წვდომის მენიუ

შპს ”ახალ ქსელებსა” და სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შორის დავის განხილვის შესახებ

ნომერი: 122 / 16

გამოქვეყნების თარიღი მარტი 21, 2008

მიღების თარიღი მარტი 14, 2008

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ შპს ”ახალმა ქსელებმა” 2008 წლის 13 თებერვალს განცხადებით მიმართა  კომისიას სს”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიასთან” დავის  განხილვის მოთხოვნით.

დავის საგანს წარმოადგენს: სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” უარი შპს ”ახალმა ქსელების” მოთხოვნაზე  კაბელების სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” სატელეფონო საკანალიზაციო არხებიდან ამოღების თაობაზე.

კომისიაში წარმოდგენილ განცხადებაში შპს ”ახალი ქსელები” აღნიშნავს, რომ მისი კუთვნილი კაბელები განთავსებულია სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” სატელეფონო საკანალიზაციო არხებში და ამ კაბელების დემონატაჟსა და საკანალიზაციო არხებიდან ამოღებაზე შპს ”ახალმა ქსელებმა” მიიღო უარი. შესაბამისად, შპს ”ახალი ქსელები” ითხოვს, რომ კომისიამ დაავალოს სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შპს ”ახალი ქსელების” კუთვნილ კაბელებთან დაშვება, სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიის” სატელეფონო კანალიზაციიდან მათი ამოღების მიზნით.

აღნიშნულ საკითხზე, 2008 წლის 22 თებერვალს კომისიაში ჩატარდა მოსამზადებელი სხდომა.   სხდომაზე, სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” წარმომადგენელმა ი. ფაჩუაშვილმა ზემოაღნიშნული კაბელების საკუთრება სადაოდ მიიჩნია, ვინაიდან, შპს ”ახალ ქსელებს” არ წარმოუდგენია საკუთრების უფლების დამადასტურებელი სანდო დოკუმენტაცია.

კომისიამ მიიჩნია, რომ, იმ შემთხვევაში, თუ დავა ქონებრივი ხასიათისაა, იგი სცილდება კომისიის მარეგულირებელი ფუნქციის ფარგლებს, ამიტომ  იმისათვის, რომ აღნიშნული დავა კომისიის მიერ განხილულიყო, კომისიამ საჭიროდ მიიჩნია სანდო მტკიცებულებების წარმოდგენა, რომლებიც დაადასტურებდა, თუ ვის ეკუთვნის განცხადებაში მოცემული სადაო კაბელები, რისთვისაც მხარეებს მიეცათ 1 კვირიანი ვადა. აღნიშნულ ვადაში შპს ”ახალ ქსელების” მიერ წარმოდგენილ იქნა დოკუმენტაცია (კერძოდ, მოდავე მხარეებს შორის გაფორმებული შეთანხმება, რომლითაც განისაზღვრა იმ პირების სია, რომლებიც შემდგომში ხელს აწერენ ინვენტარიზაცის აქტებს, ინვენტარიზაციის უფლებამოსილი პირების მიერ ხელმოწერილი აქტები, ასევე, მხარეებს შორის კანალიზაციაში კაბელების გატარების მომსახურების ანგარიშფაქტურები), რომლებიც ადასტურებენ სადაო კაბელების შპს ”ახალი ქსელების” საკუთრებაში არსებობის ფაქტს. ამასთან, სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მხრიდან დოკუმენტაციით ვერ მოხდა შპს ”ახალი ქსელების” მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებების გაბათილება.

კომისიაში, მიმდინარე წლის 10 მარტს გაიმართა მოსამზადებელი სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ შპს ”ახალი ქსელების” წარმომადგენელი ნ. ჟღენტი, ხოლო  სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მხრიდან ი. ფაჩუაშვილი. აღნიშნულ სხდომაზე, შპს ”ახალ ქსელების” მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისა და გამოკვლევის შედეგად კომისიამ დაადგინა, რომ დავა ქონებრივი ხასიათის არ არის და ექვემდებარება კომისიის მიერ განხილვას. შესაბამისად, კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება დავის არსებითი განხილვის დღის დანიშვნის შესახებ.

2008 წლის 14 მარტს აღნიშნულ საკითხზე, კომისიაში გაიმართა დავის არსებითი განხილვა. შპს ”ახალი ქსელების” წარმომადგენელმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მისივე განცხადებაში დაფიქსირებული პოზიცია, ხოლო მოპასუხე, სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” წარმომადგენლის მიერ ვერანაირი მტკიცებულებით ვერ იქნა  გაბათილებული განმცხადებელის მოთხოვნა.

კომისიას მიაჩნია, რომ “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 19-ე მუხლის მე-2 პუნქტის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია” ვალდებულია,  შპს ”ახალი ქსელების” მოთხოვნის შემთხვევაში, უზრუნველყოს მისი შეუზღუდავი დაშვება საკუთარ საკაბელო მეურნეობასთან, მათი დემონტაჟისა და ამოღების მიზნით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 19-ე მუხლის მე-2 პუნქტის ”დ” ქვეპუნქტისა და 42-ე მუხლის საფუძველზე,  კომისიამ:

გადაწყვიტა:

1. დაკმაყოფილდეს შპს ”ახალ ქსელების” მოთხოვნა და დაევალოს სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიას”, შპს  ”ახალი ქსელების” შეუზღუდავი დაშვება (კაბელების დემონატაჟის მიზნით) სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” სატელეფონო საკანალიზაციო არხებში არსებულ იმ კაბელებთან, რომლებზეც შპს  ”ახალი ქსელების”  საკუთრება დგინდება უფლებამოსილი პირების მიერ ხელმოწერილი ინვენტარიზაციის აქტებით;

 2. დაევალოთ მხარეებს პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირობების შესრულება 10 დღის ვადაში;

3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის    აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტს (მ.გოთოშია);

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, სარაჯიშვილის 1ა) ერთი თვის ვადაში.

კომისიის თავმჯდომარე                                                                                გ. არველაძე                             

 წევრები:                                                                                                     კ. კვიტაიშვილი

                                                                                                                  ზ. ნონიკაშვილი

                                                                                                                   გ. ფრუიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები