ერთი მხრივ, შპს ” კავკასუს ონლაინსა” და მეორე მხრივ, შპს ახტელსა” და შპს ”ახალ ქსელებს” შორის დავის განხილვის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მარტი 18, 2008
მიღების თარიღი მარტი 10, 2008
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას 2008 წლის 22 იანვარს დაზუსტებული განცხადებით მიმართა შპს ”კავკასუს ონლაინმა” შპს “ახტელთან” და შპს ”ახალ ქსელებთან” დავის განხილვის მოთხოვნით.
დავის საგანი: სახაზო-საკაბელო წყვილების ფართოზოლოვან რესურსთან დაშვების უზრუნველმყოფი ტექნიკური საშუალებების, მათ შორის მეხამრიდის, კროსის ჩარჩოს და სხვა არსებითი ფუნქციონალური რესურსის უზრუნველმყოფი ტექნიკური საშუალებების ხარჯების გათვალისწინება ფართოზოლოვან ფუნქციონალურ რესურსთან დაშვების ტარიფში.
შპს ”კავკასუს ონლაინმა” ზემოაღნიშნული მოთხოვნა ასევე დააყენა კომისიის 2008 წლის 25 იანვრის სხდომაზე, სადაც განიხილებოდა დავა შპს ”კავკასუს ონლაინის” მიერ შპს “ახტელისა” და შპს ”ახალი ქსელებისაგან” ნაქირავები სახაზო-საკაბელო წყვილების რაოდენობაზე. კომისიამ 2008 წლის 25 იანვრის სხდომაზე გადაწყვიტა აღნიშნული საკითხის ცალკე წარმოებად გამოყოფა, შპს ”კავკასუს ონლაინის” მიერ ახალი მოთხოვნის წამოყენების გამო.
განმცხადებელ კომპანიას მიჩნია, რომ დაშვების ტარიფი მოიცავს სახაზო-საკაბელო წყვილების ფართოზოლოვან რესურსთან დაშვების უზრუნველმყოფი ტექნიკური საშუალებების, მათ შორის მეხამრიდის, კროსის ჩარჩოს და სხვა არსებითი ფუნქციონალური რესურსის უზრუნველმყოფი ტექნიკური საშუალებების ხარჯებსაც და ის გათვალისწინებული უნდა იქნას ფართოზოლოვან ფუნქციონალურ რესურსთან დაშვების ტარიფში, რასაც არ ეთანხმებიან შპს ”ახტელი”და შპს ”ახალი ქსელები”. ისინი, განმცხადებლის განმარტებით, აღნიშნულისათვის შპს ”კავკასუს ონლაინისაგან” ითხოვენ დაშვების ტარიფის გარდა დამატებით გადასახადს.
მოთხოვნები:
დაევალოს მოპასუხე კომპანიებს სახაზო-საკაბელო წყვილების ფართოზოლოვან რესურსთან დაშვების უზრუნველმყოფი ტექნიკური საშუალებების, მათ შორის მეხამრიდის, კროსის ჩარჩოს და სხვა არსებითი ფუნქციონალური რესურსის უზრუნველმყოფი ტექნიკური საშუალებების ხარჯების გათვალისწინება ფართოზოლოვან ფუნქციონალურ რესურსთან დაშვების ტარიფში.
აღნიშნულ საკითხზე, 2008 წლის 22 თებერვალს კომისიაში ჩატარდა მოსამზადებელი სხდომა.
შპს ”კავკასუს ონლაინის” წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ შპს “ახტელისა” და შპს ”ახალ ქსელების” მიერ არასწორად ხდება მათთვის დაშვების ტექნიკური საშუალებების ხარჯების, კერძოდ მეხამრიდისა და კროსის ჩართვისათვის თანხის დარიცხვა და ისინი გათვალისწინებულ უნდა იქნას ფართოზოლოვან ფუნქციონალურ რესურსთან დაშვების ტარიფში.
შპს “ახტელისა” და შპს ”ახალი ქსელების” წარმომადგენელი არ ეთანხმება განმცხადებლის პოზიციას და აღნიშნავს, რომ სადავო კროსის ჩარჩო და მეხამრიდი არ წარმოადგენს მათი ქსელის შემადგენელ ნაწილს, ვინაიდან საუბარია შპს ”კავკასუს ონლაინის” კუთვნილ ჩარჩოსა და მეხამრიდზე, რომლიდანაც კროსირების მავთული იჭიმება შპს ”ახტელისა” და შპს ”ახალ ქსელების” ჩარჩოსთან, შპს ”კავკასუს ონლაინის” ჩარჩოდან. შესაბამისად, მათ მიაჩნიათ, რომ შპს ”ახტელი” და შპს ”ახალი ქსელები” ამ შემთხვევაში არ არიან ვალდებულნი დაშვებისათვის არსებითი ფუნქციონალური რესურსის ტექნიკური საშუალებების უფასო უზრუნველყოფაზე.
კომისიის გადაწყვეტილებით, კომისიის აპარატის მონიტორინგისა (მ. გოთოშია) და სტრატეგიული განვითარებისა და კონკურენციის (გ. ბუთბაია) დეპარტამენტებს სადავო საკითხებთან დაკავშირებით დაევალათ შესაბამისი დასკვნის წარმოდგენა.
აღნიშნულ საკითხზე, 2008 წლის 7 მარტს კომისიაში ჩატარდა დავის არსებითი განხილვა. სხდომას ესწრებოდნენ: შპს ”კავკასუს ონლაინის” წარმომადგენელი გ.ჭელიძე, ხოლო შპს ”ახტელისა” და შპს ”ახალი ქსელების” მხრიდან ნ.ჟღენტი.
კომისიის შეკითხვაზე, სადავო ჩარჩო და მეხამრიდი მიეკუთვნებოდა თუ არა შპს ”კავკასუს ონლაინის” საკუთრებას, გ.ჭელიძემ დაადასტურა აღნიშნული და განაცხადა, რომ საუბარია არა შპს ”ახტელისა” და შპს ”ახალი ქსელების” ქსელის ელემენტებზე, არამედ შპს ”კავკასუს ონლაინის” კუთვნილ კროსის ჩარჩოსა და მეხამრიდზე.
კომისიის აპარატის სტრატეგიული განვთარებისა და კონკურენციის დეპარტამენტის დასკვნის თანახმად, კომისიის მიერ სახაზო-საკაბელო წყვილის ფართოზოლოვან რესურსთან დაშვების ზედა ზღვრული ტარიფის დადგენისას, რესურსის მფლობელი ავტორიზირებული პირების - შპს ”ახალი ქსელების” და შპს ”ახტელის” მიერ წარმოდგენილ გაანგარიშებაში, გათვალსიწინებულ იქნა მათი კუთვნილი კროსის კარადის ჩარჩოებზე და შესაბამის მეხამრიდებზე გაწეული დანახარჯები. ხარჯების აღნიშნული სქემით განაწილება სტრატეგიული განვთარებისა და კონკურენციის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა ”ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესების შესახებ” კომისიის 2006 წლის 20 აპრილის N5 დადგენილების შესაბამისად, რადგან მეხამრიდი და კროსის ჩარჩო (რომელზედაც ხდება შპს ”კავკასუს ონლაინის” კუთვნილი კროსირების ჩარჩოდან მავრთულის მიერთება (გადაკროსვა), წარმოადგენს ადგილობრივი დაშვების ქსელის ელემენტის ფუნქციონალურ აღჭურვილობას, უშუალოდ დაკავშირებულია სააბონენტო წყვილების სახაზო-საკაბელო რესურსებით უზრუნველყოფასთან და, შესაბამისად, სახაზო-საკაბელო წყვილის ფართოზოლოვანი რესურსით სარგებლობის ზღვრული ტარიფი მოიცავს ამ აღჭურვილობაზე გაწეულ ხარჯებსაც.
რაც შეეხება, იმ ჩარჩოს, რომელიც წარმოადგენს შპს ”კავკასუს ონლაინის” საკუთრებას და გამოიყენება შპს ”ახალი ქსელების” და შპს ”ახტელის” კროსის ჩარჩოებთან გადაკროსვისათვის, აღნიშნული ჩარჩოს განთავსების მომსახურების (თანალოკაციის ფართით სარგებლობის) და ა.შ ხარჯები არ არის ასახული სახაზო-საკაბელო წყვილის ფართოზოლოვან რესურსთან დაშვების ზღვრულ ტარიფში.
