წვდომის მენიუ

შპს ტელეკომპანია ,,რუსთავი 2” №B9 ლიცენზიის მოდიფიცირების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

ნომერი: 810 / 23

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 11, 2008

მიღების თარიღი დეკემბერი 28, 2007

    საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული  კომისია (შემდგომში  ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ 2007 წლის №7/478-2007 წერილით კომისიას მიმართა შპს ,,რუსთავი 2”-მა, რომელმაც მოითხოვა მისი კუთვნილი №B9 ლიცენზიის (კერძო საერთო საეთერო ტელერადიომაუწყებლობა) მოდიფიცირება იმგვარად, რომ შპს  ,,რუსთავი 2”-მა შეცვალოს სამაუწყებლო სიხშირე დეციმეტრულ ტალღათა დიაპაზონით, მაუწყებლობის იგივე დაფარვის ზონის შენარჩუნებით ქ. ბათუმში. კომპანიის მტკიცებით, აღნიშნული განპირობებულია იმით, რომ დაბალი მეტრული სატელევიზიო არხები აღარ გამოიყენება ევროპასა და მსოფლიოს რიგ ქვეყნებში მაუწყებლობისათვის. ქ. ბათუმში შპს ,,რუსთავი 2”-ის სამაუწყებლო სიგნალი ვრცელდება მე-3  მეტრული სატელევიზიო არხით და გამომდინარე მაუწყებლობის ტექნოლოგიური განვითარებიდან, შპს ,,რუსთავი 2”-მა მიზანშეწონილად მიიჩნია შეცვალოს მეტრულ ტალღათა დიაპაზონის მე-3 არხი ქ. ბათუმში დეციმეტრული დიაპაზონის არხით, მაუწყებლობის იგივე დაფარვის ზონის შენარჩუნებით.                                                       

     კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის აზრით, ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და  45-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, უნდა დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება კომისიის 2005 წლის 18 ნოემბრის №716/1 გადაწყვეტილებაში  ცვლილების შეტანის და შპს ,,რუსთავი 2”-ის კუთვნილი №B9 ლიცენზიის მოდიფიცირების მიზნით.

     ,,მაუწყებლობის  შესახებ”  საქართველოს   კანონის  38-ე მუხლის მე-4 პუნქტის, 45-ე  მუხლის პირველი  პუნქტის  ბ) ქვეპუნქტისა  და  საქართველოს  ,,ზოგადი  ადმინისტრაციული  კოდექსის  63-ე  მუხლის  თანახმად,  კომისიამ

გადაწყვიტა:

1.დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს ,,რუსთავი 2”-ის №B9 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2005 წლის 18 ნოემბრის №716/1 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით.

2. ზეპირი მოსმენის სხდომა გაიმართოს 2008 წლის 25 იანვარს 12.00 სთ-ზე. ხოლო გადაწყვეტილება მიღებულ იქნას 2008 წლის 25 იანვარს 16.00 საათზე.  

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯანელიძე)  საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციის დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების გაგზავნა შპს ,,რუსთავი 2-ისთვის”.

5. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე  მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად.

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის უფროსს (გ. რატიშვილი).    

კომისიის თავმგდომარე     გ. არველაძე

კომისიის წევრები:          ზ. ნონიკაშვილი

                                     გ.ფრუიძე                                                                                                                                                                                               

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები