სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” გაფრთხილების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 12, 2008
მიღების თარიღი დეკემბერი 28, 2007
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზირებულ პირების საქმიანობისა და ლიცენზიის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას.
”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ”ზ” ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზირებისა და რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზირებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას.
2007 წლის 6 ნოემბერს კომისიას განცხადებით მიმართა შპს ”კავკასუს ონლაინმა” და მოითხოვა სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიმართ გამოყენებულიყო ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლით გათვალისწინებული სანქციები, ვინაიდან სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია” არღვევს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობას და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ 2007 წლის 14 სექტემბერს №520/16 მიღებულ გადაწყვეტილებას, კერძოდ: კომისიის 2007 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილებით სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიას” დაევალა შპს ”კავკასუს ონლაინის” შეუზღუდავი დაშვება 67/68 და 71 ასს-ებში არსებული ქსელის თავისუფალ რესურსთან ჩარჩოების განსათავსებლად სათანადო ფართზე დაუყონებლივ, რაც შპს ”კავკასუს ონლაინის” განცხადებით დღემდე არ სრულდება.
”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის, ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის და შპს ”კავკასუს ონლაინის” 2007 წლის 6 ნოემბრის №6/1765-07 განცხადების საფუძველზე, 2007 წლის 14 სექტემბრის კომისიის 2007 წლის 520/16 გადაწყვეტილების შესრულების მდგომარეობის გასარკვევად, კომისიის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის ბატონ მიხეილ გოთოშიას მიერ შემოწმებულ იქნა სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” 67/68 ასს-ები და შედგენილ იქნა შემოწმების აქტი №28. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ შპს ”კავკასუს ონლაინს” თანალოკაციის ფართიდან კროსში შეყვანილი ჰქონდა კაბელები, მაგრამ ჩარჩოები არ იყო დამაგრებული, მიუხედავად შპს ”კავკასუს ონლაინის” წარმომადგენლების მცდელობის დაემაგრებინათ ჩარჩოები, მორიგემ ხელმძვანელი პირისგან ვერ მიიღო შესაბამისი განკარგულება და ვერ მოხერხდა ჩარჩოების დამაგრება.
კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტი (კ. ყურაშვილი) აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ”ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზირებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები. კომისიის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ შედგენილი შემოწმების №28 აქტით დადგინდა, რომ სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია” არ ასრულებს კომისიის 2007 წლის 14 სექტემბერს მიღებული გადაწყვეტილებით დაკისრებულ ვალდებულებას და უხეშად არღვევს ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის დ) ქვეპუნქტს და 34-ე მუხლის პირველ პუნქტს, რის საფუძველზეც 2007 წლის 8 დეკემბერს კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია დაწყებულიყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” გაფრთხილების თაობაზე.
2007 წლის 28 დეკემბრის კომისიის სხდომაზე, საკითხის განხილვისას სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” წარმომადგენელმა უ. სეთურმა განაცხადა, რომ დღეის მდგომარეობით 67/68 და 71 ასს-ში შპს ”კავკასუს ონლაინის” ჩარჩოერბის მონტაჟი დასრულებულია და მოითხოვა სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” გაფრთხილების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტა, რის დასტურადაც წარმოადგინა 2007 წლის 24 დეკემბერს შედგენილი აქტი აღნიშნული სამუშაოების დასრულების თაობაზე, რომელსაც ხელს აწერენ შპს ”კავკასუს ონლაინის” და სს ”გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” წარმომადგენლები.
შპს ”კავკასუს ონლაინის” წარმომადგენელმა გ. ჭელიძემ დაადასტურა სს ”გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” წარმომადგენლის განცხადება.
კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტი (კ. ყურაშვილი) მიიჩნევს, რომ სს ”გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიერ აღმოფხვრილია ყველა ის დარღვევა, რაც გახდა კომისიაში მარტივი ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველი.
კომისიამ, საქმის გარემოებათა ყოველმხრივ, სრული და ობიექტური გამოკვლევისა და ანალიზის საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, კერძოდ ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-18 პუნქტის შესაბამისად,
გადაწყვიტა:
1. შეწყდეს ადმინისტრაციული წარმოება სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” გაფრთხილების თაობაზე;
2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების გაგზავნა სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიისთვის” დაზღვეული საფოსტო გზავნილის სახით;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი ქ. თბილისი, სარაჯიშვილის №1 ა) ერთვი თვის ვადაში;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე გ. არველაძე
კომისიის წევრები: გ. ფრუიძე
დ. პატარაია
ზ. ნონიკაშვილი
