წვდომის მენიუ

ასოციაცია (კავშირი) “ათინათის” NB48 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2006 წლის №43/2 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

ნომერი: 179 / 23

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 24, 2008

მიღების თარიღი აპრილი 04, 2008

     საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ 2007 წლის 5 ნოემბერს კომისიას განცხადებით მიმართა ასოციაცია “ათინათმა” (№7/407-07), მისთვის №B48  ლიცნზიით განსაზღვრული სიხშირის (105.9მგჰც) 500 ვტ სიმძლავრის 2 კვტ-მდე გაზრდის მოთხოვნით ქ. ზუგდიდში. კომისია აღნიშნავს, რომ ასოციაცია “ათინათის” კუთვნილი ლიცენზია NB48 ითვალისწინებს (მოქმედების ვადა 31.12.2011 წ.) კერძო საერთო რადიომაუწყებლობას.

     ასოციაცია ”ათინათის” ცნობით, იმის გამო, რომ ქ. ზუგდიდში იგი მაუწყებლობს 105,9 მგჰც FM რადიო სიხშირეზე ურთის მთაზე,  შპს ,,ჯეოსელის” ანძაე განთავსებული ანტენის მეშვეობით, მას შემდეგ, რაც ეროვნულმა მაუწყებლებმა დაიწყეს ფუნქციონირება ზუგდიდის რაიონში, მკვეთრად გაუარესდა ასოციაცია ,,ათინათის” სამაუწყებლო გარემო. ხშირია ხელშეშლები და ტალღის ჩახშობის ფაქტები. კომპანიის ცნობით, სპეციალისტების მიერ ჩატარებული მონიტორინგის შედეგად, აღნიშნული ხარვეზების წარმოქმნაში მათი ფაქტორი გამოირიცხა. სპეციალისტების მოსაზრებით, ზუგდიდის რაიონში მაუწყებლობენ მძლავრი (1-დან 2.5 კვტ-მდე) რადიოსადგურები, რომელთა ანტენები განთავსებულია ქალაქის სატელევიზიო ანძაზე, წარმოქმნიან სხვადასხვა სახის კომბინაციურ სიხშირეებს, რაც უარყოფით გავლენას ახდენს ,,ათინათის” შედარებით დაბალი სიმძლავრის გადამცემით გასხივებულ ტალღაზე, რომლის ველის დაძაბულობის დონე ისედაც შემცირებულია ქ. ზუგდიდიდან ანტენის 15 კმ-ით დაშორების გამო. მათივე აზრით, პრობლემას მოხსნის ასოციაცია ,,ათინათის” სიმძლავრის გათანაბრება ამ სამაუწყებლო ზონაში ფუნქციონირებადი რადიოსადგურების სიმძლავრეებთან. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ასოციაცია ,,ათინათი” მოითხოვს, მისთვის  ლიცენზიით მინიჭებული სიხშირეზე (105.9 მგჰც) 500 ვტ სიმძლავრე გაიზარდოს 2 კვტ სიმძლავრემდე.

    კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტის დასკვნის შესაბამისად, რადიოტექნიკური სამუშაოების ჩატარების შედეგად, გაირკვა, რომ შექმნილი ხელშემშლელი ელექტრომაგნიტური ველის სასარგებლო სიგნალით დაძლევა შესაძლებელია ასოციაცია ,,ათინათის” რადიოსადგურის სიმძლავრის 2 კვტ-მდე გაზრდით, რაც ლიცენზიის სამოქმედო ზონის ფარგლებში (ქ. ზუგდიდი) სამაუწყებლო სიგნალის ხარისხს გააუმჯობესებს.

    ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყება ასოციაცია ,,ათინათის” NB48 ლიცენზიის მოდიფიცირების მიზნით.

    ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს  კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, ამავე კანონის 38-ე მუხლის მე-4 პუნქტის,   საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და  IX თავის შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება  ასოციაცია “ათინათის”-ს NB48 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2006 წლის №43/2 გადაწყვეტილების 28-ე პუნქტში  ცვლილებების შეტანის მიზნით;

2. ასოციაცია “ათინათის”-ს NB48 ლიცენზიის მოდიფიცირების საკითხზე,   ზეპირი  მოსმენა გაიმართოს 2008 წლის 2 მაისს 12:00 საათზე, ხოლო გადაწყვეტილება აღნიშნულ საკითხზე, მიღებულ იქნას 2008 წლის 2 მაისს  16:00 საათზე;

3. გამოქვეყნდეს ზეპირი მოსმენის შესახებ ცნობა საჯარო გაცნობისათვის ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ გვერდზე  (ნ.ჯანელიძე);

4. ეცნობოს ასოციაცია “ათინათს”   გადაწყვეტილების მიღების თაობაზე  (მ.აროშიძე);

5. ეს  გადაწყვეტილება ცალკე  გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ძალით.

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს  (გ.რატიშვილი).

7. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარე                                              გ. არველაძე

კომისიის წევრები:                                                      ზ. ნონიკაშვილი                                                                                              

                                                                                    გ. ფრუიძე

                                                                                    კ. კვიტაიშვილი                                                                                                             

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები