წვდომის მენიუ

ერთი მხრივ, შპს ”ახალ ქსელებსა” და შპს ”ახტელს” და მეორე მხრივ, სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შორის დავის არსებითი განხილვისა და ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” სანქცირების შესახებ

ნომერი: 191 / 18

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 18, 2008

მიღების თარიღი აპრილი 04, 2008

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას ერთობლივი განცხადებით მიმართეს შპს ”ახალმა ქსელებმა” და შპს ”ახტელმა” (26.03.2008 №6/568-08; და 27.03.2008 №6/576-08), სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიასთან” დავის  განხილვის მოთხოვნით.

დავის საგანს წარმოადგენს: სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიერ ასს 34/35-ში ურთიერთჩართვის შეწყვეტა და თანალოკაციის ფართზე არ დაშვება.

კომისიაში  წარმოდგენილ განცხადებაში შპს ”ახალი ქსელები” აღნიშნავს, რომ კომისიის 2004 წლის 30 ივლისის №381/22 გადაწყვეტილებით, სს ”საქართველოს ელექტროკავშირსა” (ამჟამინდელ სს „საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას“) და შპს ”ახალ ქსელებს” შორის დადგინდა ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობები. ხელშეკრულების 3.2 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის თანახმად, მხარეთა შორის ურთიერთჩართვის წერტილებად განისაზღვრა ასს 34/35 ქ.თბილისი, თევდორე მღვდლის ქ. №46. ამავე ხელშეკრულების 3.7 პუნქტის თანახმად, ”ავარიის შემთხვევაში (ანუ მხარეთა ტექნიკური საშუალებების ისეთ დაზიანებისას, რაც არ არის გამოწვეული ფორსმაჟორული გარემოებებით) მხარე, რომლის ტექნიკური საშუალებები გამოვიდნენ მწყობრიდან, დაუყოვნებლივ ატყობინებს მეორე მხარეს ავარიის შესახებ და იღებს ყველა ზომას, რათა მინიმალურ ვადაში აღმოფხვრას ავარიის შედეგები და აღადგინოს ურთიერთჩართვა”. ამავე ხელშეკრულების 4.2.2. პუნქტის თანახმად, მხარე ვალდებულია ”დაასრულოს თავის ქსელში ”ახალი ქსელების” ქსელიდან მოყვანილი ზარი”, ხოლო 4.2.4. პუნქტის საფუძველზე ვალდებულია ”ურთიერთჩართვის საპროექტო სიმძლავრეებთან შესაბამისობაში მოიყვანოს თავისი ქსელის ურთიერთჩართვის წერტილები და განახორციელოს ”ახალ ქსელებთან” მოყვანილი ტრაქტების მიერთება.“

განცხადებაში აღნიშნულია, რომ 2008 წლის 25 მარტს,3 საათზე ასს 34/35-ში სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მხრიდან განხორციელდა ელექტროკვების გათიშვა STM-4-სთვის და შპს ”ახალი ქსელების” წარმომადგენლებს არ უშვებენ თანალოკაციის ფართზე, რითაც სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია” უხეშად არღვევს ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნებს და კომისიის 2004 წლის 30 ივლისის №381/22 გადაწყვეტილებით დადგენილ სს ”საქართველოს ელექტროკავშირსა” და შპს ”ახალ ქსელებს” შორის ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობებს.

მოთხოვნები:

1. დაევალოს სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” დაუყოვნებლივ აღადგინოს ურთიერთჩართვა და დაუშვას შპს ”ახალი ქსელების” წარმომადგენლები თანალოკაციის ფართზე STM-4-ს  მუშაობის აღსადგენად.

2. გამოყენებულ იქნას სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიმართ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული სანქციები.

კომისიაში 2008 წლის 4 აპრილს ზემოაღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩატარდა მოსამზადებელი სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ შპს ”ახალი ქსელების”, შპს ”ახტელის” და სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” წარმომადგენლები.

კომისია აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, შპს ”ახალი ქსელებისა” და შპს ”ახტელი”-ს მიერ 2008 წლის 4 აპრილს კომისიაში შემოტანილ იქნა დაზუსტებული განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ სს “საქართველოს გაერთიანებულმა სატელეკომუნიკაციო კომპანიამ\" 2008 წლის 3 აპრილს ყოველგვარი გაფრთხილების და შესაბამისი ნებართვის გარეშე, გადაჭრა შპს “ახალი ქსელების\" სპილენძის 7 X 600 წყვილიანი მაგისტრალური კაბელი და სხვადასხვა ტევადობის 25-მდე გამანაწილებელი კაბელები, რის შედეგადაც, საერთო ჯამში ინტერნეტით მომსახურება და სატელეფონო მომსახურება შეუწყდა 4000-მდე აბონენტს.

განმცხადებლები აღნიშნავენ, რომ სს “საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას\" ურთიერთჩართვა შეწყვეტილი ჰქონდა ასს 34-35-ში, ხოლო მიმდინარე წლის 3 აპრილს ოპტიკურ-ბოჭკოვანი შემაერთებელი კაბელების ჩაჭრით (ოპტიკური კაბელი ასს 32/22, ასს 93/72 ზაჰესის ოპტიკა და სხვა.) ურთიერთჩართვა შეწყდა სხვა წერტილებშიც, კერძოდ, ასს-39, ასს-37 და ასს 78-ში. ასევე შეწყდა კავშირი შპს “ახალ ქსელებსა\" და შპს “ახტელს\" შორის, ასს 33-დან ახტელის ასს-ებთან, ექვსიანების ზონის (69,65,57) კავშირი შპს ”ახტელის” ზონის სადგურებთან. გაითიშა შპს ”ახალი ქსელების” და შპს ”ახტელის” აბონენტების კავშირი სპეცკვანძთან, მათ შორის 022, 03 და 09-სთან და სხვა სპეცკავშირები, ასევე გაითიშა შპს “საქტელკომპლიუსი\" და შპს “კომუნიკაციების საკონსულტაციო ჯგუფი\", შეწყდა ურთიერთჩართვა ასს 37-ის და ასს 39-ის სადგურებთან (შპს ”ახტელის” ზონიდან), ასევე შეწყდა ურთიერთჩართვა 6-იანების ზონასა და ასს 78-ს შორის (ნაწილობრივ). გაითიშა კავშირი სასტუმრო ”მერიოტთან”, შპს ”ახალი ქსელების” გამოთვლითი ცენტრიდან, შპს ”ახალი ქსელების” და შპს ”ახტელის” ანგარიშსწორების პუნქტებთან. შპს ”ახალი ქსელების” გამოთვლითი ცენტრიდან, შპს ”ახალი ქსელების” საინფორმაციო სამსახურთან (75-75-75 და 54-54-54). ასევე გაითიშა SDH–ის აპარატურა ასს 60;61;63; 93/99; 22/23-ში განთავსებულ ფართზე. შპს ”ახალი ქსელები”-ს და შპს ”ახტელი”-ს წარმომადგენლებს არ ეძლევათ თანალოკაციის ფართზე შესვლისა და შემოწმების უფლება. მიუხედავად არაერთი თხოვნისა, სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია”, შპს ”ახალი ქსელები”-ს და შპს ”ახტელი”-ს წარმომადგენლებს არ აძლევს უფლებას აღადგინონ ოპტიკური კაბელები და კავშირები ასს 65-სა და ზაჰესის გატანილ სადგურებს შორის, ასევე  ასს-32-სა  და ასს-22-ს შორის და ასს-32 დან ასს-33-ის მიმართულებით.

  შპს „ახალი ქსელებისა“ და შპს „ახტელი“-ს აზრით, მოპასუხე მხარე აღნიშნული ქმედებებით აგრძელებს “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის ნორმების და ამავე კანონით დადგენილი პრინციპების უხეშ დარღვევას. კერძოდ, კანონის მე-19 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორებს შორის მოქმედი ურთიერთჩართვის შეწყვეტა, ხოლო ერთ-ერთი მხარის მიერ ურთიერთჩართვის ხელშეკრულებების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მეორე მხარე უფლებამოსილია ამ პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად შეაჩეროს ურთიერთჩართვა,  მხოლოდ კომისიის თანხმობით და მის მიერ დადგენილი ვადით. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, კომისიის რაიმე სახის გადაწყვეტილება ურთიერთჩართვის შეჩერებაზე მოპასუხე მხარისთვის თანხმობის მიცემის შესახებ არ არსებობს და ვერ იარსებებს, ვინაიდან ადგილი არ ჰქონია, მხარეთა შორის მოქმედი ურთიერთჩართვის ხელშკერულებების პიროებების რაიმე სახის დარღვევას.

როგორც სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” ხელმძღვანელობა აცხადებს, მის საჯარო გამოსვლებში, მათი მხრიდან მსგავსი სახის უკანონო ქმედებები ხორციელდება იმის გამო, რომ შპს  “ახალ ქსელების” დავალიანება მათ მიმართ შეადგენს რვა მილიონ ლარს. მიუხედავად მსგავსი განცხადებებისა, მხარეს არ აქვს წარმოდგენილი აღნიშნული ფაქტის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება, ვინაიდან მსგავსი ბუნებაში არ არსებობს, უფრო მეტიც, არსებული ბუღალტრული მონაცემებით ფიქსირდება სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” დავალიანება  შპს “ახალი ქსელების” მიმართ, რის გამოც შპს ”ახალი ქსელები” და შპს ”ახტელი” სხვა მოთხოვნებთან ერთად, კომისიის წინაშე აყენებს შუამდგომლობას, რომ შეიქმნას შესაბამისი ჯგუფი, დავის ორივე მხარის წარმომადგნელთა მონაწილეობით, რათა საბოლოოდ დადგინდეს თითოეული მხარის ფინანსური ვალდებულებები ერთმანეთის მიმართ.

დაზუსტებული მოთხოვნები:

1. დაევალოს სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” ურთიერთჩართვის დაუყოვნებელი აღდგენა ყველა მიმართულებით;

2. დაეკისროს კანონით გათვალისწინებული საჯარიმო სანქცია, დენადი  ხასიათის უკანონო ქმედებების გამო.

3. შეიქმნას კომისიის აპარატში დასაქმებულთა მონაწილეობით მონიტორინგის ჯგუფი, დავის ორივე მხარის წარმომადგნელთა მონაწილეობით, რათა საბოლოოდ დადგინდეს თითოეული მხარის ფინანსური ვალდებულებები ერთმანეთის მიმართ;

შპს ”ახალი ქსელების” წარმომადგენლების თანალოკაციის ფართზე დაშვებასა და STM-4-ს  მუშაობის აღდგენასთან დაკავშირებით, მოსამზადებელ სხდომაზე სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის“ მიერ წარმოდგენილ იქნა პასუხი, რომელშიც აღნიშნულია, რომ მხარეს შპს ”ახალი ქსელების” და შპს ”ახტელი” მოთხოვნა მიაჩნია უსაფუძვლოდ შემდეგი გარემოებების გამო:

”1. განცხადებაში მითითებულია არასათანადო მხარე, კერძოდ,  მოწინაარმდეგე მხარედ დასახელებულია სს ”გაერთიანებული ტელეკომი”, ორგანიზაცია ასეთი იურიდიული დასახელებით ბუნებაში არ არსებობს, რაც თავისთავად საფუძველია განცხადებაზე ხარვეზის განსასაზღვრავად. ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-3 პუნქტის ”გ” ქვეპუნქტის თანახმად, განცხადებაში მითითებული უნდა იქნას იმ პირის დასახელება, რომლის წინააღმდეგაც შეტანილია განცხადება;

2. სს ”საქართველოს გაერთიენებული სატელეკომუნიკაციო კომპანია” ასევე არ ეთანხმება შპს „ახალი ქსელებისა“ და შპს „ახტელის“ მტკიცებულებებს იმასთან დაკავშირებით, რომ სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის“ მხრიდან განხორციელდა აპარატურისთვის ელექტროკვების გათიშვა და აღნიშნავს, რომ მათ საკუთრებაში რიცხულ ასს-34-ში აპარატურის განთავსებაზე კომპანიებს შორს მოქმედი არანაირი წერილობითი სახის გარიგება არ არსებობს. 2008 წლის 25 მარტს, სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიაში” შედგა შეხვედრა შპს ”ახალი ქსელები”-ს, შპს ”ახტელის” და სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიის”  ხელმძღვანელ პირებს შორის, სადაც განმარტებულ იქნა, რომ როგორც კი იქნებოდა წარმოდგენილი საკუთრების დამადასტურებელი მტკიცებულება, შპს ”ახალი ქსელები”-ს და შპს ”ახტელის”  წარმომადგენლები დაშვებულ იქნებოდნენ ქონებასთან. აღნიშნულის შესახებ შპს ”ახალი ქსელები”-ს წარმომადგენლებს ასევე ეცნობათ 2008 წლის 1 აპრილის წერილით №8-15/389; აღნიშნული მოთხოვნა გამოწვეული იყო იმ გარემოებით, რომ არც ერთ ურთიერთშედარების აქტში, რომელსაც სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანია” უდგენს მოწინააღმდეგე მხარეებს, შპს „ახალი ქსელები“ და შპს „ახტელი“ არ აღიარებს თანალოკაციის ფართზე არსებული აპარატურის განთავსებისათვის საიჯარო გადასახადებს. შპს ”ახალი ქსელები”-ს პასუხი მხარემ მიიღო 2008 წლის 2 აპრილს, რის შემდეგაც განმცხადებელზე სატელეფონო ზარით შეთავაზებულ იქნა წარმომადგენელთა დაშვება ასს-34-ში და აღნიშნული შეთავაზება დღესაც ძალაშია, მაგრამ განმცხადებლის მხრიდან არანაირი რეაგირება ამას არ მოჰყოლია.

3. მხარე, ასევე, არ ეთანხმება შპს ”ახალი ქსელებისა” და შპს ”ახტელის” განცხადებაში მოყვანილ ფაქტებს იმასთან დაკავშირებით, რომ ურთიერთჩართვა შეწყვეტილია შპს ”ახტელთან” ასს 34/35-ში. კომისიის 2004 წლის 30 ივლისის №381/22 გადაწყვეტილებით სს ”საქართველოს ელექტროკავშირსა” და შპს ”ახტელს”  შორის დადგენილ ურთიერთჩართვის პირობებში არ არის მითითებული ასს 34/35 ურთიერთჩართვის წერტილად და შესაბამისად, თუ ასს 34/35-ში არ არსებობდა ურთიერთჩართვა,  სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიასა” და შპს ”ახტელს” შორის, მაშინ ვერც მისი შეწყვეტა მოხდებოდა.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას”, შპს ”ახალ ქსელებსა” და შპს ”ახტელთან” აქვს ურთიერთჩართვის 11 წერტილი, ყველა მიმართულებით არხების დატვირთვა შეადგენს მხოლოდ 30%-ს, შესაბამისად, მარტივად არის შესაძლებელი ერთ-ერთი მიმართულების დაზიანების შემთხვევაში ნაკადის სხვა მიმართულებით გატარება. შესაბამისად, ურთიერთჩართვის სტაბილურობა სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მხრიდან უზრუნველყოფილია.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია” ითხოვს შპს ”ახალი ქსელები”-ს და შპს ”ახტელის” განცხადება მიჩნეულ იქნას უსაფუძვლოდ და მხარეებს უარი ეთქვას მის დაკმაყოფილებაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის შესაბამისად, დავის განხილვასთან დაკავშირებული განცხადების რეგისტრაციიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, კომისია ნიშნავს მოსამზადებელ სხდომას და მხარეებს აცნობებს მოსამზადებელი სხდომის დანიშვნას, მისი ჩატარების დღეს, დროსა და ადგილს. შპს ”ახალი ქსელებისა” და შპს ”ახტელი”-ს განცხადებები სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიასთან“ დავის განხილვის მოთხოვნით, კომისიაში რეგისტრირებულ იქნა - 2008 წლის 26 და 27 მარტს  (26.03.2008 №6/568/-08 და 27.03.2008 №6/576-08). ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, 2008 წლის 31 მარტს სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელკომუნიკაციო კომპანიას”, შპს ”ახალ ქსელებს” და შპს ”ახტელს” წერილობით ეცნობათ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებული მოსამზადებელი სხდომის ჩატარების დღის, დროისა და ადგილის შესახებ (31.03.2008 №03/549-08 და 31.03.2008 №03/550-08) სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელკომუნიაკცი კომპანიას” ამავე დროს, გადაეგზავნა შპს ”ახალი ქსელები”-ს და შპს ”ახტელი”-ს  განცხადებების ასლები.

”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების შესაბამისად,  მხარეებმა დავასთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები და მტკიცებულებები კომისიას უნდა წარუდგინონ მოსამზადებელ სხდომამდე ან უშუალოდ სხდომაზე.

როგორც ზემოთ იქნა აღნიშნული 2008 წლის 4 აპრილის მოსამზადებელ სხდომაზე, შპს ”ახალი ქსელები”-ს მიერ დამატებით დაყენებულ იქნა საკითხი სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიერ 2008 წლის 3 აპრილს  შპს “ახალი ქსელების\" სპილენძის 7 X 600 წყვილიანი მაგისტრალური კაბელის  და სხვადასხვა ტევადობის 25-მდე გამანაწილებელი კაბელების  გადაჭრასთან დაკავშირებით, ამავე დროს, დაზუსტებულ იქნა, რომ დავაში სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მოწინააღმდეგე მხარეებს წარმოადგენენ აფილირებული პირები - შპს ”ახალი ქსელები” და შპს ”ახტელი”, გამომდინარე იქიდან, რომ განცხადებებში საუბარია მხოლოდ შპს ”ახალ ქსელებზე”. მოსამზადებელ სხდომაზე, ასევე წარმოდგენილ იქნა სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” განცხადება შპს ”ახალი ქსელების” წარმომადგენლების თანალოკაციის ფართზე დაშვებასა და STM-4-ს  მუშაობის აღდგენასთან დაკავშირებით.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ 2008 წლის 3 აპრილს საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო პროგრამა ”მოამბეში”(15:00 სთ) და ასევე სამაუწყებლო კომპანია ”რუსთავი 2” -ს 12 და 15 საათიან  საინფორმაციო პროგრამა ”კურიერში” გადაიცა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია” ახორციელებს შპს ”ახალი ქსლები”-ს და შპს ”ახტელი”-ს კუთვნილი კაბელების დემონტაჟს, რის მიზეზადაც სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” დირექტორის მოადგილის ბატონ ივა მარტიაშვილის განცხადებით დასახელებულ იქნა შპს ”ახალი ქსელები”-ს რვა მილიონამდე ფინანსური დავალიანება. საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიცემულ ინტერვიუში ბატონი ივა მარტიაშვილის განცხადებით, კომპანია აპირებს მიმართოს ასევე მარეგულირებელ კომისიას ურთიერთჩართვის შეწყვეტის მოთხოვნით. აღნიშნული ინფორმაციის მასობრივი საინფორმაციო საშუალებების მეშვეობით გავრცელების შემდეგ, კომისიაში შემოსული იყო მომხმარებლების არაერთი სატელეფონო ზარი, სადაც მომხმარებლები აღნიშნავდნენ, რომ სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის”, შპს ”ახალი ქსელებისა” და შპს ”ახტელი”-ს აბონენტებს შორის  დაკავშირება შეუძლებელი გახდა.

”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 62-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ”ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში მომხმარებელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების  დაცვას ზედამხედველობს კომისია”, ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია  ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელთა მიერ სალიცენზიო პირობების შესრულების შემოწმებას კომისია ახორციელებს სალიცენზიო პირობების შერჩევით შემოწმებით ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ რეგულარული ანგარიშგებით.  გარდა ამისა, კომისია უფლებამოსილია ჩაატაროს  შემოწმება კომისიაში შესული საჩივრის, ექს-პარტე შეტყობინების, საგაზეთო ან სხვაგვარი ინფორმაციის საფუძველზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მომხარებელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვისა და კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულების მიზნით, 2008 წლის 3 აპრილს კომისიის მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებულ იქნა შემოწმება და შედგენილ იქნა შემოწმების აქტი №6, რომელშიც აღნიშნულია, რომ ”სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიერ 2008 წლის 3 აპრილის სატელევიზიო განცხადებების შემდეგ შემოწმებულ იქნა კომისიაში არსებული სატელეფონო კავშირების მეშვეობით სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” გასვლა შპს ”ახალი ქსლებისა და სს” ახტელი”-ს ასს-ებზე. შემოწმების შედეგად გამოირკვა, რომ სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიერ გათიშულ იქნა ურთიერთჩართვა შემდეგ ასს-ებში  - 37, 39, 78, რის გამოც შეწყდა კავშირი შპს ”ახალი ქსლები”-სა და შპს ”ახტელის“ აბონენტებთან, გადაჭრილი აღმოჩნდა ასს 32-22; 93-72; 65-ზაჰესის მიმართულებით ოპტიკური კაბელები.

მაგისტრალური კაბელების (7X600) გადაჭრის გამო სატელეფონო მომსახურება შეუწყდა 4000-მდე აბონენტს. ამასთანავე გაითიშა კავშირები სპეცსამსახურის კვანძებთან (022; 03;04).

მომხმარებელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის მიზნით, აგრეთვე გამომდინარე იქიდან, რომ შპს „ახალი ქსელებისა“ და შპს „ახტელი“-ს მიერ, როგორც ძირითად, ისე დაზუსტებულ განცხადებაში დაყენებული მოთხოვნები დაკავშირებულია მოპასუხე მხარის მიერ, კომისიის თანხმობის გარეშე, არსებული ურთიერთჩართვის შეწყვეტასთან და ამ უკანასკნელის მიერ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონისა და კომისიის გადაწყვეტილებების უხეში დარღვევით ათასობით მომხმარებლისთვის საკომუნიკაციო მომსახურების შეზღუდვასთან, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია, შპს ”ახალი ქსელების” ძირითად განცხადებაში დასმული სადავო საკითხებისა და ასევე, 2008 წლის 3 აპრილს სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიერ შპს „ახალი ქსელებისა“ და შპს „ახტელი“-ს კუთვნილი კაბელების დემონტაჟთან დაკავშირებული საკითხები, რაც შპს ”ახალი ქსელებისა” და შპს ”ახტელი”-ს დაზუსტებულ განცხადებაში აისახა, გაერთიანდეს ერთ ადმინისტრაციულ წარმოებად, ვინაიდან სახეზეა არსებითად ერთი და იმავე შინაარსის ქმედებათა ერთობლიობა - დაშვებისა და არსებული ურთიერთჩართვის კომისიის თანხმობის გარეშე უკანონო შეზღუდვა, რაც უნდა შეფასდეს, როგორც ერთიანი დენადი ხასიათის დარღვევა, ჩადენილი ერთი და იმავე სუბიექტის მიერ. ამასთან, გამომდინარე მომხარებელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის საჯარო ინტერესიდან, კომისია მიზანშეწონილად მიიჩნევს  მხარეებს შორის არსებულ დავასთან დაკავშირებული საკითების მოსამზადებელი სხდომა გადაიზარდოს საკითხის არსებით განხილვაში და გადაწყვეტილება მიღებულ იქნას დაუყოვნებლივ. აღნიშნულის შესახებ, კომისიის 2004 წლის 4 აპრილის სხდომაზე განემარტათ მხარეებს. აღნიშნულს არ დაეთანხმა სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” წარმომადგენელი და განაცხადა, რომ 2008 წლის 4 აპრილის მოსამზადებელი სხდომა, ეხებოდა მხოლოდ   შპს ”ახალი ქსელების” წარმომადგენლების თანალოკაციის ფართზე არდაშვებასა და STM-4-ს  მუშაობის აღდგენას, რაც შეეხება მეორე საკითხს, იგი არ უნდა იქნას განხილული მიმდინარე სხდომაზე, ვინაიდან მათთვის უცნობია ის საკითხი, რაც დაყენებულ იქნა შპს ”ახალი ქსელებისა” და შპს ”ახტელის” მიერ და მათ არ შეუძლიათ მიმდინარე სხდომაზე წარმოადგინონ საკუთარი არგუმენტები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

