შპს ”ახალ ქსელებსა” და სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შორის დავის განხილვის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მარტი 02, 2007
მიღების თარიღი თებერვალი 23, 2007
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას 2007 წლის 8 იანვარს 6/07-07 განცხადებით მიმართა შპს ”ახალმა ქსელებმა” სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიასთან ” დავის განხილვის მოთხოვნით.
დავის საგანი: 2006 წლის 18 დეკემბერიდან ქ. ზესტაფონში შეწვეტილია შპს ”ახალ ქსელებისა” და სს ”გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” აბონენტებს შორის დაკავშირების შესაძლებლობა. შპს ”ახალი ქსელების” არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, ერთი ქსელიდან მეორე ქსელთან დაკავშირების შესაძლებლობა აღდგენილი არ არის. სს ”გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია” ბაზრის შესაბამის სეგმენტზე წარმოადგენს მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირს, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 29-ე მუხლის თანახმად მას დაკისრებული აქვს სპეციფიკური ვალდებულებები, მათ შორის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის ვალდებულებები. განმცხადებლის აზრით, ქ. ზესტაფონში შპს ”ახალი ქსელების” აბონენტების სს ”გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” ქსელის აბონენტებთან დაკავშირების შეზღუდვით, ადგილი აქვს ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მესამე პუნქტის მოთხოვნათა განზრახ შეუსრულებლობას.
აღნიშნულ საკითხზე კომისიამ 2007 წლის 16 თებერვალს მიიღო № 88/16 გადაწყვეტილება - შპს ”ახალ ქსელებსა” და სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შორის დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ.
2007 წლის 23 თებერვალს აღნიშნულ საკითხზე კომისიაში გაიმართა სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ: შპს ”ახალი ქსელების” წარმომადგენლები: ნ.ჟღენტი, ლ. ინჯია და სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” წარმომადგენლები: ი. შაფმესერი, ზ. სრესელი და უ. სეთური.
შპს ”ახალი ქსელების” მოთხოვნას წარმოადგენს: დაავალოს კომისიამ სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” აღადგინოს ქ. ზესტაფონში მოდავე მხარეთა აბონენტებს შორის დაკავშირების შესაძლებლობა.
შპს ”ახალი ქსელების” მოთხოვნას არ დაეთანხმა სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” წარმომადგენელი უ. სეთური და აღნიშნა, რომ კომისიის 2005 წლის 27 დეკმებრის 808/22 გადაწყვეტილებით, საქართველო დაყოფილია რა გეოგრაფიულ სეგმენტებად, ოპერეტორებს შორის უნდა არსებობდეს ცალ-ცალკე ხელშეკრულება შესაბამის გეოგრაფიულ სეგმენტებში ურთიერთჩართვისა და დაშვების შესახებ. ქ. ზესტაფონში სს ”გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შპს ”ახალ ქსელებთან” ურთიერთჩართვის ან/და დაშვების ხელშეკრულება არ აქვს დადებული, მათ შორის მოქმედი ხელშეკრულების მიხედვით, ურთიერთჩართვის წერტილი არის ქ. ქუთაისში, სადაც მომსახურება ამჟამად შეწყვეტილი არ არის. შესაბამისად, ვინაიდან მისდამი რწმუნებულ კომპანიას ქ.ზესტაფონში ურთიერთჩართვისა და დაშვების ვალდებულებები არ აქვს ნაკისრი, მოწინააღმდეგე მხარის მოთხოვნა აღნიშნულ გეოგრაფიულ სეგმენტში აბონენტებს შორის დაკავშირების აღდგენისა და ზარის დასრულების შესახებ, მიაჩნია დაუსაბუთებლად. ამ შემთხვევაში, უ. სეთურის განცხადებით, უსაფუძვლოა მოწინააღმდეგე მხარის მიერ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 29-ე მუხლით განსაზღვრული მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირის სპეციფიკურ ვალდებულებებზე მითითება, ვინაიდან კომისიის 808/22 გადაწყვეტილებით, ქალაქ ქუთაისში მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე სუბიექტად ცნობილია არა სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია”, არამედ შპს ”ახალი ქსელები”. ზ. სრესელმა (კონსულტანტი ტექნიკურ საკითხებში) ასევე აღნიშნა, რომ ფიზიკურად მოდავე კომპანიის ქსელებს შორის ურთიერთჩართვა განხორციელებულია და დღესაც მოქმედებს, მაგრამ არსებობს პროგრამული პრობლემა, რის გამოც ქ. ზესტაფონში შპს ”ახალი ქსელების” აბონენტები ვერ უკავშირდებიან მათი ქსელის აბონენტებს.
