შპს ”ბოლნისის ახალ ქსელებსა” და სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შორის დავის განხილვის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მარტი 02, 2007
მიღების თარიღი თებერვალი 23, 2007
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას 2007 წლის 16 იანვარს 6/37-07 განცხადებით მიმართა შპს ”ბოლნისის ახალმა ქსელებმა” სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიასთან ” დავის განხილვის მოთხოვნით.
დავის საგანი: სს ”გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მხრიდან არ ხორციელდება 8-258 – 30XXX-31XXX ინდექსის გააქტიურება, რომელიც კომისიის №396/22 გადაწყვეტილების საფუძველზე მინიჭებული აქვს შპს ”ბოლნისის ახალი ქსელებს”.
აღნიშნულ საკითხზე, კომისიამ 2007 წლის 16 თებერვალს მიიღო № 87/16 გადაწყვეტილება შპს ”ბოლნისის ახალ ქსელებსა” და სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შორის დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ.
2007 წლის 23 თებერვალს აღნიშნულ საკითხზე კომისიაში გაიმართა სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ: შპს ”ბოლნისის ახალი ქსელების” წარმომადგენლები: დ. ბასილაშვილი, ლ. ინჯია, შ. იაშვილი; სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” წარმომადგენლები: ი.შაფმესერი, ზ. სრესელი და უ.სეთური.
შპს ”ბოლნისის ახალი ქსელების” წარმომადგენელმა დააზუსტა თავისი მოთხოვნა და მოითხოვა: კომისიამ დაავალოს სს ”გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” განახორციელოს მისი დაშვება საკუთარ ქსელებთან და საშუალებებთან და ზარები მიმართოს სს ”ეგრისის” მიმართულებით.
შპს ”ბოლნისის ახალი ქსელების” მოთხოვნას არ დაეთანხმა სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” წარმომადგენელი უ. სეთური და განაცხადა, რომ ბოლნისის რაიონში ”ბოლნისის ახალ ქსელებსა” და სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შორის არ არსებობს ურთიერთჩართვის ხელეკრულება, შესაბამისად, მისდამი რწმუნებულ კომპანიას არ აკისრია შპს ”ბოლნისის ახალ ქსელებთან” ურთიერთჩართვის ვალდებულება, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების გარეშე. აქედან გამომდინარე, შპს ”ბოლნისის ახალი ქსელების” მოთხოვნა მას მიაჩნია დაუსაბუთებლად.
კომისია აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მესამე პუნქტის თანახმად, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ნებისმიერმა ოპერატორმა, რომელიც ადგილობრივი მომსახურების ზონაში სააბონენტო ნუმერაციის რესურსის გამოყენებით ახორციელებს ბოლო მომხმარებლის მომსახურებას, უნდა უზრუნველყოს საკუთარი ქსელის შესაბამის ელემენტებთან შეუზღუდავი და არადისკრიმინაციული დაშვებით სხვა მსურველი ოპერეტორებისათვის და ელექტრონული საკომუნიკაციო უწყებრივი ქსელის მფლობელი პირებისათვის ურთიერთჩართვის პირდაპირი ან არაპირდაპირი მიწოდება. გარდა ზემოაღნიშნულისა, სს ”გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია” ბაზრის შესაბამის სეგმენტზე წარმოადგენს მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირს და ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 29-ე მუხლის თანახმად, მას დაკისრებული აქვს სპეციფიკური ვალდებულებები, მათ შორის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მიერ საკუთარი ქსელის ელემენტებთან, მათ ფუნქცოონალურ რესურსებთან და თავისუფალ სიმძლავრეებთან, ან მათი გამოყენებით განხორციელებულ (ან განსახორციელებად) ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სახეებთან მსურველი ავტორიზებული პირის დაშვების ვალდებულება.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”ბოლნისის ახალი ქსელების” მოთხოვნა 8-258 – 30XXX-31XXX ინდექსის გააქტიურების შესახებ, არსებითად არის დაშვების მოთხოვნა. სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია” წარმოადგენს დაშვებისა და ურთიერთჩართვის მიმწოდებელს, მას მოეთხოვება მის ქსელთან, სისტემასთან, ქსელის ელემენტებთან, ტექნიკურ საშუალებებთან, მათ თავისუფალ ფუნქციონალურ რესურსებთან და სიმძლავრეებთან მსურველი ოპერატორის, ამ შემთხვევაში შპს ”ბოლნისის ახალი ქსელების” დაშვება.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ სს ”გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მოთხოვნა, იმის თაობაზე, რომ აუცილებელია ხელშეკრულების გაფორმება შპს ”ბოლნისის ახალ ქსელებთან”, კომისიის აზრით საფუძვლიანია, ვინაიდან ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის შესაბამისად, მხარეებმა უნდა მიიღონ ყველა სამართლიანი და გონივრული ზომა, შეთანხმდენ და გააფორმონ ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვების შესახებ ხელშეკრულება და მისი ასლი წარმოუდგინონ კომისიას ორმხრივი ხელმოწერიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მესამე პუნქტის, 29-ე, 34-ე, 41-ე და 42-ე მუხლების საფუძველზე, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს შპს ”ბოლნისის ახალი ქსელების” მოთხოვნა და დაევალოს სს ”გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” განახორციელოს შპს ”ბოლნისის ახალი ქსელების” დაშვება საკუთარ ქსელებთან: 8-258 – 30 XXX-31XXX ინდექსის გააქტიურება და ზარების სს ”ეგრისისაკენ” მიმართვა;
2. დაევალოთ მხარეებს შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმება ათი დღის ვადაში და მისი ორმხრივი ხელმოწერის შემდგომ ასლის კომისიაში წარმოდგენა;
3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, სარაჯიშვილის 1-ა) ერთი თვის ვადაში.
კომისიის წევრები: დ. პატარაია
გ. ფრუიძე
ზ. ნონიკაშვილი
