წვდომის მენიუ

შპს ”საქართველოს ხმის” № 705 ლიცენზიის გაუქმების თაობაზე

ნომერი: 96 / 4

გამოქვეყნების თარიღი მარტი 02, 2007

მიღების თარიღი თებერვალი 23, 2007

    საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ე) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციასა და ვალდებულებას წარმოადგენს „ლიცენზიის მფლობელის მიერ ამ კანონის მოთხოვნებისა და სალიცენზიო პირობების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; ამ კანონის მოთხოვნებისა და სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელისათვის შესაბამისი სანქციების დაკისრება“. ამავე კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია „უზრუნველყოს მის მიერ გადაცემული პროგრამების შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასა და სალიცენზიო პირობების მოთხოვნებთან.“

      კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის (გ. რატიშვილი) მიერ განხორციელდა შემოწმება შპს ”საქართველოს ხმის” მიერ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულების მიზნით. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შედგა შემოწმების აქტი (2007 წლის 16 იანვარი) საიდანაც ირკვევა, რომ შპს ”საქარველოს ხმა”, რომელიც ფლობს №705 ლიცენზიას (საეთერო საერთო ტელერადიომაუწყებლობა, 50-ე სატელევიზიო არხზე ქ. თბილისში) არ ახორციელებს მაუწყებლობას, კომისიაში არ წარმოუდგენია და აგრეთვე არ გამოუქვეყნებია სამაუწყებლო ბადე 2006 -2007 წლების განმავლობაში. 

    აღნიშული შემოწმების აქტი გადაეცა კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს, რომელმაც იხელმძღვანელა რა ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 74-ე მუხლის მოთხოვნებით, დაადასტურა შპს ”საქართველოს ხმის” მიერ ”მაუწყებლობის შესახებ” საქარველოს კანონის მოთხოვნათა დარღვევა, კერძოდ სამართლებრივი დეპარტამენტი (კ. ყურაშვილი) აღნიშნავს, რომ ლიცენზიის მფლობელის მიერ ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობის შეწყვეტა წელიწადში ზედიზედ 3 თვეზე მეტი ვადით ან ერთი წლის 120 დღის განმავლობაში საფუძველია ლიცენზიის გაუქმების შესახებ საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყებისა. 

     კომისიაში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებისთ 2007 წლის 16 თებერვალს გაიმართა ზეპირი მოსმენის სხდომა, სადაც კომპანიის წარმომადგენელმა (მ.კუჭავა) განაცხადა, რომ შპს ”საქარველოს ხმის” მიერ მაუწყებლობის შეწყვეტა აღნიშნული პერიოდის განმავლობაში გამოწვეული იყო მათი სააპარატო-სამონტაჟო, საინფორმაციო და შემოქმედებითი სტუდიების საკომუნიკაციო კაბელების დემონტაჟით. აღნიშნულის თაობაზე შპს ”საქარველოს ხმის” დირექტორმა 2007 წლის 16 თებერვალს წერილობით განუმარტა კომისიას ყველა იმ ტექნიკურ გარემოებათა შესახებ, რაც მაუწყებლობის შეწყვეტის საფუძველი გახდა.

     კომისია აღნიშნავს, რომ  შპს ”საქარველოს ხმის” მიერ წარმოდგენილი გარემოებები ვერ გახდება კომისიაში დაწყებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის საფუძველი, რადგანაც მიიჩნია, რომ აღნიშნული ტექნიკური პრობლემების მოგვარება სრულად შესაძლებელი იყო კანონით საამისოდ გათვალისწინებული სამ თვიანი ვადაში და მათ აღმოფხვრას 2 წელი არ სჭირდება. გარდა ზემოაღნიშნულისა კომპანიის მხრიდან აღიარებულია ”მაუწყებლობის შესახებ” საქარველოს კანონის იმ მოთხოვნათა შეუსრულებლობა, რაზედაც კანონით იმთავითვე გათვალისწინებულია ლიცენზიის გაუქმება.

    ზემოაღნიშულის გათვალისწინებით, ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 74-ე მუხლის პირველი პუნქტის ”გ” ქვეპუნქტის, 38-ე მუხლის მე-4 პუნქტის  შეაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა: 

1. გაუქმდეს  შპს ”საქართველოს ხმის” №705 ლიცენზია;

2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების გაგზავნა შპს ”საქართველოს ხმისათვის” დაზღვეული საფოსტო გზავნილის სახით;

3. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ლორთქიფანიძე):

ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;

ბ) ”ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარებადა ლიცენზიის გაუქმების თაობაზე ინფორმაციის ”საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში” გამოქვეყნების უზრუნველყოფა;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის № 1 ა)  ერთი  თვის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (გ. რატიშვილი).

კომისიის წევრები:                                                                          გ. ფრუიძე                 

                                                                                                            დ. პატარაია                                                                                                                                                                                                                                                                        

                                                                                                            ზ. ნონიკაშვილი
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები