წვდომის მენიუ

კერძო სპეციალიზებული რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ

ნომერი: 145 / 10

გამოქვეყნების თარიღი მარტი 24, 2008

მიღების თარიღი მარტი 21, 2008

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია’’) აღნიშნავს, რომ კომისიის 2008 წლის 18 იანვრის N  27/10 გადაწყვეტილებით გამოცხადდა კონკურსი კერძო სპეციალიზებული რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად, ერთი გადამცემის გამოყენებით, ქ. თბილისში.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ლიცენზიის მაძიებლების განცხადებების მიღების ბოლო ვადად განისაზღვრა 2008 წლის 22 თებერვლის 17:00 საათი, კონკურსის ჩატარების თარიღად გამოცხადდა 2008 წლის 21 მარტი, 14:00  საათი, სალიცენზიო გადასახდელის ოდენობა განისაზღვრა 10,692.00 (ათი ათას ექვსას ოთხმოცდათორმეტი) ლარით.

ინფორმაცია კომისიის აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, გამოქვეყნდა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში და კომისიის ვებ გვერდზე ინტერნეტში.

კომისია აღნიშნავს, რომ განაცხადი და დოკუმენტაცია კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს კანონმდებლობისა და ”კერძო სპეციალიზებული რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ’’ კომისიის 2008 წლის 18 იანვრის N  27/10  გადაწყვეტილების შესაბამისად, წარმოადგინა  შპს ”ფოლკ-რადიო”-მ.

კონკურსი კერძო სპეციალიზებული რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად ჩატარდა 2008 წლის 21 მარტს. საკონკურსო სხდომას ესწრებოდა შპს ”ფოლკ-რადიო”-ს დამფუძნებელი  გიორგი უშუკიშვილი.

კომისია აღნიშნავს, რომ კონკურსში მონაწილის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია შეესაბამება კონკურსის პირობებს.

,,მაუწყებლობის შესახებ’’ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად: ,,თუ კონკურსში მონაწილეობს 1 ლიცენზიის მაძიებელი, იგი გამარჯვებულად ცხადდება მის მიერ სალიცენზიო გადასახდელის გადახდის დადასტურების შემთხვევაში’’. კონკურსში მონაწილე შპს ”ფოლკ-რადიო”-ის დამფუძნებელმა გიორგი უშუკიშვილმა დაადასტურა, რომ იგი თანახმაა კერძო საერთო ტელემაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად გადაიხადოს  10,692.00 (ათი ათას ექვსას ოთხმოცდათორმეტი)  ლარი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ,,მაუწყებლობის შესახებ’’ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.   კერძო სპეციალიზებული რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად ჩატარებულ კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადდეს შპს ”ფოლკ-რადიო”, რომელიც თანახმაა გადაიხადოს სალიცენზიო გადასახდელი 10,692.00 (ათი ათას ექვსას ოთხმოცდათორმეტი)  ლარი;

2.   უზრუნველყოს შპს ”ფოლკ-რადიო”-მ 2008 წლის 21 აპრილამდე სალიცენზიო გადასახდელის  20% - 2138.40 (ორი ათას ას ოცდათვრამეტი ლარი და 40 თეთრი) ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდა შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

ხაზინის ერთიანი ანგარიში - N200122900

სახელმწიფო ხაზინა, კოდი - N220101222

სახაზინო  კოდი - N300773062

3. კომისია იღებს გადაწყვეტილებას კონკურსში გამარჯვებულისათვის ლიცენზიის გაცემის თაობაზე სალიცენზიო გადასახდელის 20%-ის საქართველოს  სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში.

4. კონკურსში გამარჯვებულის მიერ სალიცენზიო გადასახდელის 20%-ის კომისიის  გადაწყვეტილებით დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში, კომისია იღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ. ამ შემთხვევაში კონკურსში გამარჯვებულს 2 წლით ეზღუდება  კონკურსში მონაწილეობის უფლება;

5.  სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის დარჩენილი 70% ანუ 7484.40 (შვიდი ათას ოთხას ოთხმოცდაოთხი ლარი და 40 თეთრი)  ლარის გადახდა განხორციელდეს ლიცენზიის მოქმედების ვადის პირველი წლის განმავლობაში კონკურსში გამარჯვებული პირისათვის ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული წესით;

6. იმ შემთხვევაში, თუ კონკურსში გამარჯვებული პირის მიერ მაუწყებლობის განხორციელებისას რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობისათვის საჭიროა სხვა უწყებათა ნებართვა, მისი ერთი გაჩერების პრინციპის შესაბამისად  მიღების მიზნით, კონკურსში გამარჯვებული პირი უფლებამოსილია, წარმოუდგინოს კომისიას ამ ნებართვის მისაღებად საქართველოს კანონმდებლობით მოთხოვნილი სათანადო დოკუმენტაცია, ხოლო კომისია უზრუნველყოფს შესაბამისი უწყებებიდან სათანადო ნებართვის მიღებას.  ამ შემთხვევაში კომისია სათანადო დოკუმენტაციის მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში მიმართავს შესაბამის უწყებებს და   გაუგზავნის       კონკურსში    გამარჯვებული    პირის    მიერ    წარმოდგენილ დოკუმენტაციას. თუ შემდგომი 20 სამუშაო დღის ვადაში შესაბამისი უწყებიდან მიღებული იქნება ნებართვის გაცემაზე  უარი კონკურსში გამარჯვებულს მიეცემა დამატებითი ვადა მითითებული დარღვევების გამოსასწორებლად;

7.  კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტმა უზრუნველყოს კონკურსის მონაწილისათვის წინამდებარე გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა (მ. აროშიძე);

8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის N 1 ა) ერთი  თვის ვადაში;

 9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (გ. რატიშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                                      გ. არველაძე

კომისიის წევრები                                                                 ზ. ნონიკაშვილი            

                                                                                             კ. კვიტაიშვილი

                                                                                                ს. ბრიტანჩუკი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები