შპს ტელეკომპანია ,,რუსთავი 2”-ის №B9 ლიცენზიის მოდიფიცირების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მარტი 21, 2008
მიღების თარიღი მარტი 14, 2008
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ წერილებით (№7/06 10.01.08, №7/07-08 10.01.08, №7/53-08 13.02.08, №7/80-08 05.03.08) კომისიას მომართა შპს ,,რუსთავი 2”-მა, რომელმაც მოითხოვა მისი კუთვნილი №B9 ლიცენზიის (კერძო საერთო საეთერო ტელერადიომაუწყებლობა) მოდიფიცირება იმგვარად, რომ შპს ,,რუსთავი 2”-ს არსებული სამაუწყებლო სიხშირეები შეეცვალოს სხვა დეციმეტრული არხებით შემდეგ ქალაქებში: ახალქალაქში, ახალციხეში, გორში, წალკაში, ოზურგეთში და ჩოხატაურში. კომპანიის მტკიცებით, აღნიშნული განპირობებულია კომპანიის ტექნიკური მოწყობილობების გადაიარაღების გამო, კერძოდ, გერმანულ ფირმა ”RHODE & SCHWARZ”-სგან ახალი სატელევიზიო გადამცემების შესყიდვით, რომლებიც მხოლოდ ზედა მეტრულ და დეციმეტრულ დიაპაზონებში ფუნქციონირებენ.
კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტის დასკვნის შესაბამისად, მიღებული შედეგების და არსებულ მონაცემთა ბაზის გათვალისწინებით, შესაძლებელია სამაუწყებლო კომპანია ,,რუსთავი-2”-ის №B9 ლიცენზიით მინიჭებული რადიოსიხშირეების ნაცვლად თავისუფალი სიხშირული რესურსიდან გამოეყოს შემდეგი სატელევიზიო არხები:
ქ.ახალქალაქი-35-ე არხი;
ქ.ახალციხე-31-ე არხი;
ქ.გორი-57-ე არხი;
ქ.წალკა-21-ე არხი;
ქ.ოზურგეთი-38-ე არხი;
ქ.ჩოხატაური-32-ე არხი.
კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის აზრით, ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, უნდა დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება კომისიის 2005 წლის 18 ნოემბრის №716/1 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის და შპს ,,რუსთავი 2”-ის კუთვნილი №B9 ლიცენზიის მოდიფიცირების მიზნით.
,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-4 პუნქტის, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს ,,რუსთავი 2”-ის №B9 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2005 წლის 18 ნოემბრის №716/1 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით;
2. ზეპირი მოსმენის სხდომა გაიმართოს 2008 წლის 11 აპრილს 12.00 სთ-ზე, ხოლო გადაწყვეტილება მიღებულ იქნას 2008 წლის 18 აპრილს 16.00 საათზე;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯანელიძე) საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე;
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების გაგზავნა შპს ,,რუსთავი 2”-ისთვის;
5. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად.
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის უფროსს (გ. რატიშვილი).
კომისიის თავმჯდომარე გ. არველაძე
კომისიის წევრები: ზ. ნონიკაშვილი
გ. ფრუიძე
კ. კვიტაიშვილი
