შპს ”ახალ ქსელებსა” და სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შორის დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მარტი 13, 2008
მიღების თარიღი მარტი 10, 2008
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ შპს ”ახალმა ქსელებმა” 2008 წლის 13 თებერვალს განცხადებით მიმართა კომისიას სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიასთან” დავის განხილვის მოთხოვნით.
დავის საგანს წარმოადგენს: სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” უარი შპს ”ახალმა ქსელების” მოთხოვნაზე კაბელების სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” სატელეფონო საკანალიზაციო არხებიდან ამოღების თაობაზე.
კომისიაში წარმოდგენილ განცხადებაში შპს ”ახალი ქსელები” აღნიშნავს, რომ მისი კუთვნილი კაბელები იმყოფება სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” სატელეფონო საკანალიზაციო არხებში და ამ კაბელების დემონატაჟსა და საკანალიზაციო არხებიდან ამოღებაზე შპს ”ახალმა ქსელებმა” მიიღო უარი. შესაბამისად, შპს ”ახალი ქსელები” ითხოვს, რომ კომისიამ დაავალოს სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შპს ”ახალი ქსელების” კუთვნილი კაბელების ამოღება სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიის” სატელეფონო კანალიზაციიდან.
აღნიშნულ საკითხზე, 2008 წლის 22 თებერვალს კომისიაში ჩატარდა მოსამზადებელი სხდომა. სხდომაზე გაირკვა, რომ ზემოაღნიშნული საკაბელო მეურნეობის საკუთრება სადაოა, ვინაიდან, როგორც სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” წარმომადგენელმა ი. ფაჩუაშვილმა განმარტა, შპს ”ახალ ქსელებს” არ წარმოუდგენია საკუთრების უფლების დამადასტურებელი სანდო დოკუმენტაცია.
კომისიამ მიიჩნია, რომ, იმ შემთხვევაში, თუ დავა ქონებრივი ხასიათისაა, იგი სცილდება კომისიის მარეგულირებელი ფუნქციის ფარგლებს, ამიტომ, იმისათვის, რომ აღნიშნული დავა კომისიის მიერ განხილულიყო, კომისიამ საჭიროდ მიიჩნია სანდო მტკიცებულებების წარმოდგენა, რომლებიც დაადასტურებდა, თუ ვის ეკუთვნის განცხადებაში მოცემული სადაო კაბელები, რისთვისაც მხარეებს მიეცათ 1 კვირიანი ვადა. აღნიშნულ ვადაში შპს ”ახალ ქსელების” მიერ წარმოდგენილ იქნა დოკუმენტაცია (კერძოდ, მოდავე მხარეებს შორის გაფორმებული შეთანხმება, რომლითაც განისაზღვრა იმ პირების სია, რომლებიც შემდგომში ხელს აწერენ ინვენტარიზაციის აქტებს, ინვენტარიზაციის უფლებამოსილი პირების მიერ ხელმოწერილი აქტები, ასევე, მხარეებს შორის კანალიზაციაში კაბელების გატარების მომსახურების ანგარიშფაქტურები), რომლებიც ადასტურებენ სადაო კაბელების შპს ”ახალი ქსელების” საკუთრებაში არსებობის ფაქტს. ამასთან, სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მხრიდან დოკუმენტაციით ვერ მოხდა შპს ”ახალი ქსელების” მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებების გაბათილება.
კომისიაში, მიმდინარე წლის 10 მარტს ჩატარდა მოსამზადებელი სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ შპს ”ახალი ქსელების” წარმომადგენელი ნ. ჟღენტი, ხოლო სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მხრიდან ი. ფაჩუაშვილი. აღნიშნულ სხდომაზე, შპს ”ახალ ქსელების” მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისა და გამოკვლევის შედეგად კომისიამ დაადგინა, რომ დავა ქონებრივი ხასიათის არ არის და, შესაბამისად, ექვემდებარება კომისიის მიერ განხილვას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. დაინიშნოს შპს ”ახალ ქსელებსა” და სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შორის დავის განხილვა 2008 წლის 14 მარტს, 16:00 საათზე;
2. დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ ეცნობოთ დაინტერესებულ მხარეებს (გ. ხოჯევანიშვილი).
3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის უფროსს (კ. ყურაშვილი).
4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება..
კომისიის თავმჯდომარე გ. არველაძე
წევრები: კ. კვიტაიშვილი
ზ. ნონიკაშვილი
გ. ფრუიძე
