წვდომის მენიუ

შპს ”ატელი”-ს გაფრთხილების შესახებ

ნომერი: 175 / 18

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 11, 2008

მიღების თარიღი აპრილი 04, 2008

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას.

”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ”ზ” ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის  შესაბამისად, კომისია აკონტროლებს  ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”ატელი” წარმოადგენს ავტორიზებულ პირს (ავტორიზაციის №195/1) და ამავე დროს, ფლობს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N86 ლიცენზიას შემდეგი სალიცენზიო ვალდებულებებით:

ა) ნუმერაციის რესურსის 10%-ის ათვისების ვალდებულება: ლიცენზიის გაცემიდან 1(ერთი) წელი; (ლიცენზიის გაცემის თარიღი - 13.02.2007)

ბ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის ან/და ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, საკუთარი ხარჯებით, კომისიის მიერ დადგენილ ვადებში, ქსელის ნუმერაციის სისტემა შესაბამისობაში მოიყვანოს ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.

გ) ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი 70%-ის (9660 - ცხრა ათას ექვსას სამოცი ლარი)  გადახდის ვალდებულება კომისიის 2007 წლის 13 თებერვლის №79/1 გადაწყვეტილების შესაბამისად.

კომისია აღნიშნავს, რომ 2008 წლის 26 თებერვალს კომისიის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებულ იქნა შპს ”ატელი”-ს შემოწმება, მის მიერ კომისიის 2007 წლის 13 თებერვლის №79/1 გადაწყვეტილების შესრულებისა და სალიცენზიო პირობების დაცვის შემოწმების მიზნით და შედგენილ იქნა შემოწმების აქტი №3, რომელშიც აღნიშნულია, რომ შპს ”ატელს” არ აქვს დაწყებული ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N86 ლიცენზიით გათვალისწინებული პრაქტიკული საქმიანობა, ამავე დროს, შპს ”ატელს” ქ.ბათუმში არ მიუმართავს შპს ”ალკომის”, შპს ”ვემატელის”, შპს ”საბატელი”-ს და შპს ”აჭარის ელექტროკავშირის”-სთვის ნუმერაციის რესურსის გააქტიურებისა და ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმების მოთხოვნით. შემოწმების აქტს თანდართული აქვს ზემოაღნიშნული კომპანიების წერილები, რომლებშიც აღნიშნულია, რომ შპს ”ატელს”   კომპანიებისთვის არ მიუმართავს ქ.ბათუმში ნუმერაციის რესურსის - 60XXX - 67XXX გააქტიურების მოთხოვნით.

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ შპს ”ატელის” მიერ  კომისიის 2007 წლის 13 თებერვლის №79/1 გადაწყვეტილების, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნების შესრულებისა და სალიცენზიო პირობების დაცვის შემოწმების მიზნით, კომისიის აპატარის საფინანსო დეპარტამენტის მიერ შედგენილ იქნა სამსახურებრივი ბარათი, რომელშიც აღნიშნულია, რომ შპს ”ატელს” 2008 წლის 18 მარტის მდგომარეობით გააჩნია რეგულირების ყოველწლიური საფასურის დავალიანება - 2,921.28 (ორი ათას ცხრაას ოცდაერთი ლარი და ოცდარვა თეთრი) ლარის ოდენობით და ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დავალიანება 805.00 (რვაას ხუთი) ლარის ოდენობით.  

კომისია აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ლ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია გადაიხადოს რეგულირების საფასური და კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში  ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიაში ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 46-ე მუხლის პირველი პუნქტისა და ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, დაიწყო შპს ”ატელი”-ს სანქცირებასთან დაკავშირებული მარტივი ადმინისტრაციული წარმოება. წარმოების დაწყების შესახებ  შპს ”ატელს” შეტყობინებით ეცნობა იმავე დღეს - 2008 წლის 27 მარტს. მხარეს ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების, შუამდგომლობების წარმოდგენისა და ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტების და სხვა მასალების გაცნობის უფლება.  

საკითხის განხილვა გაიმართა  2008 წლის 4 აპრილის კომისიის სხდომაზე.

