საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მარტი 13, 2008
მიღების თარიღი მარტი 10, 2008
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია") აღნიშნავს, რომ შპს სტუდია „მაესტრომ“, რომელიც რეგისტრირებულია 11/12/2002 მცხეთის საოლქო სასამართლოს მიერ (იურიდიული მისამართი - სოფელი დიღომი, დიდგორის ქ. 68; ფაქტობრივი მისამართი - ქ. თბილისი, ფოთის ქუჩა 15/6), კომისიას მიმართა განცხადებით, საკაბელო ქსელის გამოყენებით კერძო საერთო მაუწყებლობის ლიცენზიის მინიჭების თაობაზე, გეოგრაფიული გავრცელების ზონით ქ. თბილისი, მაუწყებლობის ხანგრძლივობით 24 საათი.
კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38–ე მუხლის მე–5 პუნქტის თანახმად, საკაბელო ქსელის გამოყენებით მაუწყებლობის ლიცენზიის გაცემა ხორციელდება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით, თუმცა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 115–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, ლიცენზირებასთან და სატელეკომუნიკაციო სიხშირის განაწილებასთან დაკავშირებით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას გამოიყენება საჯარო ადმინისტრაციული წარმოება. იგივე წესია დადგენილი „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, რომლის შესაბამისად დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანო ვალდებულია ლიცენზიების გაცემის, მათი მოდიფიცირების ან გაუქმების, მათი მოქმედების შეჩერების თაობაზე მოაწყოს საჯარო განხილვები აღნიშნულ საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღებამდე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავით დადგენილი წესით, ხოლო ასეთი პროცედურის გარეშე მიღებული გადაწყვეტილებები ბათილია. ანალოგიური შინაარსის ნორმაა დადგენილი „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტში, რომლის თანახმად, ლიცენზიის გამცემი, ლიცენზიის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავით განსაზღვრული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით.
კომისიამ, იხელმძღვანელა რა, „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 25–ე მუხლის მე–2 პუნქტით, რომლის თანახმადაც „იერარქიის ერთი და იგივე საფეხურის ნორმატიულ აქტებს შორის წინააღმდეგობის წარმოქმნისას მოქმედებს უფრო გვიან მიღებული (გამოცემული) აქტით დადგენილი ნორმა’’, დაადგინა, რომ ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართელოს კანონის 38–ე მუხლი ნორმა ძალაშია 2004 წლის 23 დეკემბრიდან, ხოლო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 115–ე მუხლით დადგენილი ნორმა, ისევე როგორც ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-10 მუხლი, მიღებულია უფრო გვიან, ვიდრე ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის ზემოაღნიშნული ნორმა. შესაბამისად, კომისიამ უნდა იხელმძღვანელოს საქართველოს ,,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით” და ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-10 მუხლით დადგენილი საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 115-ე მუხლის, ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-10 მუხლის, „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლის და ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად,
გადაწყვიტა:
1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს სტუდია „მაესტრო“–სათვის საკაბელო ქსელის გამოყენებით კერძო საერთო სამაუწყებლო ლიცენზიის მინიჭების თაობაზე;
2. ზეპირი მოსმენის სხდომა გაიმართოს 2008 წლის 4 აპრილს, 16:00 სთ-ზე, ხოლო გადაწყვეტილება მიღებულ იქნას, ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯანელიძე) საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე;
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების გაგზავნა შპს სტუდია „მაესტრო“–სათვის;
5. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (გ. რატიშვილს).
კომისიის თავმჯდომარე გ. არველაძე
კომისიის წევრები:
ზ. ნონიკაშვილი
კ. კვიტაიშვილი
გ. ფრუიძე
