შპს ”სტუდია მაესტრო”-სთვის საკაბელო ქსელის გამოყენებით კერძო საერთო სამაუწყებლო ლიცენზიის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილების გამოცემაზე უარის თქმის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აპრილი 11, 2008
მიღების თარიღი აპრილი 04, 2008
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს ”სტუდია მაესტრომ“, საკაბელო ქსელის გამოყენებით კერძო საერთო მაუწყებლობის ლიცენზიის მინიჭების თაობაზე. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომისიის 2008 წლის 10 მარტის №120/23 გადაწყვეტილების შესაბამისად, დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს ”სტუდია მაესტრო“–სათვის საკაბელო ქსელის გამოყენებით კერძო საერთო სამაუწყებლო ლიცენზიის მინიჭების თაობაზე. ზეპირი მოსმენის ჩატარების თარიღად განისაზღვრა 2008 წლის 4 აპრილის 16:00 საათი.
კომისია აღნიშნავს, რომ საჯარო ადმინისტრაციული წარმოების მიმდინარეობის პროცესში, შესწავლილ იქნა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებული მასალები და დადგინდა, რომ კომისიის 2008 წლის 20 მარტის №143/18 გადაწყვეტილების შესაბამისად, შპს ”სტუდია მაესტრო”-ს მიმართ გამოყენებულ იქნა ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სანქცია. კერძოდ, შპს ”სტუდია მაესტრო”-ს მიეცა გაფრთხილება კომისიის 2007 წლის 23 თებერვლის №104/1 გადაწყვეტილების პირველი პუნქტის, მე-2 პუნქტის გ) ქვეპუნტის და №B87 ლიცენზიის სალიცენზიო პირობების გ) პუნქტის დარღვევის გამო.
კომისიას მიაჩნია, რომ არსებობს ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის გ) ქვეპუნქტით გათვალისწინებული ახალი სალიცენზიო განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის საფუძველი (შპს ”სტუდია მაესტრო” ფლობს კერძო მაუწყებლობის №B87 ლიცენზიას - საკაბელო ტელემაუწყებლობა, სპეციალიზებული - შემეცნებით მუსიკალურ გასართობი ტელემაუწყებლობა). კერძოდ, ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ”კომისია წარმოებაში არ მიიღებს ახალ სალიცენზიო ან სანებართვო განცხადებას, თუ იგი წარადგინა ლიცენზიის მფლობელმა ამ კანონით გათვალისწინებული დარღვევისათვის მის მიმართ კომისიის მიერ სანქციის გამოყენების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებიდან 1 წლის განმავლობაში.” ამავე დროს, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად: ”ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.” ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ”ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს წინასწარი გამოკვლევის გარეშე უარი განაცხადოს მის უფლებამოსილებაში შემავალ საკითხზე განცხადების ან შუამდგომლობის მიღებაზე იმ საფუძვლით, რომ ეს განცხადება ან შუამდგომლობა დაუშვებელი ან დაუსაბუთებელია.”
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიამ გაითვალისწინა რა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მე-3 ნაწილის დაცვის სავალდებულოობა, საქმის გარემოებათა ყოველმხრივ შესწავლასთან დაკავშირებით, აგრეთვე “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის გ) ქვეპუნქტის მოთხოვნა იმასთან დაკავშირებით, რომ სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელზე ახალი ლიცენზიის გაცემა არ ხდება მაუწყებლის მიერ ამ კანონით გათვალისწინებული დარღვევისათვის კომისიის მიერ სანქციის გამოყენების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებიდან 1 წლის განმავლობაში, მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების ერთობლივად დაცვისა და აღსრულების მიზნით, მიიჩნია, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის გ) ქვეპუნქტზე დაყრდნობით, ამ ეტაპზე შპს ”სტუდია მაესტრო”-ს უარი უნდა ეთქვას საკაბელო ქსელის გამოყენებით კერძო საერთო სამაუწყებლო ლიცენზიის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილების გამოცემაზე.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში, თუ შპს ”სტუდია მაესტრო”-ს მიმართ არ იქნება გამოყენებული ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული სანქციები კომისიის 2008 წლის 23 თებერვლის №104/1 გადაწყვეტილების მიღებიდან ერთი წლის განმავლობაში, კომისია განაახლებს შპს ”სტუდია მაესტრო”-სთვის საკაბელო ქსელის გამოყენებით კერძო საერთო სამაუწყებლო ლიცენზიის გაცემის შესახებ ადმინისტრაციულ წარმოებას.
”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის გ) პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლისა და IX თავის შესაბამისად, კომისიამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ამ ეტაპზე უარი ეთქვას შპს ”სტუდია მაესტრო”-ს საკაბელო ქსელის გამოყენებით კერძო საერთო სამაუწყებლო ლიცენზიის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილების გამოცემაზე.
2. ეცნობოს შპს ”სტუდია მაესტრო”-ს, რომ მის მიმართ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული სანქციის დადების შესახებ კომისიის 2008 წლის 23 თებერვლის №104/1 გადაწყვეტილების მიღებიდან ერთი წლის განმავლობაში ახალი დარღვევის ჩადენისთვის შესაბამისი სანქციის გამოუყენებლობის შემთხვევაში, კომისია განაახლებს შპს ”სტუდია მაესტრო”-სთვის საკაბელო ქსელის გამოყენებით კერძო საერთო სამაუწყებლო ლიცენზიის გაცემის შესახებ ადმინისტრაციულ წარმოებას.
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ.ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს ”სტუდია მაესტრო”-სთვის გაგზავნა დაზღვეული საფოსტო გზავნილის სახით დაუყოვნებლივ.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, სარაჯიშვილის ქ №1ა) ერთი თვის ვადაში;
5. კონტროლო აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე გ.არველაძე
კომისიის წევრები ზ.ნონიკაშვილი
კ.კვიტაიშვილი
ს.ბრიტანჩუკი