კომისიის აპარატის მონიტორინგის (მ. გოთოშია) დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი დასკვნის თანახმად, შპს ”კავკასუს ონლაინისა” და შპს ”ახალი ქსელების” და შპს ”ახტელის” მიერ წარმოდგენილ შედარების აქტებში მითითებულია მეხამრიდის ქირის გადასახადი. მეხამრიდის ფასი გათვალისწინებულია სახაზო-საკაბელო წყვილთან დაშვების ტარიფში. ამ ტარიფში არ შედის შპს ”კავკასუს ონლაინის კუთვნილი ჩარჩო, რომლის კროსში განთავსებისთვისაც შპს ”ახალი ქსელები” და შპს ”ახტელი” მოითხოვს შპს ”კავკასუს ონლაინისაგან” დამატებით გადასახადს. ამ საკითხთან დაკავშირებით, კომისიის მიერ 2007 წლის 19 ოქტომბერს მიღებული № 604/16 გადაწყვეტილების თანახმად, არ დაკმაყოფილდა შპს ”კავკასუს ონლაინის” მოთხოვნა ჩარჩოს განთავსებისა და სხვა ტექნიკური სამუშაოების სახაზო-საკაბელო წყვილთან დაშვების ტარიფში გათვალისწინების შესახებ. კომისიას მიაჩნია, რომ ADSL და DSL ტექნოლოგიით ინტერნეტის მიწოდების სახაზო-საკაბელო მომსახურების ტარიფები არ მოიცავს სხვა ოპერატორის საკუთრებაში არსებული აპარატურის ინსტალირების, ჩარჩოს თანალოკაციის ფართზე განთავსებისა თუ სხვა ტექნიკური სამუშაოების ხარჯებს და მათი ოდენობის განსაზღვრა წარმოადგენს მხარეთა შეთანხმების ცალკე საგანს.
კომისია აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ”ფ” ქვეპუნქტის თანახმად, დაშვების ტარიფი არის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ქსელის ელემენტებთან, მათ ფუნქციონალურ რესურსებთან და სიმძლავრეებთან დაშვების საფასური. ამავე კანონის 35-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მიერ დაწესებული ტარიფი უნდა ითვალისწინებდეს მომსახურებისათვის გამოყენებული ქსელის შესაბამის ელემენტებზე, მათ ფუნქციონალური რესურსების და სიმძლავრეების უზრუნველყოფაზე გაწეული დანახარჯების ანაზღაურებას. ამდენად, დაშვების ტარიფი მოიცავს სახაზო-საკაბელო წყვილების ფართოზოლოვან რესურსთან დაშვების უზრუნველმყოფი ტექნიკური საშუალებების, მათ შორის მეხამრიდის, კროსის ჩარჩოს და სხვა არსებითი ფუნქციონალური რესურსის უზრუნველმყოფი ტექნიკური საშუალებების ხარჯებსაც.
ამასთან, კომისიას მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული არ ეხება სხვა ოპერატორის საკუთრებაში არსებული აპარატურის ინსტალირების, ჩარჩოს თანალოკაციის ფართზე განთავსებისა თუ სხვა ტექნიკური სამუშაოების ხარჯებს, რაც მხარეთა ცალკე მოლაპარაკების საგანია.
კომისიამ მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე დაადგინა, რომ დავა შეეხება იმ ჩარჩოს, რომელიც წარმოადგენს შპს ”კავკასუს ონლაინის” საკუთრებას და გამოიყენება შპს ”ახალი ქსელების” და შპს ”ახტელის” კროსის ჩარჩოებთან გადაკროსვისათვის, აღნიშნული ჩარჩოს განთავსების მომსახურების (თანალოკაციის ფართით სარგებლობის), ინსტალაციის და სხვა ტიპის მომსახურებათა ხარჯები არ არის ასახული სახაზო-საკაბელო წყვილის ფართოზოლოვან რესურსთან დაშვების ზღვრულ ტარიფში.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19, 35-ე, 41-ე და 42-ე მუხლების საფუძველზე, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. არ დაკმაყოფილდეს შპს ”კავკასუს ონლაინის” მოთხოვნა;
2. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის უფროსს (კ. ყურაშვილი).
3. გადაწყვეტილების შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, სარაჯიშვილის 1-ა) ერთი თვის ვადაში.
კომისიის თავმჯდომარე გ. არველაძე
წევრები: კ.კვიტაიშვილი
ზ. ნონიკაშვილი
გ.ფრუიძე
