წვდომის მენიუ

სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” გაფრთხილების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ

ნომერი: 176 / 18

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 11, 2008

მიღების თარიღი აპრილი 04, 2008

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას.

”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ”ზ” ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის  შესაბამისად, კომისია აკონტროლებს  ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (24.03.2008 №6/535-08) მიმართა შპს ”ახალმა ქსელებმა” და შპს ”ახტელმა”, სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიერ კომისიის 2008 წლის 14 მარტის №122/16 გადაწყვეტილების შეუსრულებლობასთან დაკავშირებით. კერძოდ, აღნიშნული გადაწყვეტილებით სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” დაევალა 10 დღის ვადაში შპს  ”ახალი ქსელების” შეუზღუდავი დაშვება  სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” სატელეფონო საკანალიზაციო არხებში არსებულ იმ კაბელებთან, რომლებზეც შპს  ”ახალი ქსელების”  საკუთრება დგინდება უფლებამოსილი პირების მიერ ხელმოწერილი ინვენტარიზაციის აქტებით. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მხრიდან ადგილი აქვს კომისიის ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების შეუსრულებლობას, რაც გამოიხატება იმაში, რომ ასს 33-ში ხილიანის და კოსტავას ქუჩებზე სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” წარმომადგენლებმა შპს ”ახალი ქსელების” წარმომადგენლებს არ დართეს ნება ამოეღოთ მათი კუთვნილი 600X2=600 მეტრი და 600X2=1200 მეტრი კაბელი. ასს 52- დან უშბის მიწისქვეშა გადასასვლელ კარადამდე ტ.პ.პ. 100X2 ტიპის კაბელი, ასევე ასს 69 და ასს 65-დან ასს 65-დან 57-მდე ოპტიკურ-ბოჭკოვანი 12 კილომეტრი კაბელი. ასს 70-ის ზონაში ბოგდან ხმელნიცკის ქუჩაზე ტ.პ.პ. 400X2=1400 მეტრი კაბელი.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”ახალი ქსელებისა” და შპს ”ახტელის” განცხადებების საფუძველზე კომისიის 2008 წლის 14 მარტის №122/16 გადაწყვეტილების შესრულების შემოწმების მიზნით, 2008 წლის 27 მარტს კომისიის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებულ იქნა სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” შემოწმება,  და შედგენილ იქნა შემოწმების აქტი №4, რომელშიც აღნიშნულია, რომ სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია არ ასრულებს კომისიის 2008 წლის 14 მარტის №122/16 გადაწყვეტილებას, რის საფუძველზეც ევალება შპს ”ახალი ქსელები”-ს შეუზღუდავი დაშვება (კაბელების დემონტაჟის მიზნით) სატელეფონო საკანალიზაციო არხებში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიაში ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 46-ე მუხლის პირველი პუნქტისა და ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, დაიწყო სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” სანქცირებასთან დაკავშირებული მარტივი ადმინისტრაციული წარმოება. წარმოების დაწყების შესახებ  სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შეტყობინებით ეცნობა იმავე დღეს - 2008 წლის 31 მარტს. მხარეს ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების, შუამდგომლობების წარმოდგენისა და ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტების და სხვა მასალების გაცნობის უფლება.  

საკითხის განხილვა გაიმართა  2008 წლის 4 აპრილის კომისიის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდნენ შპს ”ახალი ქსელები”-ს და სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” წარმომადგენლები. კომისიის სხდომაზე სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიერ დაყენებულ იქნა შუამდგომლობა სანქცირებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ და წარმოდგენილ იქნა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ  მხარეებს კომისიის 2008 წლის 14 მარტის №122/6  გადაწყვეტილების შესრულება დაევალათ 10 დღის ვადაში, კომისიის ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სს ”საქართველს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” ჩაბარდა 2008 წლის 19 მარტს. ამავე დროს,  2008 წლის 27 მარტის №16-17 განჩინებით ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ დაკმაყოფილდა სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” განცხადება სარჩელის აღძვრამდე  სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების შესახებ და შეჩერებულ იქნა კომისიის 2008 წლის 14 მარტის №122/6 გადაწყვეტილების მოქმედება.

კომისია აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი მასალების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიერ ამ ეტაპზე ადგილი არ აქვს   კომისიის 2008 წლის 14 მარტის №122/16 გადაწყვეტილების მოთხოვნების დარღვევას, გამომდინარე იქიდან, რომ ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიერ გამოყენებულ იქნა კომისიის გადაწყვეტილების დადგენილ ვადაში სასამართლოში გასაჩივრების უფლება სარჩელის აღძვრამდე  სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების შესახებ განცხადების ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში წარდგენის გზით, რის საფუძველზეც სასამართლოს განჩინებით შეჩერებულ იქნა კომისიის 2008 წლის 14 მარტის №122/6 გადაწყვეტილების მოქმედება და აღნიშნული განხორციელდა იმ 10 დღის ვადაში, რა ვადაშიც მხარეებს დაევალათ გადაწყვეტილების აღსრულება.  შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ არ არსებობს სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” გაფრთხილების საფუძველი.

”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-17 პუნქტის შესაბამისად, თუ არ არსებობს გაფრთხილების ან ჯარიმის საფუძველი, ადმინისტრაციული წარმოება წყდება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას  მიაჩნია, რომ  უნდა შეწყდეს სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” სანქცირებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება.

”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის 17-ე პუნქტის შესაბამისად კომისიამ,

გადაწყვიტა:

1. ამ ეტაპზე შეწყდეს სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” გაფრთხილებასთან  დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება.

2. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ნ.ნიჟარაძე) აღნიშნული გადაწყვეტილების მხარეებისთვის გაგზავნა;

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, სარაჯიშვილის 1-ა) ერთი თვის ვადაში;

4. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი ასლის დაინტერესებული მხარეებისთვის ჩაბარების დღიდან;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                          გ.არველაძე

კომისიის წევრები                                                     ზ.ნონიკაშვილი

                                                                                  კ.კვიტაიშვილი

                                                                                   ს.ბრიტანჩუკი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები