წვდომის მენიუ

შპს ”მედია ტვ”-ის გაფრთხილების თაობაზე

ნომერი: 90 / 18

გამოქვეყნების თარიღი მარტი 15, 2007

მიღების თარიღი თებერვალი 16, 2007

        საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში, ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით  დადგენილი  სანქციების დაკისრებას.

       “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის “ზ” ქვეპუნქტის თანახმად იგი უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად იგი აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების  შესრულებას.

კომისია აგრეთვე აღნიშნავს, რომ “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის “ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები. 

”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლი მე-4 პუნქტის შესაბამისად ავტორიზებული პირები ვალდებული არიან, ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, კომისიის მიერ განსაზღვრული ფორმით წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია გაანგარიშებული რეგულირების საფასურის თაობაზე და ჩარიცხონ კომისიის ანგარიშზე რეგულირების საფასური.

   კომისიის აპარატის ფინანსური დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (2007 წლის 22 იანვარი) შესაბამისად ირკვევა, რომ  შპს ”მედია ტვ”-ის (ავტორიზაციის №190/1, საკაბელო სატრანზიტო ტელემაუწყებლობა) არ წარმოუდგენია რეგულირების საფასურის გაანგარიშებები და აგრეთვე არ განუხორციელებია რეგულირების საფასურის ჩარიცხვა კომისიის ანგარიშზე.

    ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიში დაიწყოს ადმინისტრაციული წარმოება შპს ”მედია ტვ”-ის გაფრთხილების თაობაზე. 2007 წლის 16 თებერვალს, კომისიის სხდომაზე შპს ”მედია ტვ”-ის წარმომედგენელმა განაცხადა, რომ მისთვის ადმინისტრაციული წარმოების დაწყებმადე უცნობი იყო იმ ვალდებულების შესახებ, რასაც ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტი ადგენს ავტორიზებული პირების მიმართ და დასძინა, რომ 2007 წლის 16 თებერვალს დაგვიანებით წარმოადგინა კომისიის მიერ მისთვის მოთხოვნილი ინფორმაცია და ჩარიცხა რეგულირების საფასური.

   “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. გაფრთხილდეს შპს “მედია ტვ”-ი და ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლი მე-4 პუნქტის შესაბამისად უზრუნველყოს ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, კომისიის მიერ განსაზღვრული ფორმით წარუდგინოს კომისიას ინფორმაცია გაანგარიშებული რეგულირების საფასურის თაობაზე და ჩარიცხოს კომისიის ანგარიშზე რეგულირების საფასური.;

2. “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის შესაბამისად, შპს “მედია ტვ”-ის ერთი წლის განმავლობაში ახალი დარღვევის ჩადენის შემთხვევაში დაეკისრება ჯარიმა მისი ბოლო თორმეტი კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე)  0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 10000 (ათი ათასი) ლარისა.

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების გაგზავნა შპს “მედია ტვ”-ისთვის  დაზღვეული საფოსტო გზავნილის სახით.

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის № 1 ა)  ერთი  თვის ვადაში;

5.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ფინანსურ დეპარტამენტს (ი. აბულაძე).

კომისიის წევრი:                                                                              დ. პატარაია                                                                   

                                                                                                         გ. ფრუიძე                                                                         

                                                                                                        ზ. ნონიკაშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები