შპს ”ტელეკომპანია ობიექტივი 2”-ს №499 ლიცენზიის გაუქმების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მარტი 26, 2008
მიღების თარიღი მარტი 21, 2008
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებებით (05.02.2008 №6/191-08 და 12.02.2008 №6/216-08) მიმართა შპს ”ტელეკომპანია ობიექტივი 2”-მა კერძო კომპანიის საეთერო ტელემაუწყებლობის №499 ლიცენზიის გაუქმების მოთხოვნით.
კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 74-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნა წარმოადგენს სამაუწყებლო ლიცენზიის გაუქმების ერთ-ერთ საფუძველს. ამავე კანონის 38-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, სიხშირული სპექტრის გამოყენებით მაუწყებლობის ლიცენზიის გაუქმება, ხორციელდება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით. შესაბამისად, კომისიის 2008 წლის 22 თებერვლის №103/23 გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს ”ტელეკომპანია ობიექტივი 2”-ს №499 ლიცენზიის გაუქმების მიზნით.
საქარველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავის შესაბამისად, ცნობა საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის ჩატარების შესახებ გამოქვეყნდა კომისიის ოფიციალურ გვერდზე ინტერნეტში. ზეპირი მოსმენა კომისიაში გაიმართა 2008 წლის 21 მარტს.
კომისია აღნიშნავს, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომისიაში 2008 წლის 17 მარტს შემოტანილ იქნა შპს ”ობიექტივი 2”-ს ერთ-ერთი დამფუძნებლის - ქეთევან ასათიანის წარმომადგენლის შუამდგომლობა, რომელშიც აღნიშნულია, რომ შპს ”ტელეკომპანია ობიექტივი 2”- ს დირექტორმა დ.კაკაურიძემ ერთპიროვნულად, პარტნიორთან შეთანხმებისა და საწარმოს პარტნიორთა კრების თანხმობის გარეშე, თავისი 2008 წლის 5 და 12 თებერვლის განცხადებებით დააყენა საკითხი კომპანიის საეთერო ტელემაუწყებლობის №499 ლიცენზიის გაუქმების შესახებ. კომისიაში წარმოდგენილ განცხადებაში წარმომადგენლის მიერ აპელირება ხორციელდება შპს ”ტელეკომპანია ობიექტივი 2”-ს წესდების 15.4 პუნქტზე და ”მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 47.3 მუხლზე. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ლიცენზიის გაუქმების შემთხვევაში, ფაქტობრივად ზიანი ადგება შპს ”ტელეკომპანია ობიექტივი 2”-ს, როგორც საწარმოს ინტერესებს და ხდება საზოგადოების წესდებით გათვალისწინებული მისი ძირითადი ტელესამაუწყებლო საქმიანობის პარალიზება და საზოგადოების ფაქტობრივი ლიკვიდაცია, რადგანაც საზოგადოების კაპიტალს შეადგენს ზემოაღნიშნულ ლიცენზიისათვის გადახდილი სალიცენზიო გადასახდელის ნაწილი. ამავე დროს, განცხადებაში აღნიშნულია, რომ პარტნიორებს შორის დავასთან დაკავშირებით სამოქალაქო სამართალწარმოების წესით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში აღძრულია ორი სარჩელი და მიმდინარეობს დავა.
კომისიაში წარმოდგენილ განცხადებას, თანდართული აქვს ქეთევან ასათიანის მიერ მიხეილ აგლაძეზე გაფორმებული რწმუნებულების ასლი, 2008 წლის 1 თებერვლით დათარიღებული შპს ”ტელეკომპანია ობიექტივი 2”-ს ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, შპს ”ობიექტივი 2”-ს წესდება და ასევე ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებები და შპს ”ტელეკომპანის ობიეტრივი 2”-ს დამფუძნებლის ქეთევან ასათიანის წარმომადგენლის მიხეილ აგლაძის სარჩელი.
კომისიის მიერ შესწავლილ იქნა წარმოდგენილი მასალები.
კომისია აღნიშნავს რომ:
1. წარმოდგენილ განცხადებაში აპელირება ხორციელდება შპს ”ობიექტივი 2”-ს წესდების 15.4 პუნქტზე და ასევე ”მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 47.3 მუხლზე. მიხეილ აგლაძის მიერ კომისიაში წარმოდგენილ შპს ”ტელეკომპანია ობიექტივი 2”-ს წესდების (2004 წლის 10 სექტემბერი რეგისტრაციის №5/4-4101) მე-15.4 პუნქტის შესაბამისად ”კრება ითვლება უფლებამოსილად, თუ მას ესწრება საზოგადოების ის პარტნიორები, რომლებსაც საერთო ჯამში გააჩნიათ საზოგადოების საწესდებო კაპიტალის სამოც (60%) პროცენტზე მეტი, ამასთან კრებას არა აქვს უფლება განიხილოს და მიიღოს გადაწყვეტილებები იმ საკითხებზე, რომლებიც მოითხოვენ ერთხმივობას, თუ კრებას არ ესწრება საზოგადოების ყველა პარტნიორი.” ამავე წესდების მე-16 პუნქტში განსაზღვრულია კრების კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხები, და ამ საკითხთაგან არც ერთი არ მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ ლიცენზიის გაუქმების, ან ლიცენზირებასთან დაკავშირებული რაიმე საკითხი განეკუთვნება კრების საერთო კომპეტენციას და საზოგადოების დირექტორს სჭირდება საზოგადოების პარტნიორთა თანხმობა. რაც შეეხება ”მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 47.3 მუხლს, აღნიშნულ მუხლში ვკითხულობთ:
”47. 3. თუ საზოგადოების წესდება სხვა წესებს არ შეიცავს, მაშინ პარტნიორთა კრება იღებს გადაწყვეტილებებს ყველა საკითხზე, კერძოდ:
ა. სამეურნეო პოლიტიკის ზოგადი პრინციპების განსაზღვრა;
ბ. წილთა შეძენა და გასხვისება, ასევე, საწარმოთა შეძენა, გასხვისება და ლიკვიდაცია;
გ. წარმოების სახეებისა და სამეურნეო საქმიანობის დაწყება და მათი შეწყვეტა;
დ. ფილიალების შექმნა და ლიკვიდაცია;
ე. უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;
ვ. ინვესტიციების შესახებ, რომელთა ღირებულება ცალკე ან მთლიანად ერთ სამეურნეო წელიწადში აღემატება ბოლო წლის საბალანსო თანხის ათ პროცენტს;
ზ. სესხებისა და კრედიტების აღება, რომლებიც ცალკე ან მთლიანად აღემატება პარტნიორთა კრების მიერ დადგენილ ოდენობას;
თ. იმ სესხისა და კრედიტის უზრუნველყოფა, რომლებიც არ მიეკუთვნებიან ჩვეულებრივ საწარმოო საქმიანობას;
ი. ხელმძღვანელ მუშაკთათვის მოგებისა და საერთო შემოსავალში მონაწილეობისა და პენსიის მიცემის პრინციპების განსაზღვრა;
კ. პროკურის გაცემა და გაუქმება;
ლ. იმ დამატებითი უფლებების გამოყენება, რომლებიც საზოგადოებას გააჩნია დაფუძნებიდან ან საზოგადოების მართვიდან გამომდინარე აქვს დირექტორის ანდა პარტნიორის მიმართ, ასევე საზოგადოების წარმომადგენლობა იმ პროცესებში, რომლებსაც იგი დირექტორების წინაღმდეგ წარმართავს;
მ. წლიური შედეგების დამტკიცება და შედეგების გამოყენება;
ნ. შესატანების გადახდის მოთხოვნა;
ო. დამატებითი შესატანების უკან დაბრუნება;
პ) დირექტორების დანიშვნა და გამოწვევა, მათთან სასამსახურო ხელშეკრულებების დადება და შეწყვეტა, აგრეთვე მათი ანგარიშების დამტკიცება;(24.06.2005. N1781)
ჟ) აირჩიოს აუდიტორი და სპეციალური კონტროლიორი (სააქციო საზოგადოების ანალოგიურად).
ნათელია, რომ არც ზემოაღნიშნულ ნორმაშია მითითება იმაზე, რომ ლიცენზირებასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა წარმოადგენს ისეთ საკითხს, რომელიც საჭიროებს პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებას.
ამავე დროს აღსანიშნავია, რომ წარმოდგენილი წესდების მე-17.2 ბ) ქვეპუნქტის თანახმად, დირექტორი სხვა უფლებამოსილებებთან ერთად, მინდობილობის გარეშე მოქმედებს საზოგადოების სახელით და წარმოადგენს მის ინტერესებს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კომისია ვერ გაიზიარებს განცხადებაში წარმოდგენილ არგუმენტაციას იმასთან დაკავშირებით, რომ დავით კაკაურიძეს, როგორც შპს ”ტელეკომპანია ობიექტივი 2”-ს დირექტორს, არ ჰქონდა უფლება კომისიის წინაშე დაეყენებინა საკითხი შპს ”ტელეკომპანია ობიექტივი 2”-ს ლიცენზიის გაუქმების მოთხოვნით.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 48-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ”ლიცენზიის გასხვისება ან საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ნებისმიერი ფორმით სხვა პირისათვის გადაცემა, დაგირავება, ლიცენზიით მინიჭებული უფლებების საწარმოს საწესდებო კაპიტალში შეტანა ან მემკვიდრეობით გადაცემა იკრძალება.” შესაბამისად, შპს ”ტელეკომპანია ობიექტივი 2”-ს მიერ დარღვეულ იქნა ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 48-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნები გამომდინარე იქიდან, რომ კომპანიის №499 ლიცენზიით მინიჭებული უფლებები ჩადებულია შპს ”ტელეკომპანია ობიექტივი 2”-ს საწესდებო კაპიტალში.
ზეპირ მოსმენაში მონაწილეობის მისაღებად კომისიაში გამოცხადდა შპს ”ტელეკომპანია ობიექტივი-2”-ს ახალი დირექტორის უფლებამოსილი წარმომადგენელი ალექსი შოშიაშვილი, რომლის წარმომადგენლობით უფლებამოსილებაც დადასტურებულია 2008 წლის 20 მარტს სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობით (რეესტრში რეგისტრაციის №1-1433). ალექსი შოშიაშვილის მიერ კომისიაში წარმოდგენილ იქნა შპს ”ტელეკომპანია ობიექტივი 2”-ს წესდების ახალი რედაქცია (რეგისტრირებული ქ.თბილისის საგადასახადო ინსპექციის მიერ ბრძ. №14784/006-5/4-4101 შპს 2008 წლის 20 თებერვალი) და ამავე დროს 2008 წლის 20 თებერვლით დათარიღებული ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან. ზემოაღნიშნული დოკუმენტაციით დასტურდება, რომ შპს ”ტელეკომპანია ობიექტივი 2”-ს დირექტორი და საწესდებო კაპიტალის 51%-ს მფლობელი არის გურამ კვირიკაშვილი. ამავე დროს, წესდების 10.2.5 ქვეპუნქტის შესაბამისად, პარტნიორთა კრება გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მასში მონაწილეობს პარტნიორთა ის რაოდენობა, რომლებიც ფლობენ წილების 50%-ზე მეტს.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”ტელეკომპანია ობიექტივი 2”-ს პარტნიორებს შორის უფლებამოსილების გამიჯვნასთან დაკავშირებული დავა არ წარმოადგენს კომისიის რეგულირების სფეროს და შესაბამისად, კომისია არ არის უფლებამოსილი იმსჯელოს აღნიშნულ საკითხზე. ამავე დროს, კომისიის მიერ შემოწმებულ და გაზიარებულ იქნა შპს ”ტელეკომპანის ობიექტივი 2”-ს ახალი დირექტორის გურამ კვირიკაშვილის წარმომადგენლის - ალექსი შოშიაშვილის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება.
