დეკემბერს კომისიაში ჩატარდა მოსამზადებელი სხდომა. სხდომას ესწრებოდნენ:  სს  ”ეგრისის” წარმომადგენელი ხ. ინჯია, აგრეთვე   შპს ”კავკასუს ონლაინის”  წარმომადგენელი გ. ჭელიძე.

შპს  ”ეგრისის” წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ შპს ”კავკასუს ონლაინთან”  აწარმოებენ ინტენსიურ კონსულტაციებს გაფართოებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პროექტის სადავო დებულებების შესათანხმებლად, საბოლოო შეთანხმება ამ ორ კომპანიას შორის მაინც ვერ იქნა მიღწეული. ვინაიდან აღნიშნული ხელშეკრულების გაფორმება არის ძალიან მნიშვნელოვანი მათი კომპანიის მომავალი საქმიანობისათვის, იგი კომისიას სთხოვს საკითხის დაუყოვნებლივ განხილვასა და პროექტის მიმართ მათი შენიშვნების გათვალისწინებას.  სს ”ეგრისის” წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ თავის მხრივ, სს ”ეგრისის” მიერ ამ დღეებში  შპს ”კავკასუს ონლაინისათვის” გადაგზავნილ იქნა მათ მიერ მომზადებული გაფართოებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პროექტი, რომელიც მათი აზრით, სრულ შესაბამისობაშია, როგორც მოქმედ კანონმდებლობასთან, ასევე კომისიის გადაწყვეტილებებთან და შპს ”კავკასუს ონლაინის” მხრიდან მასზე ხელმოწერის შემთხვევაში სადავო საკითხი ამოიწურება.

შპს  ”კავკასუს ონლაინის” წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ მათი კომპანიის ინტერესშია მიაღწიოს შეთანხმებას სს ”ეგრისთან” გაფართოებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულების სადავო პირობებთან მიმართებაში, ამისათვის ისინი აწარმოებენ ინტენსიურ კონსულტაციებს, როგორც კომისიის აპარატის სტრატეგიული განვითარებისა და კონკურენციის დეპარტამენტთან, ასევე განმცხადებელ კომპანიასთან.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის   საფუძველზე,  კომისიამ

გადაწყვიტა:

1.   დაინიშნოს  სს  ”ეგრისსა” და  შპს  ”კავკასუს ონლაინს” შორის დავის  განხილვა 2008 წლის 11 იანვარს 16:00 საათზე;

2.  დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ ეცნობოთ დაინტერესებულ მხარეებს.

3.  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის უფროსს (კ. ყურაშვილი).

4.  გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

კომისიის თავმჯდომარე                                          გ.არველაძე                                                                                 

 წევრები:                                                              ზ. ნონიკაშვილი

                                                                            დ. პატარაია

                                                                             გ. ფრუიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები