შპს ”ახალ ქსელებსა” და სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შორის დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 27, 2007
მიღების თარიღი თებერვალი 16, 2007
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას 2007 წლის 8 იანვარს 6/07-07 განცხადებით მიმართა შპს ”ახალმა ქსელებმა” სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიასთან ” დავის განხილვის მოთხოვნით.
დავის საგანი: 2006 წლის 18 დეკემბერს სს ”გაერთიანებულმა სატელეკომუნიკაციო კომპანიამ”, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე, შპს ”ახალ ქსელებს” ქ. ზესტაფონში შეუწყვიტა ურთიერთჩართვის მომსახურება. მიუხედავად შპს ”ახალი ქსელების” არაერთი მოთხოვნისა, ურთიერთჩართვა დღემდე აღდგენილი არ არის, მიუხედავად იმისა, რომ სს ”გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია” ბაზრის შესაბამის სეგმენტზე წარმოადგენს მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირს, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” - საქართველოს კანონის 29-ე მუხლის თანახმად, მას დაკისრებული აქვს სპეციფიკური ვალდებულებები, მათ შორის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვების ვალდებულება. განმცხადებლის აზრით, ქ. ზესტაფონში ურთიერთჩართვის მომსახურების შეწყვეტით სს ”გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მხრიდან ადგილი აქვს ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მესამე პუნქტის მოთხოვნათა განზრახ შეუსრულებლობას.
აღნიშნულ საკითხზე, 2007 წლის 16 თებერვალს, კომისიაში ჩატარდა მოსამზადებელი სხდომა. სხდომას ესწრებოდნენ: შპს ”ახალი ქსელების” წარმომადგენელი: ნ.ჟღენტი, ლ. ინჯია და სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” წარმომადგენელი: უ. სეთური.
შპს ”ახალი ქსელების” მოთხოვნას წარმოადგენს: დაავალოს კომისიამ სს ”გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” აღადგინოს ქ.ზესტაფონში ოპერეტორებს შორის მოქმედი ურთიერთჩართვა და მასვე დაეკისროს ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული სანქციები.
შპს ”ახალი ქსელების” მოთხოვნას არ დაეთანხმა სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” წარმომადგენელი უ. სეთური და აღნიშნა, რომ კომისიის 2005 წლის 27 დეკმებრის 808/22 გადაწყვეტილებით, საქართველო დაყოფილია რა გეოგრაფიულ სეგმენტებად, ოპერეტორებს შორის უნდა არსებობდეს ცალ-ცალკე ხელშეკრულება შესაბამის გეოგრაფიულ სეგმენტებში ურთიერთჩართვისა და ზარის დასრულების შესახებ. ქ. ზესტაფონში სს ”გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შპს ”ახალ ქსელებთან” ურთიერთჩართვის ხელშეკრულება არ აქვს დადებული, მათ შორის მოქმედი ხელშეკრულების მიხედვით, ურთიერთჩართვის წერტილი არის ქ. ქუთაისში, სადაც მომსახურება ამჟამად შეწყვეტილი არ არის. შესაბამისად, ვინაიდან მისდამი რწმუნებულ კომპანიას ქ.ზესტაფონში ურთიერთჩართვის ვალდებულება არ აქვს ნაკისრი, მოწინააღმდეგე მხარის მოთხოვნა აღნიშნულ გეოგრაფიულ სეგმენტში ურთიერთჩართვის აღდგენისა და ზარის დასრულების შესახებ მიაჩნია დაუსაბუთებლად.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე კომისიამ
გადაწყვიტა:
1. დაინიშნოს შპს ”ახალ ქსელებსა” და სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შორის დავის განხილვა 2007 წლის 23 თებერვალს 16 საათზე;
2.ეცნობოთ მოდავე მხარეებს დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ;
3.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის უფროსს (კ. ყურაშვილი).
4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
კომისიის წევრები: დ. პატარაია
გ. ფრუიძე
ზ. ნონიკაშვილი