მიუხედავად სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” წარმომადგენლის პროტესტისა, კომისიამ არ დააკმაყოფილა მისი შუამდგომლობა და მიიჩნია, რომ ადმინისტრაციული წარმოებაში უზრუნველყოფილი იყო დაინტერესებული მხარეების მონაწილეობა, როგორც ეს გათვალისწინებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლით და მიუხედავად იმისა, რომ სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” წარმომადგენელმა მოითხოვა ვადა საკუთარი არგუმენტების წარმოსადგენად, მიზანშეწონილია ორივე საკითხის ერთობლივად განხილვა, გამომდინარე იქიდან, რომ სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” სატელეფონო კანალიზაციაში შპს ”ახალი ქსელებისა” და შპს ”ახტელი”-ს კაბელების დემონტაჟის შედეგად,  სატელეფონო მომსახურება შეუწყდა 4000-მდე აბონენტს და კომისიის მიერ ადეკვატური რეაგირებისა და შესაბამისი გადაწყვეტილების გამოცემის დაყოვნებამ შეიძლება არსებითი ზიანი მიაყენოს ქ. თბილისში მცხოვრები უამრავი ადამიანის საჯარო და კერძო ინტერესებს. გარდა ზემოაღნიშნულისა, კომისიამ მიიჩნია, რომ სადაო საკითხებზე კომისიაში წარმოდგენილია გადაწყვეტილების მისაღებად სრულიად საკმარისი მტკიცებულებები, მოსმენილია ზეპირი მოსმენის სხდომაზე მხარეთა სათანადო ახსნა-განმარტებები, ხოლო მოპასუხე მხარე საკმაოდ გარკვეულია სადაო საკითხის არსში, რაც თავად ამ კომპანიის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ გაკეთებული სატელევიზიო განცხადებებით დასტურდება. შესაბამისად, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნის 2008 წლსი 4 აპრილის სხდომაზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დაუყოვნებლივ მიღება, ვინაიდან თვლის, რომ მხარის შუამდგომლობა დაუსაბუთებელია და მიზნად ისახავს მხოლოდ საქმის განხილვის გაჭიანურებას.

კომისიამ შეისწავლა წარმოდგენილი მასალები და აღნიშნავს შემდეგს:

1. შპს ”ახალი ქსელების”-ს წარმომადგენლების თანალოკაციის ფართზე დაშვებასა და STM-4-ს  მუშაობის აღდგენასთან მიმართებაში სადავო საკითხებთან დაკავშირებით, კომისიის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტის  მიერ ასს 34-ში შემოწმებულ იქნა შპს „ახალი ქსლების“ კუთვნილი მულტიპლექსორისათვის ელექტროენერგიის შეწყვეტის მდგომარეობა და შედგენილ იქნა შემოწმების აქტი N5, რომელშიც აღნიშნულია შემდეგი: „შემოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ ასს 34-ში შპს „ახალ ქსელები“-ს კუთვნილ მულტიპლექსორებზე კვება გამორთულია (კვების კერძოდ ± 48ვოლტიდან ერთი მავთული გამორთულია).”

კომისიის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტის განმარტებით ასს 34-ში შპს „ახალი ქსელები“-ს კუთვნილ მულტიპლექსორებზე კვების გათიშვამ გამოიწვია შპს ”ახტელი”-ს ასს 77-სა და სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” ასს-34/35 შორის 2-E1 გათიშვა, რომელთაგანაც ერთ-ერთზე პროგრამულად მიბმული იყო სასიგნალო არხი. სასიგნალო არხის ჩავარდნის შედეგად, შეჩერებულ იქნა ტრაფიკი შპს ”ახტელი”-ს  აბონენტებიდან სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” ასს-34/35 აბონენტებისაკენ. ამავე დროს, მულტიპლექსორებზე კვების გათიშვამ გამოიწვია  3 - E1-ის (2 მეგაბიტიანი სისტემა) გათიშვა შპს ”ახალი ქსელები”-ს ასს-69-დან,  4-E1-ის გათიშვა ასს-33-ში კონვერგირებული სადგურიდან (soft swich). ყოველივე ზემოაღნიშნული კი გულისხმობის შპს ”ახალი ქსელებს” შპს ”ახტელსა” და სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შორის ურთიერთჩართვის შეწყვეტას ასს-34/35-ში.

