ერთი მხრივ, სს ,,ეგრისისა” და შპს ,,ქართული სატელეფონო კომპანია GTC”-ის და მეორე მხრივ, შპს ,,აჭარის ელექტროკავშირს” შორის დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 21, 2008
მიღების თარიღი იანვარი 04, 2008
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისია (შემდგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ 2007 წლის 13 ნოემბერს შპს ,,აჭარის ელექტროკავშირთან” დავის განხილვის მოთხოვნით კომისიას №154 და №02/133-07 განცხადებებით მიმართა სს ,,ეგრისმა” და შპს ,,ქართული სატელეფონო კომპანია GTC”-იმ.
დავის საგანი: შპს ,,აჭარის ელექტოკავშირის” მიერ შპს ,,ქართული სატელეფონო კომპანია GTC”-ის კუთვნილი ნუმერაციის რესურსის გააქტიურება და ზარების სს ,,ეგრისის” მიმართულებით ტრანზიტზე გატარება.
სს ,,ეგრისმა” 2007 წლის 3 ოქტომბერს წერილობით (№134) მიმართა შპს ,,აჭარის ელექტროკავშირს” მათ შორის დადებული ურთიერჩართვის ხელშეკრულების შესაბამისად, გაეაქტიურებინა სადგურში და საბილინგო სისტემაში შპს ,,ქართული სატელეფონო კომპანია GTC”-ის სასადგურო ინდექსი ქ.ბათუმში (16XXX-19XXX), ქ.თბილისში (450XXX-454XXX; 152XXX -156 XXX) და გამოეშვა ზარები ტრანზიტზე სს ,,ეგრისის” მიმართულებით, რაზედაც 2007 წლის 10 ოქტომბერს შპს ,,აჭარის ელექტროკავშირისაგან” წერილობითი (№398/7) უარი მიიღო საკვანძო და სატელეკომუნიკაციო მოწყობილობების სხვა მისამართზე გადატანის მიზეზით.
2007 წლის 22 ოქტომბერს შპს ,,ქართული სატელეფონო კომპანია GTC”-იმ წერილობით (№02/129-07) მიმართა შპს ,,აჭარის ელექტროკავშირს” ურთიერთჩართვის განხორციელებისა და ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე. წერილში, მან ასევე მიუთითა, რომ მისთვის ტექნიკურად მისაღები იყო ურთიერთჩართვის განხორციელება ქ.ბათუმში როგორც ძველ (აბაშიძის ქ. №33), ისე ახალ მისამართზე (26 მაისის ქ. №47) და სთხოვა შპს ,,აჭარის ელექტროკავშირს” შეეთავაზებანა მისთვის ურთიერთჩართვის ტექნიკური პირობები. 2007 წლის 6 ნოემბერს შპს ,,აჭარის ელექტროკავშირისგან” წერილობითი (№430/7) უარი მიიღო იმ მიზეზით, რომ შპს ,,აჭარის ელექტროკავშირი” სს ,,საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიასთან” ერთად აწარმოებს სატელეკომუნიკაციო მოწყობილობების გადატანას და ვერ წარმოადგენდა ურთიერთჩართვის განხორციელებისათვის საჭირო ტექნიკურ პირობას.
შპს ,,ქართული სატელეფონო კომპანია GTC” აღნიშნავს, რომ მათი კომპანიისათვის მნიშვნელოვანია, თუ რამდენად დროულად მოხდება ურთიერთჩართვა, რადგანაც ფერხდება მომხმარებლების აყვანა, ვინაიდან შპს ,,აჭარის ელექტროკავშირი” ვერ ასახელებს კონკრეტულად როდის მოხდება მხარეთა შორის ურთიერთჩართვის განხორციელება.
სს ,,ეგრისისა” და შპს ,,ქართული სატელეფონო კომპანია GTC-ის” განცხადებით შპს ,,აჭარის ელექტროკავშირი” ამგვარი მოქმედებით არღვევს სს ,,ეგრისსა” და შპს ,,აჭარის ელექტროკავშირს” შორის დადებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულების 2.6. პუნქტსა და ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მეორე პუნქტის ,,დ” ქვეპუქტს, რომლის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია მოთხოვნის შემთხვევაში უზრუნველყოს საკუთარი ქსელის თავისუფალ ელემენტებთან და სიმძლავრეებთან მსურველი ავტორიზებული პირის შეუზღუდავი დაშვება.
მოთხოვნა:
შპს ,,აჭარის ელექტროკავშირის” მიერ მოხდეს შპს ,,ქართული სატელეფონო კომპანია GTC-ის” ნუმერაციის რესურსის გააქტიურება და ზარების სს ,,ეგრისის” მიმართულებით ტრანზიტზე გაშვება.
2007 წლის 19 ნოემბერს, კომისიამ სს ,,ეგრისისა” და შპს ,,ქართული სატელეფონო კომპანია GTC-ის” ზემოაღნიშნული განცხადებები ახსნა-განმარტებების წარმოდგენისა და შესაბამისი ზომების მისაღებად გადაუგზავნა შპს ,,აჭარის ელექტროკავშირს”, ხოლო განცხადებების ასლები სს ,,საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას”.
შპს ,,აჭარის ელექტროკავშირის” 2007 წლის 28 ნოემბრის №467/7 წერილის თანახმად, 2008 წლის იანვარში დაგეგმილია აჭარის სატელეკომუნიკაციო ქსელის სრული მოდერნიზაცია და ამჟამად მიმდინარეობს წინასწარ მოსამზადებელი სამუშაოები, რის გამოც ფერხდება მომხმარებელთა სრულფასოვანი მომსახურება. მათივე განცხადებით, მომხმარებლებისათვის პრობლემების თავიდან აცილების მიზნით, თავს იკავებენ ძველი ოპერატორებისათვის დამატებითი მომსახურების გაწევისაგან და ახალი ოპერატორებისათვის ურთიერთჩართვის უზრუნველყოფაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტის (მ.გოთოშია) 2007 წლის 21 დეკემბრის მოხსენებითი ბარათიდან და 2007 წლის 19 დეკემბერს შედგენილი №29 შემოწმების აქტიდან დასტურდება, რომ სს ,,ეგრისიდან” შპს ,,აჭარის ელექტროკავშირის” მიმართულებით არის მხოლოდ შემომავალი არხები, რომლის შეცვლა პროგრამულად მარტივად შესაძლებელია.
,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. დაინიშნოს ერთი მხრივ, სს ,,ეგრისისა” და შპს ,,ქართული სატელეფონო კომპანია GTC-ის” და მეორე მხრივ, შპს ,,აჭარის ელექტროკავშირს” შორის დავის განხილვა 2008 წლის 11 იანვარს 16 საათზე.
2. დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ ეცნობოთ დაინტერესებულ მხარეებს.
3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის უფროსს (კ.ყურაშვილი).
4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
კომისიის თავმჯდომარე გ. არველაძე
წევრები: ზ.ნონიკაშვილი
გ.ფრუიძე
კ.კვიტაიშვილი
