შპს ”ტელევიზია კახეთი”-ს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებისა და მისთვის სიტყვიერი შენიშვნის გამოცხადების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 11, 2008
მიღების თარიღი დეკემბერი 28, 2007
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ულიცენზიოდ ან მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობა აკრძალულია და ისჯება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441 -ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ,,მაუწყებლობის სფეროში ულიცენზიოდ საქმიანობა, ან ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ულიცენზიოდ ან მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ულიცენზიოდ ნუმერაციის რესურსებით სარგებლობა, ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა და იწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით”.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 228-ე მუხლის შესაბამისად, 1441 -ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება აქვს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას.
კომისია აღნიშნავს, რომ 2007 წლის 7 დეკემბერს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ.ყურაშვილი) წარმოებაში გადაეცა კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტის (თ.ძაგნიძე) 2007 წლის 6 დეკემბრის №10/352-07 მოხსენებითი ბარათი, საიდანაც ირკვევა, რომ 2007 წლის 6 დეკემბერს აღნიშნული დეპარტამენტის მიერ ქ.ახმეტაში შემოწმდა ავტორიზებული პირის (ავტორიზაციის მოწმობის გაცემის თარიღი: 10.04.2006) შპს ,,ტელევიზია კახეთის” (რეგისტრაციის მონაცემები: 30/08/1996; 18/4-29; ახმეტის რაიონული სასამართლო) საკაბელო-სატრანზიტო ტელერადიოსამაუწყებლო საქმიანობა.
შემოწმების შედეგად გამოირკვა, რომ შპს ,,ტელევიზია კახეთი” ახორციელებდა 11.700-12.200 გჰც (500 მჰც) სიხშირულ დიაპაზონში მიკროტალღოვანი ინტეგრირებული ტელერადიო საინფორმაციო სისტემის (მიტრისი) გამოყენებით საკაბელო-სატრანზიტო ტელერადიოსამაუწყებლო მომსახურებას.
აღნიშნულთან დაკავშირებით 2007 წლის 6 დეკემბერს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტის (თ.ძაგნიძე) მიერ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 239-ე მუხლის 35-ე ნაწილისა და 240-ე მუხლის შესაბამისად შედგა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმი №000006, რასაც ხელს აწერს კომისიის მხრიდან უფლებამოსილი პირი ნ.კონდოლელი, ხოლო სამართალდამრღვევის მხრიდან შპს ,,ტელევიზია კახეთის” გენერალური დირექტორი დავით ბაგაური.
შემოწმებული პირის, შპს ”ტელევიზია კახეთის” გენერალური დირექტორის დავით ბაგაურის ახსნა-განმარტებით 2003 წლის 16 მაისს შპს ,,ტელევიზია კახეთს” მიენიჭა 11.700 – 12.200 გჰც სიხშირული ზოლი. 2005 წლის 4 თებერვალს გაიარა მოდიფიცირება, შპს ,,აღორძინება” გადაკეთდა შპს ,,ტელევიზია კახეთად”, ხოლო 2005 წელს გაიარა ხელახალი რეგისტრაცია ავტორიზაციაზე. მისივე განცხადებით აღნიშნული სიხშირეების ვადის გასვლის თაობაზე ის არავის გაუფრთხილებია.
აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყებისა და საკითხის კომისიის სხდომაზე განხილვის დროისა და ადგილის შესახებ შპს ,,ტელევიზია კახეთს” გაეგზავნა შეტყობინება დაზღვეული საფოსტო გზავნილით 2007 წლის 10 დეკემბერს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 38-ე მუხლის შესაბამისად.
საკითხის განხილვა კომისიაში შედგა 2007 წლის 28 დეკემბერს. კომისიის სხდომას შპს ,,ტელევიზია კახეთის” მხრიდან ესწრებოდა უფლებამოსილი პირი დ.ბაგაური.
კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტი (კ.ყურაშვილი) აღნიშნავს, რომ ჩატარებული გამოკვლევისა და წარმოდგენილი მტკიცებულებების შესწავლის შედეგად ირკვევა, რომ 11.700 – 12.200 გჰც სიხშირული ზოლი კომისიის 2003 წლის 16 მაისის №209 გადაწყვეტილებით ,,კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტისა და 48-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებისათვის მიენიჭა შპს ,,აღორძინებას”, რომლის სამართალმემკვიდრეა შპს ,,ტელევიზია კახეთი” და რომლის მოქმედების ვადა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების (მიღებულია 2003 წლის 27 ივნისს) 53-ე მუხლის შესაბამისად განისაზღვრა წესების ამოქმედებიდან ერთი წლის ვადით. აღნიშნული ვადა ამოიწურა 2004 წელს. შესაბამისად, შპს ,,ტელევიზია კახეთი” აღნიშნულ სიხშირეებს იყენებს ულიცენზიოდ, გამომდინარე იქიდან, რომ ”ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” და ”ელექტორნული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონების შესაბამისად, რადიოსიხსირული სპექტრით სარგებლობა ექვემდებარება ლიცენზირებას, ხოლო ლიცენზია კი გაიცემა აუქციონის წესით. აღნიშნული ქმედება წარმოადგენს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალადარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას.
კომისიას საქმის გარემოებათა ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად გამოკვლევის, საქმეზე თანდართული მტკიცებულებების შესწავლის, სამართალდამრღვევის ახსნა-განმარტების მოსმენისა და კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის (კ.ყურაშვილი) სამართლებრივი შეფასების გათვალისწინებით, დადასტურებულად მიაჩნია შპს ”ტელევიზია კახეთი”-ს მიერ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის კოდექსის 144-1 ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი.
ამასთან, კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”ტელევიზია კახეთი”-ს მიერ გაუფრთხილებელი ბრალეულობით ჩადენილი სამართალდარღვევა გულწრფელად მონანიებულ იქნა, რაც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 34-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით შემამსუბუქებელი გარემოებებია.
კომისია აგრეთვე ითვალისწინებს იმ გარემოებასაც, რომ უკანონო მაუწყებლობის ტრანზიტი ხორციელდებოდა დაბალსიმძლავრიანი რადიო სამაუწყებლო გადამცემით და მას რაიმე მნიშვნელოვანი ზიანი არ გამოუწვევია.
შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ შეუძლია ისარგებლოს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 22-ე მუხლით მინიჭებული უფლებამოსილებით, გაათავისუფლოს დამრღვევი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან და დასჯერდეს სიტყვიერ შენიშვნას.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 22-ე, 34-ე, 1441-ე, 273-ე მუხლებისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 38-ე და 41-ე მუხლის საფუძველზე, კომისიამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მიეცეს სიტყვიერი შენიშვნა შპს ,,ტელევიზია კახეთს” საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის გამო;
2. გათავისუფლდეს შპს ,,ტელევიზია კახეთი” საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდისაგან;
3. უზრუნველყოს შპს ”ტელევიზია კახეთმა” მის მიერ ულიცენზიოდ გამოყენებული სიხშირეებით სარგებლობის დაუყოვნელივ შეწყვეტა.
4. დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს წინამდებარე გადაწყვეტილების ძალაში შესვლის შემდეგ მონიტორინგის ჩატარება შპს ”ტელევიზი კახეთი”-ს მიერ ამ გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის აღსრულების თაობაზე.
5. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების გაგზავნა შპს ,,ტელევიზია კახეთისათვის” დაზღვეული საფოსტო გზავნილის სახით.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის №1) 10 დღის ვადაში.
7. კონტროლო აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე გ.არველაძე
კომისიის წევრები: დ.პატარაია
გ.ფრუიძე
ზ.ნონიკაშვილი