რაც შეეხება შპს „ახტელთან“ ასს 34/35-ში ურთიერთჩართვის არარსებობას, რასაც სადაოდ ხდის სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” წარმომადგენელი, კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ახტელსა“ და სს „საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შორის არსებობდა ფაქტობრივი ურთიერთჩართვა, სს „საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიის“ მიერ გამოცხადებულ ურთიერთჩართვის წერტილში, (ასს34/35), რაც დასტურდება კომისიაში არსებული ურთიერთჩართვის პროექტით (შეთანხმებული შპს „ახალი ქსელები“-ს და სს „საქართველოს ელექტროკავშირს“ შორის) რომლის შესაბამისადაც, ასს-77 (შპს „ახტელისა“ და სს „საქართველოს ელექტროკავშირის” ურთიერთჩართვის წერტილი) მიერთებულია 5 E-1 ასს-34/35-თან, მათ შორის 2-E1 ორგანიზებულია შპს „ახალი ქსელების“ ოპტიკურ ბოჭკოვანი ქსელით და მულტიპლექსორზე კვების გათიშვამ, გამოიწვია აღნიშნულ კომპანიებს შორის ურთიერთჩართვის შეწყვეტა.

რაც შეეხება თანალოკაციის ფართზე დაშვების საკითხს, კომისია აღნიშნავს, რომ შეისწავლა წარმოადგენილი მასალები და როგორც მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან ირკვევა, 2008 წლის 25 მარტიდან - 2008 წლის 3 აპრილამდე პერიოდში სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიერ არ ხორციელდებოდა შპს ”ახალი ქსელებისა” და შპს ”ახტელი”-ს წარმომადგენლების დაშვება ასს- 34/35-ში, რაც დასტურდება  სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი პასუხით, რომელშიც აღნიშნულია, რომ ”2008 წლის 25 მარტს, სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიისა” და შპს ”ახალი ქსელები”-ს და შპს ”ახტელი”-ს წარმომადგენლებს შორის არსებულ შეხვედრაზე, შპს ”ახალი ქსელები”-ს და შპს ”ახტელი”-ს წარმომადგენლებს  განემარტათ, რომ როგორც კი იქნებოდა წარმოდგენილი საკუთრების დამადასტურებელი მტკიცებულება, შპს ”ახალი ქსელები”-ს და შპს ”ახტელი”-ს  წარმომადგენლები დაშვებულ იქნებოდნენ ქონებასთან. აღნიშნულის შესახებ შპს ”ახალი ქსელები”-ს წარმომადგენლებს ასევე ეცნობათ 2008 წლის 1 აპრილის წერილით №8-15/389, რომელშიც აღნიშნულია, რომ სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” ასს 34-ში SDH აპარატურის განთავსებაზე მხარეებს შორის არ არსებობს არანაირი სამართლებრივი ურთიერთობა და სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიისთვის” უცნობია აღნიშნული აპარატურა წარმოადგენს თუ არა შპს ”ახალი ქსელები”-ს საკუთრებას და კომპანიის მიერ დაშვებასთან დაკავშირებული საბოლოო გადაწყვეტილება მიღებულ იქნება შპს ”ახალი ქსელები”-ს და შპს ”ახტელი”-ს მიერ SDH აპარატურის  საკუთრებისა და განთავსებაზე ნებართვის არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენის შემდეგ. აღნიშნულთან დაკავშირებით კომისიაში ასევე წარმოდგენილ იქნა  შპს ”ახალი ქსელები”-ს და შპს ”ახტელი”-ს წერილის ასლი, გაგზავნილი სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” სახელზე, სადაც აღნიშნულია, რომ ასს-34/35-ში აპარატურის საკუთრების საკითხთან დაკავშირებით შპს ”ახალი ქსელები” და შპს ”ახტელი“ სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” უგზავნის აპარატურის ჩამონათვალს, რომელიც განთავსებულია ასს/34-35-ში, ასევე ანგარიშებსა და შედარების აქტებს, სადაც აღნიშნულია აპარატურის განთავსებისათვის გადასახადები. ყველაზე მნიშვნელოვანი მტკიცებულება არის თვით სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” წერილი (03.04.2008 №4-15/311),რომელიც გაგზავნილია სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” ფილიალ - ”თბილისის სატელეფონო ქსელის” დირექტორთან -  ლ.ქარაზანაშვილთან და რომელშიც აღნიშნულია შემდეგი: ”გაცნობებთ, რომ ”გაერთიანებული ტელეკომის” ასს-34-ში ”ახალ ქსელებს” განთავსებული აქვს SDH აპარატურა. გთხოვთ, აღნიშნულ ასს-ში მათი კუთვნილი აპარატურის მომსახურების მიზნით, წინამდებარე წერილის საფუძველზე, ”ახალი ქსელების” თანამშრომლები დაუშვათ ზემოთ აღნიშნულ ასს-ში. აღნიშნულ ასს-ში ”ახალი ქსელების” წარმომადგენლების დაშვება მოხდეს მხოლოდ ”გაერთიანებული ტელეკომის” თანამშრომლებთან ერთად.” აღნიშნული წერილით ნათელი ხდება, რომ დაშვების ნება სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის მხრიდან გამოხატულ იქნა მხოლოდ 2008 წლის 3 აპრილს და ამავე დროს, კომპანიის წარმომადგენლები სადაოდ აღარ ხდიდნენ ასს 34-ში შპს ”ახალი ქსელების” აპარატურის განთავსებისა და საკუთრების საკითხს.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ ურთიერთჩართვასთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობები სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” და შპს ”ახალ ქსელებსა” და შპს ”ახტელს” შორის რეგულირდება კომისიის 2004 წლის 30 ივლისის N381/22 გადაწყვეტილებით, სს „საქართველოს ელექტროკავშირსა (ამჟამინდელ სს „საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას“) და შპს „ახალ ქსელებსა“ და შპს „ახტელს“ შორის დადგენილი ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობებით. სს „საქართველოს ელექტროკავშირსა“ და შპს „ახალ ქსელებს“ შორის დადგენილი ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობების მე-3 მუხლის 3.2 პუნქტის შესაბამისად, მხარეთა შორის ურთიერთჩართვის ერთ-ერთ წერტილად განისაზღვრა ასს 34/35, ქ.თბილისი თევდორე მღვდლის ქუჩა N46. ამავე მუხლში 3.5 პუნქტის შესაბამისად, „მხარეებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ორივე მხარის სპეციალისტებს, ტექნიკურ პერსონალსა და უფლებამოსილ წარმომადგენლებს ხელი მიუწვდებოდეთ მხარეთა ურთიერთჩართვის იმ წერტილებზე (აგრეთვე ურთიერთჩართვის განხორციელებისთვის აუცილებელ სხვა მოწყობილობებზე), რომლებსაც მნიშვნელობა აქვთ ურთიერთჩართვის ტექნიკური უზრუნველყოფისთვის“, ხოლო ამავე მუხლის 3.7. პუნქტის შესაბამისად, ”ავარიის შემთხვევაში (ანუ მხარეთა ტექნიკური საშუალებების ისეთ დაზიანებისას, რაც არ არის გამოწვეული ფორსმაჟორული გარემოებებით) მხარე, რომლის ტექნიკური საშუალებები გამოვიდნენ მწყობრიდან, დაუყოვნებლივ ატყობინებს მეორე მხარეს ავარიის შესახებ და იღებს ყველა ზომას, რათა მინიმალურ ვადაში აღმოფხვრას ავარიის შედეგები და აღადგინოს ურთიერთჩართვა”. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდიარე, კომისიას მიაჩნია, რომ სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის“ მხრიდან, ადგილი ჰქონდა სს „ელექტროკავშირსა“ და შპს „ახალ ქსელებს“ შორის დადგენილი ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობების დარღვევას და ურთიერთჩართვის არამართებულ შეწყვეტას.

2. რაც შეეხება 2008 წლის 3 აპრილს სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიერ, მათ კუთვნილ კანალიზაციებში შპს ”ახალი ქსელებისა” და შპს ”ახტელი”-ს კაბელების დემონტაჟს, კომისია აღნიშნავს, რომ როგორც კომისიის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ შედგენილი შემოწმების აქტი №6-დან ირკვევა, სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიერ გათიშულ იქნა ურთიერთჩართვა შემდეგ ასს-ებში: 37, 39, 78, რის გამოც შეწყდა კავშირი შპს ”ახალი ქსელები”-სა და შპს ”ახტელის” აბონენტებთან. ამავე დროს, გადაჭრილი აღმოჩნდა ასს 32-22; 93-72; 65 ზაჰესის მიმართულებით ოპტიკური კაბელები. მაგისტრალური კაბელების (7X600) გადაჭრის გამო, სატელეფონო მომსახურება შეუწყდა 4000-მდე აბონენტს. ამასთანავე, გაითიშა კავშირები სპეცსამსახურის კვანძებთან (022; 03;04).

კომისიის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტის განმარტებით, შპს „ახალი ქსელები“-ს ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელი აგებულია რგოლური პრინციპით და რამდენიმე კაბელის გადაჭრა და მულტიპლექსორის გათიშვა იწვევს სადგურთაშორისო კავშირის ძირითადი და ალტერნატიური გზების მწყობრიდან გამოსვლას, რაც საბოლოო ჯამში იწვევს კომპანიებს შორის ურთიერთჩართვის შეწყვეტას.

კომისია აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ”ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორმა, რომელიც ადგილობრივი მომსახურების ზონაში სააბონენტო ნუმერაციის რესურსის გამოყენებით ახორციელებს ბოლო მომხმარებლების მომსახურებას, უნდა უზრუნველყოს საკუთარი ქსელის შესაბამის ელემენტებთან შეუზღუდავი და არადისკრიმინაციული დაშვებით, სხვა მსურველი ოპერატორებისათვის და  ელექტრონული საკომუნიკაციო  უწყებრივი ქსელის მფლობელი პირებისათვის ურთიერთჩართვის პირდაპირი ან არაპირდაპირი მიწოდება. დაუშვებელია ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორებს შორის მოქმედი ურთიერთჩართვის შეწყვეტა. ურთიერთჩართული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მიერ  მოქმედი ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ხელშეკრულების მეორე მხარე უფლებამოსილია ამ პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად შეაჩეროს მოქმედი ურთიერთჩართვა მხოლოდ კომისიის თანხმობით და მის მიერ განსაზღვრული ვადითა და პირობებით.

როგორც კომისიის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტის დასკვნები ცხადყოფს, სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის“ მხრიდან 2008 წლის 25 მარტს, ხოლო შემდეგ 2008 წლის 3 აპრილს, ადგილი ჰქონდა შპს „ახალ ქსელებთან“ და შპს „ახტელთან“ ურთიერთჩართვის შეწყვეტას. ამავე დროს, სს „საქართველს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის“  დირექტორის მოადგილის ბატონ ივა მარტიაშვილის მიერ მასობრივი სინფორმაციო საშაულებებით გაკეთებული განცხადების შესაბამისად, 2008 წელს კომპანიის მიერ შპს „ახალი ქსელები“-ს და შპს „ახტელი“-ს კაბელების გადაჭრისა და დემონტაჟის დაწყება განაპირობა აღნიშნული კომპანიების მიერ სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის“ მიმართ არსებულმა ფინანსურმა დავალიანებამ, რომელმაც შეადგინა დაახლოებით რვა მილიონი ლარი და კომპანია აპირებს მიმართოს კომისიას ურთიერთჩართვის შეჩერებაზე თანხმობის მიღების მოთხოვნით. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, კომისიაში სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის“ მხრიდან არც 3 და არც 4 აპრილს არ ყოფილა შემოსული რაიმე სახის განცხადება, შპს „ახალ ქსელებსა“ და შპს „ახტელთან“ ურთიერთჩართვის შეჩერების მოთხოვნით, როგორც ეს გათვალისწინებულია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტით. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, შუამდგომლობა სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის“ წარმომადგენელს არც კომისიის 2008 წლის 4 აპრილის მოსამზადებელ სხდომაზე დაუყენებია. შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის“ მიერ დარღვეულ იქნა „ელექტრონული კომუნიკაციების“ შესახებ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნები, რაც დადასტურებულია კომისიის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ შედგენილი შემოწმების აქტებით (აქტი N5 და აქტი N6), აგრეთვე თავად მოპასუხე მხარის უფლებამოსილი წარმომადგენლის საჯარო განცხადებებით, რაც წარმოადგენს სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის“ სანქცირების საფუძველს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, რომლის შესაბამისადაც, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს.

”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ”ზ” ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის  შესაბამისად, კომისია აკონტროლებს  ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას.

მომხმარებელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების, ასევე „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვის მიზნით, კომისიას მიაჩნია, რომ:

1. სს „საქართველოს გაერთიანებულმა სატელეკომუნიკაციო კომპანიამ“ უნდა უზრუნველყოს შპს „ახალი ქსელები“-ს წარმომადგენლების დაშვება სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის“ შემდეგ ასს-ებში - 34/35; 93/99; 22; 60/61; 63/64-ში, შპს „ახალი ქსელების“ აპარატურასთან;

2. სს „საქართველოს გაერთიანებულმა სატელეკომუნიკაციო კომპანიამ“ უნდა უზრუნველყოს შპს „ახალ ქსელებსა“ და შპს „ახტელთან“ ურთიერთჩართვის აღდგენა შეწყვეტილ ყველა მიმართულებებზე;

3. სს „საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიის“ მიმართ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის დარღვევის გამო, სანქციის სახით, გამოყენებულ უნდა იქნას გაფრთხილება;

4. სს“საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიასა“ და  შპს „ახალი ქსელებისა“ და შპს „ახტელი“-ს შორის ერთმანეთის მიმართ თითოეული მხარის ფინანსური ვალდებულებების დადგენის მიზნით, მიზანშეწონილია შეიქმნას სპეციალური მუშა ჯგუფი კომისიის აპარატში დასაქმებულ პირთა და მხარეთა წარმომადგენლების მონაწილეობით;

5. მომხმარებელთა  უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით გადაწყვეტილება მიქცეულ უნდა იქნას დაუყოვნებლივი აღსრულებისათვის;

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის, 42-ე მუხლის, 45-ე მუხლის პირველი პუნქტისა და  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 165-ე მუხლის შესაბამისად,  კომისიამ

გადაწყვიტა:

1. უზრუნველყოს სს „საქართველოს გაერთიანებულმა სატელეკომუნიკაციო კომპანიამ“  შპს „ახალი ქსელები“-ს წარმომადგენლების დაშვება სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის“ შემდეგ ასს-ებში - 34/35; 93/99; 22; 60/61; 63/64-ში, შპს „ახალი ქსელებისა“ აპარატურასთან, ამ გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 3 დღის ვადაში;

2. უზრუნველყოს სს „საქართველოს გაერთიანებულმა სატელეკომუნიკაციო კომპანიამ“  შპს „ახალ ქსელებსა“ და შპს „ახტელთან“ ურთიერთჩართვის აღდგენა შეწყვეტილ ყველა მიმართულებაზე, ამ გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 7 დღის ვადაში;

3. მიეცეს გაფრთხილება სს „საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას“, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის დარღვევის გამო.

4. სს “საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიასა“ და  შპს „ახალ ქსელებსა“ და შპს „ახტელს“ შორის, ერთმანეთის მიმართ, თითოეული მხარის ფინანსური ვალდებულებების დადგენის მიზნით, შეიქმნას სპეციალური მუშა  ჯგუფი კომისიის აპარატში დასაქმებულ პირთა და მხარეთა წარმომადგენლების მონაწილეობით.

5. დაევალოთ კომისიის აპარატში დასაქმებულ ქვემოთ ჩამოთვლილ პირებს, ამ გადაწყვეტილების მე-4 პუნქტით განსაზღვრული სპეციალური მუშა ჯგუფის მუშაობაში მონაწილეობის მიღება და ერთობლივი დასკვნის წარმოდგენა, მოდავე მხარეთა შორის, ერთმანეთის მიმართ, თითოეული მხარის ფინანსური ვალდებულებების შესახებ:

ა) იოსებ აბულაძე (ფინანსური დეპარტამენტის უფროსი);

ბ) კახი ყურაშვილი (სამართლებრივი დეპარტამენტის უფროსი);

გ) უჩა სეთური (სტრატეგიული განვითარებისა და კონკურენციის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);

დ) ირმა დეკანოსიძე (სტრატეგიული განვითარებისა და კონკურენციის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი).

6. ეთხოვოს შპს ”ახალი ქსელებს”, შპს ”ახტელს”, აგრეთვე სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიას” გამოყონ უფლებამოსილი პირები ამ გადაწყვეტილების მე-4 პუნქტში აღნიშნული სპეციალური მუშა ჯგუფის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად;

7. გადაწყვეტილება მიქცეულ იქნას დაუყოვნებილივი აღსრულებისათვის;

8. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახაძე) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის მხარეებისათვის დაგზავნა დაზღვეული საფოსტო გზავნილით;

9. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის მხარეებისათვის  ჩაბარების დღიდან;

10. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის № 1 ა) ერთი  თვის ვადაში;

11. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ.ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                                      გ.არველაძე

კომისიის წევრები                                                                 ზ.ნონიკაშვილი

                                                                                                კ.კვიტაიშვილი

                                                                                                ს.ბრიტანჩუკი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები