შპს ”სტუდია მაესტრო”-ს გაფრთხილების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი მარტი 26, 2008
მიღების თარიღი მარტი 20, 2008
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 70-ე მუხლის შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს კომისია. ამავე კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ე) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციასა და ვალდებულებას წარმოადგენს „ლიცენზიის მფლობელის მიერ ამ კანონის მოთხოვნებისა და სალიცენზიო პირობების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; ამ კანონის მოთხოვნებისა და სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელებისათვის შესაბამისი სანქციების დაკისრება“.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის (გ. რატიშვილი) მიერ 2008 წლის 10 მარტიდან 2008 წლის 12 მარტის ჩათვლით სამუშაო საათებში 10.00 – 19.00 ჩატარებულ იქნა კერძო სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელის - შპს ”სტუდია მაესტრო”-ს (ლიცენზიის №B87 - საკაბელო ტელემაუწყებლობა, სპეციალიზებული - შემეცნებით მუსიკალურ გასართობი ტელემაუწყებლობა) საქმიანობის შემოწმება კერძოდ, კი:
ა) შპს ”სტუდია მაესტროს” სამაუწყებლო ბადეში განთავსებული პროგრამების ციფრული ჩანაწერების 2008 წლის 20 იანვრიდან 12 მარტამდე პერიოდის არქივის შემოწმება - 10 მარტიდან 12 მარტის ჩათვლით, კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტში დასაქმებული უფლებამოსილი პირის მიერ პროგრამების აუდიო-ვიზუალური დათვალიერება-მოსმენის საშუალებით და გადაცემის დროის დაფიქსირებით;
ბ) შპს ”სტუდია მაესტროს” მიერ კომისიაში წარმოდგენილი ან/და გამოთხოვილი დოკუმენტაციის (სამაუწყებლო ბადეები, აგრეთვე მის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა ინფორმაცია, მათ შორის მაუწყებლობის პროცესში ტელეპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია) 10 მარტიდან 12 მარტის ჩათვლით კომისიაში, კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტში დასაქმებული უფლებამოსილი პირის მიერ შინაარსობრივი შესწავლა-შემოწმება;
აღნიშნული მონიტორინგის შედეგად შედგენილ იქნა შემოწმების აქტი №01/2008 რომელშიც აღნიშნულია, რომ:
”ა) შპს ”სტუდია მაესტროს” მიერ კომისიაში არ წარმოდგენილა და არ გამოქვეყნებულა პროგრამათა სამაუწყებლო ბადე ლიცენზიის გაცემის დღიდან (2007 წლის 23 თებერვლიდან) მოყოლებული დღემდე, რითაც დარღვეულია სალიცნეზიო პირობების ვ) პუნქტი;
ბ) კომისიაში არ აქვს წარმოდგენილი თავის საქმიანობასთან დაკავშირებული და მაუწყებლობის პროცესში ტელეპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რითაც დარღვეული აქვს კომისიის 2007 წლის 23 თებერვლის №104/1 გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის გ) ქვეპუნტი, ასევე სალიცენზიო პირობების გ) პუნქტი;
გ) შეცვლილი აქვს კომისიის 2007 წლის 23 თებერვლის №104/1 გადაწყვეტილების პირველი პუნქტით განსაზღვრული ლიცენზიის სახეობა, კერძოდ ნაცვლად სპეციალიზებული შემეცნებით მუსიკალურ გასართობი ტელემაუწყებლობისა, ახორციელებს საერთო მაუწყებლობას, კერძოდ საკუთარ სამაუწყებლო ბადეში განათავსებს საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის პროგრამებს, რაც ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჯ) პუნქტის თანახმად განისაზღვრება, როგორც საერთო მაუწყებლობის სახეობა. აღნიშნული დასტურდება შემდეგი ფაქტობრივი გარემოებებით:
გ.ა) 2008 წლის 21 იანვრიდან სამაუწყებლო ბადეში ფიქსირდება პროგრამა ”პროფესია ჟურნალისტი” ყოველდღე შაბათ-კვირის გარდა ( მაგალითად, 21.33 სთ - 21.01.2008, 21.29 სთ. – 22.01.2008, 21.31 სთ - 23.01.08, 21.32 სთ - 21.02.08, 21.30 სთ - 22.02.08, 21.33 სთ - 26.02.08, 21:33 სთ - 28.02.08, 21.33 სთ - 03.03.08, 21.31 სთ - 10.03.08, 21.34 სთ - 11.03.08), სადაც მიმდინარეობს აქტიური მსჯელობა ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემატიკაზე, სტუმრებად მოწვეულები არიან არა მხოლოდ ჟურნალისტები, არამედ პოლიტიკოსები და სახელმწიფოს პოლიტიკური თანამდებობის პირები, კერძოდ თინა ხიდაშელი, დავით გამყრელიძე, გოკა გაბაშვილი, ეკა ბესელია, გიგი წერეთელი, ივლიანე ხაინდრავა, კობა დავითაშვილი, დავით ბერძენიშვილი, ირაკლი მელაშვილი, ზვიად ძიძიგური, ვაჟა ლორთქიფანიძე, რომლებიც საუბრობენ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პრობლემებზე და არა გასართობი შინაარსის მუსიკალურ-შემეცნებით საკითხებზე;
გ.ბ) 2008 წლის 4 თებერვლიდან გადაიცემა პროგრამა ”უკომენტაროდ”, სადაც შემეცნებით მუსიკალურ გასართობი ღონისძიებებთან ერთად აქტიურად შუქდება ქვეყანაში მიმდინარე საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოვლენები. (მიმდინარეობს საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოვლენების უკომენტარო გაშუქება, მაგალითად: საერთო სახალხო აქციაში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია; პოლიტიკური მიტინგების გაშუქება და სხვა);
გ.გ) 2008 წლის 11 თებერვლიდან გადაცემა ”გამოკითხვა”, სადაც მაყურებელთან ინტერაქტივის სახით მიმდინარეობს აქტიური მსჯელობა ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემატიკაზე. არჩევნებზე და მის შედეგებზე კითხვები ჩამოყალიბებულია პოლიტიკურ თემატიკაზე (მაგალითად: ”თვლით თუ არა, რომ ოპოზიციას რადიკალური ზომებისათვის უნდა მიემართა 5 იანვრის მოვლენებისთანავე”).
ზემოაღნიშნული შემოწმების აქტების საფუძველზე, ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-13 პუნქტის შესაბამისად, 2008 წლის 14 მარტს კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება, შპს ”სტუდია მაესტრო”-ს სანქცირების თაობაზე, ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 71-ე მუხლის შესაბამისად. ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მეორე ნაწილის და ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, გაეგზავნა შპს ”სტუდია მაესტრო”-ს იმავე დღეს - 2008 წლის 14 მარტს.
კომისია აღნიშნავს, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, აგრეთვე ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილია ლიცენზიის მფლობელი წერილობით გააფრთხილოს.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის მიერ ჩატარებული შემოწმების შედეგებიდან ირკვევა, რომ შპს ”სტუდია მაესტრო”-ს, მიერ დაღვეულია კომისიის 2007 წლის 23 თებერვლის №104/1 გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის გ) ქვეპუნტი, №B87 ლიცენზიის სალიცენზიო პირობების ვ) და გ) პუნქტები, ამავე დროს, შეცვლილია კომისიის 2007 წლის 23 თებერვლის №104/1 გადაწყვეტილების პირველი პუნქტით განსაზღვრული ლიცენზიის სახეობა, კერძოდ ნაცვლად სპეციალიზებული შემეცნებით მუსიკალურ გასართობი ტელემაუწყებლობისა, ლიცენზიის მფლობელი ახორციელებს საერთო მაუწყებლობას, კერძოდ საკუთარ სამაუწყებლო ბადეში განათავსებს საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის პროგრამებს, რაც ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჯ) პუნქტის თანახმად განისაზღვრება, როგორც საერთო მაუწყებლობის სახეობა.
საკითხის განხილვა გაიმართა 2008 წლის 20 მარტის კომისიის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდნენ შპს ”სტუდია მაესტრო”-ს უფლებამოსილი წარმომადგენლები. სხდომაზე შპს ”სტუდია მაესტრო”-ს მიერ წარმოდგენილ იქნა სამაუწყებლო ბადეების გამოქვეყნების დამადასტურებელი მტკიცებულებები გაზეთების სახით. შესაბამისად, კომისია მიიჩნევს, რომ სალიცენზიო პირობების ვ) პუნქტის დარღვევის ნაწილში მიზანშეწონილია შეწყდეს შპს ”სტუდია მაესტრო”-ს სანქცირებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება.
რაც შეეხება შპს ”სტუდია მაესტრო”-ს მიერ კომისიის 2007 წლის 23 თებერვლის №104/1 გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის გ) ქვეპუნტის, №B87 ლიცენზიის სალიცენზიო პირობების გ) პუნქტის დარღვევას და კომისიის 2007 წლის 23 თებერვლის №104/1 გადაწყვეტილების პირველი პუნქტით განსაზღვრული ლიცენზიის სახეობის შეცვლას, მხარის მიერ კომისიაში არ იქნა წარმოდგენილი დარღვევების გამაბათილებელი მტკიცებულებები, ხოლო დარღვევები წარმომადგენლების მიერ ნაწილობრივ აღიარებულ იქნა.
გამომდინარე იქიდან, რომ ზემოაღნიშნული წარმოადგენს ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 71-ე მუხლით გათვალისწინებულ სანქცირების საფუძველს, კომისიას მიაჩნია, რომ შპს ”სტუდია მაესტრო”-ს მიმართ სანქციის სახით გამოყენებულ უნდა იქნას გაფრთხილება, ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად;
”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის, ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-13 და მე-15 პუნქტების შესაბამისად კომისიამ,
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შეწყდეს შპს ”სტუდია მაესტრო”-ს სანქცირებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება შპს ”მაესტრო”-ს მიერ №B87 ლიცენზიის სალიცენზიო პირობების ვ) პუნქტის დარღვევის ნაწილში;
2. მიეცეს გაფრთხილება შპს “სტუდია მაესტრო”-ს, კომისიის 2007 წლის 23 თებერვლის №104/1 გადაწყვეტილების პირველი პუნქტის, მე-2 პუნქტის გ) ქვეპუნტის და №B87 ლიცენზიის სალიცენზიო პირობების გ) პუნქტის დარღვევის გამო;
3. უზრუნველყოს შპს ”სტუდია მაესტრო”-მ წინამდებარე გადაწყვეტილებით გათვალისწინებული დარღვევების დაუყოვნებლივ აღმოფხვრა და შესაბამისი მტკიცებულებების კომისიაში წარმოდგენა.
4. ეცნობოს შპს ”სტუდია მაესტრო”-ს, რომ წინამდებარე გადაწყვეტილების მეორე პუნქტით გათვალისწინებული დარღვევის აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილი იქნება შპს ”სტუდია მაესტრო”-ს დააკისროს ჯარიმა ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 71-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე;
5. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს ”სტუდია მაესტრო”-სთვის გაგზავნა დაზღვეული საფოსტო გზავნილის სახით დაუყოვნებლივ;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, სარაჯიშვილის ქ №1ა) ერთი თვის ვადაში;
7. კონტროლო აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე გ.არველაძე
კომისიის წევრები ზ.ნონიკაშვილი
გ.ფრუიძე
კ.კვიტაიშვილი
ს.ბრიტანჩუკი