კომისიის სხდომაზე ალექსი შოშიაშვილმა დაადასტურა, რომ შპს ”ტელეკომპანია ობიექტივი 2” კვლავ ითხოვს ლიცენზიის გაუქმებას და იგი არ აპირებს შეწყვეტილი მაუწყებლობის განახლებას.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ კომისიის 2003 წლის 19 სექტემბრის №464/6 გადაწყვეტილებით შპს ”ტელეკომპანია ობიექტივი 2”-ს №499 ლიცენზიას გაუგრძელდა მოქმედების ვადა 10 წლით. აღნიშნული გადაწყვეტილებით კომპანიას განსაზღვრული ჰქონდა სალიცენზიო გადასახდელის დარჩენილი 70%-ის გადახდის ვალდებულება შემდეგი გრაფიკით:
4107.60 ლარი - 2004 წლის 21 აგვისტომდე;
4107.60 ლარი - 2005 წლის 21 აგვისტომდე;
4107.60 ლარი - 2006 წლის 21 აგვისტომდე;
4107.60 ლარი - 2007 წლის 21 აგვისტომდე;
4107.60 ლარი - 2008 წლის 21 აგვისტომდე;
4107.60 ლარი - 2009 წლის 21 აგვისტომდე;
4107.60 ლარი - 2010 წლის 21 აგვისტომდე;
4107.60 ლარი - 2011 წლის 21 აგვისტომდე;
4107.60 ლარი - 2012 წლის 21 აგვისტომდე;
კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი დასკვნის შესაბამისად, შპს ”ტელეკომპანია ობიექტივი 2”-ს 2008 წლის 17 მარტის მდგომარეობით საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე გააჩნია დავალიანება 16,430.40 (თექვსმეტი ათას ოთხას ოცდაათი ლარი და ორმოცი თეთრი) ლარის ოდენობით, ანუ კომპანიის მიერ არ არის გადახდილი ზემოაღნიშნული გრაფიკის პირველი ოთხი ნაწილით გათვალისწინებული თანხები. აღნიშნული დავალიანების დაფარვის მოთხოვნით კომისიამ არაერთხელ მიმართა კომპანიას, მათ შორის ბოლო წერილი შპს ”ტელეკომპანია ობიექტივი 2”-ს სახელზე გაგზავნილ იქნა 2008 წლის 10 იანვარს (წერილის №03/72-08), მაგრამ მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, კომპანიის მიერ არ მოხდა დავალიანების დაფარვა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ უნდა დაკმაყოფილდეს შპს ”ტელეკომპანია ობიექტივი 2”-ს მოთხოვნა და გაუქმდეს შპს ”ტელეკომპანია ობიექტივი 2”-ს №499 ლიცენზია. ამავე დროს, შპს ”ტელეკომპანია ობიექტივი 2”-ს უნდა დაეკისროს ვალდებულება დაფაროს ლიცენზიით სარგებლობის პერიოდში საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე სალიცენზიო გადასახდელის სახით არსებული დავალიანება, რომელიც შეადგენს - 16,430.40 (თექვსმეტი ათას ოთხას ოცდაათი ლარი და ორმოცი თეთრი) ლარს. გამომდინარე იქიდან, რომ №499 ლიცენზია ითვალისწინებს შეზღუდული რესურსით საქმიანობას, აღნიშნული შეზღუდული რესურსის ოპტიმალურად გამოყენების მიზნით კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია წინამდებარე გადაწყვეტილება მიქცეულ იქნას დაუყოვნებილივი აღსრულებისათვის.
ზემოაღნიშულის გათვალისწინებით, ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის, 74-ე მუხლის პირველი პუნქტის ”ა” ქვეპუნქტის, 38-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და საქარველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავის და 165-ე მუხლის შეაბამისად, კომისიამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. გაუქმდეს შპს ”ტელეკომპანია ობიექტივი 2”-ს №499 ლიცენზია, ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნით;
2. უზრუნველყოს შპს ”ტელეკომპანია ობიექტივი 2”-მა საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე არსებული დავალიანების - 16,430.40 (თექვსმეტი ათას ოთხას ოცდაათი ლარი და ორმოცი თეთრი) ლარის 10 სამუშაო დღის ვადაში დაფარვა შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
|
მიმღები |
ხაზინის ერთიანი ანგარიში |
|
ანგარიშის N |
200122900 |
|
ბანკი |
სახელმწიფო ხაზინა |
|
კოდი |
220101222 |
|
სახაზინო ქვეანგარიში |
300773062 |
|
დანიშნულება |
სალიცენზიო გადასახდელი |
3. გადაწყვეტილება მიქცეულ იქნას დაუყოვნებილივი აღსრულებისათვის;
4. შპს ”ტელეკომპანია ობიექტივი 2”-ს მიერ წინამდებარე გადაწყვეტილებით მე-2 პუნქტში გათვალისწინებული დავალიანების განსაზღვრულ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში კომისია იმოქმედებს ”სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად.
5. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (მ.ქადეიშვილი):
ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;
ბ) “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარებისა და ლიცენზიის გაუქმების თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნების უზრუნველყოფა;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის № 1 ა) ერთი თვის ვადაში;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ.ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე გ.არველაძე
კომისიის წევრები:
ზ.ნონიკაშვილი
კ.კვიტაიშვილი
ს.ბრიტანჩუკი