კომისია აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მესამე პუნქტის თანახმად, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ყველა ოპერატორმა, რომელიც ადგილობრივი მომსახურების ზონაში სააბონენტო ნუმერაციის რესურსის გამოყენებით ახორციელებს ბოლო მომხმარებლის მომსახურებას, უნდა უზრუნველყოს საკუთარი ქსელის შესაბამის ელემენტებთან შეუზღუდავი და არადისკრიმინაციული დაშვებით სხვა მსურველი ოპერატორებისათვის და ელექტრონული საკომუნიკაციო უწყებრივი ქსელის მფლობელი პირებისათვის ურთიერთჩართვის პირდაპირი ან არაპირდაპირი მიწოდება. ამასთან, დაუშვებელია ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორებს შორის მოქმედი ურთიერთჩართვის შეწყვეტა.
კომისია აღნიშნავს, რომ სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია” წარმოადგენს დაშვებისა და ურთიერთჩართვის მიმწოდებელს, რომელსაც მოეთხოვება მის ქსელთან, სისტემასთან, ქსელის ელემენტებთან, ტექნიკურ საშუალებებთან, მათ თავისუფალ ფუნქციონალურ რესურსებთან და სიმძლავრეებთან მსურველი ოპერატორის დაშვება და ურთიერთჩართვის მიწოდება.
საქმეზე წარმოდგენილი მასალებიდან ირკვევა, რომ მოდავე მხარეებს შორის ურთიერთჩართვა ფიზიკურად შეწყვეტილი არ არის, გაფორმებულია შესაბამისი ხელშეკრულებაც, მაგრამ ფაქტიურად ქ. ზესტაფონში მოდავე კომპანიების აბონენტთა შორის დაკავშირება შეუძლებელია, რაც თავის მხრივ ადასტურებს იმას, რომ მოდავე მხარეებს შორის ურთიერთჩართვა არ ხორციელდება სრულყოფილად.
სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია” არის ერთიანი ქსელის მფლობელი, შესაბამისად, კომპანიებს შორის არსებული ურთიერთჩართვა მოიცავს ქ. ზესტაფონში შპს ”ახალი ქსელების” აბონენტებსა და სს ”გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” აბონენტებს შორის დაკავშირების უზრუნველყოფასაც. შპს ”ახალი ქსელებსა” და სს ”გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შორის მოქმედი ურთიერთჩართვიდან გამომდინარე, ერთი ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მომხმარებელს შესაძლებლობა უნდა მიეცეს, დაუკავშირდეს იმავე ან სხვა ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მომხმარებელს ან ისარგებლოს სხვა ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მომსახურებით, რაც ხორციელდება ოპერატორების მიერ საკუთარი ქსელების შესაბამის ელემენტებთან შეუზღუდავი, სავალდებულო და არადისკრიმინაციული ურთიერთდაშვებით.
კომისია განმარტავს, რომ დაშვებისა და ურთიერთჩართვის მიზანი ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონიდან გამომდინარე, არის სწორედ ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი ქსელის ოპერატორი კომპანიების მომხმარებლებს (აბონენტებს) შორის შეუფერხებელი დაკავშირების უზრუნველყოფა.
იმის გათვალისწინებით, რომ მოდავე მხარეებს შორის არსებული ურთიერთჩართვის ქ. ზესტაფონში არსებული შეფერხებით ზარალდებიან ორივე მხარის აბონენტები, კომისიას მიაჩნია, რომ შპს ”ახალი ქსელებისა” და სს ”გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” აბონენტებს შორის დაკავშირების შესაძლებლობა უნდა აღდგეს დაუყოვნებლივ.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მესამე პუნქტის, 41-ე და 42-ე მუხლების საფუძველზე, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. დაკმაყოფილდეს შპს ”ახალი ქსელების” მოთხოვნა, დაევალოს სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” ქ. ზესტაფონში შპს ”ახალი ქსელებისა” და სს ”გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” აბონენტებს შორის დაკავშირების დაუყოვნებლივ აღდგენა;
2. დაევალოს კომისიის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტს (მ. გოთოშია) ამ გადაწყვეტილების აღსრულების შემოწმება და შესაბამისი შემოწმების აქტის წარმოდგენა ერთი კვირის ვადაში;
3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის უფროსს (კ. ყურაშვილი);
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, სარაჯიშვილის 1-ა) ერთი თვის ვადაში.
კომისიის წევრები: დ. პატარაია
გ. ფრუიძე
ზ. ნონიკაშვილი