სხდომაზე წარმოდგენილ იქნა კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი, რომელშიც აღნიშნულია, რომ 2008 წლის 4 აპრილის მდგომარეობით, შპს ‘’ატელს’’ წარმოდგენილი აქვს რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები და ჩარიცხული აქვს თანხა კომისიის ანგარიშზე. ამავე დროს, მთლიანობაში ზედმეტად გადახდილი ერიცხება რეგულირების საფასური 27.53 (ოცდაშვიდი ლარი და ორმოცდაცამეტი თეთრი) ლარი, რაც შეეხება ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურს, შპს ‘’ატელს’’ კვლავ ერიცხება დავალიანება  - 805 (რვაას ხუთი) ლარის ოდენობით.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის მონიტორინგისა და საფინანსო  დეპარტამენტების მიერ წარმოდგენილი დასკვნების შედეგად ირკვევა, რომ შპს ”ატელი”-ს მიერ დარღვეულ იქნა ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ლ) ქვეპუნქტი და ამავე დროს, ნუმერაციის  რესურსით სარგებლობის № N86 ლიცენზიის სალიცენზიო ვალდებულებების ა) და გ) პუნქტები, რაც წარმოადგენს ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლით  გათვალისწინებული სანქცირების საფუძველს. კერძოდ, ამავე კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს. გამომდინარე იქიდან, რომ შპს ”ატელის” მიერ წარმოდგენილ იქნა რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები და ამავე დროს, გადახდილ იქნა რეგულირების ყოველწლიური საფასური, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩია, რეგულირების ყოველწლიური საფასურის გადახდის ნაწილში შეწყდეს შპს ”ატელის”  გაფრთხილებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება.

ხოლო რაც შეეხება ამოწურვადი რესურსით სარგებლობის დავალიანებას და სალიცენზიო ვალდებულებების დარღვევას, კომისიას  მიაჩნია, რომ შპს ”ატელი”-ს მიმართ სანქციის სახით გამოყენებულ უნდა იქნას გაფრთხილება, ”ელექტორნული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ლ) ქვეპუნქტისა და ნუმერაციის  რესურსით სარგებლობის №N86 ლიცენზიის სალიცენზიო ვალდებულებების ა) და გ) პუნქტების დარღვევის გამო. ამავე დროს, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია ზემოაღნიშნული დარღვევების აღმოფხვრის მიზნით, შპს ”ატელს” განესაზღვროს ვადა 10 სამუშაო დღის ოდენობით.

”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მარეგულირებელი წესების 36-ე მუხლის მე-13, მე-15 და მე-17 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ,

გადაწყვიტა:

1. მიეცეს გაფრთხილება შპს ”ატელს” ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ლ) ქვეპუნქტის და ნუმერაციის  რესურსით სარგებლობის № N86 ლიცენზიის სალიცენზიო პირობების ა) და გ) პუნქტების დარღვევის გამო;

2. შეწყდეს შპს ”ატელის” გაფრთხილებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება შპს ”ატელის” მიერ რეგულირების ყოველწლიური საფასურის გადახდასთან დაკავშირებით, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ლ) ქვეპუნქტის დარღვევის ნაწილში; 

3. უზრუნველყოს შპს ”ატელმა” ნუმერაციის  რესურსით სარგებლობის №N86 ლიცენზიის ა) პუნქტით გათვალისიწნებული ვალდებულების შესრულება 10 სამუშაო დღის ვადაში;

4. უზრუნველყოს შპს ”ატელმა” ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დავალიანების -  805.00 (რვაას ხუთი) ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში 10 სამუშაო დღის ვადაში გადარიცხვა შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

- ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო შემოსულობები (ქ. ბათუმი)  - №200122900;

- სახელმწეიფო ხაზინა, ბანკის კოდი - N220101222;

- საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - №300693072;

5. ეცნობოს შპს ”ატელს”, რომ წინამდებარე გადაწყვეტილებით  გათვალისწინებული დარღვევების ნებაყოფლობით აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილი იქნება შპს ”ატელს” დააკისროს ჯარიმა ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე;

6. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს ”ატელი”-სთვის დაუყოვნებლივ გაგზავნა;

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, სარაჯიშვილის 1-ა) ერთი თვის ვადაში;

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).        

კომისიის თავმჯდომარე                                          გ.არველაძე

კომისიის წევრები                                                     ზ.ნონიკაშვილი

                                                                                    კ.კვიტაიშვილი

                                                                                    ს.ბრიტანჩუკი                                                                          

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები