შპს ”სთაილ კომუნიკეიშენი” -სთვის ნუმერაციის მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აპრილი 18, 2008
მიღების თარიღი აპრილი 11, 2008
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს ”სთაილ კომუნიკეიშენმა” (03.04.2009 №7/130-08) ციფრების ოთხნიშნა კომბინაციის ნუმერაციის რესურსის გამოყოფასთან დაკავშირებით.
როგორც შპს ”სთაილ კომუნიკეიშენი” -ს წერილშია აღნიშნული, კომპანიას სურვილი აქვს განახორციელოს საცნობარო მომსახურება და ესაჭიროება ციფრების ოთხნიშნა კომბინაციის ნუმერაციის რესურსი.
კომისია აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-11 პუნქტიდან გამომდინარე, არაავტორიზებად პირებს, რომელთა საქმიანობა არ არის დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან, ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან, მაგრამ საქმიანობისას საჭიროებენ ნუმერაციის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებას, კომისია ანიჭებს ნუმერაციას დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით დროებით, 1 წლის ვადით გამოყენებისათვის.
გამომდინარე იქიდან, რომ შპს ”სთაილ კომუნიკეიშენი” -ს მიერ ნუმერაციის რესურსით სარგებლობა არ არის დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან, ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან და მისი გამოყენება დაგეგმილია არაავტორიზებადი საქმიანობისთვის - საინფორმაციო მომსახურების უზრუნველსაყოფად, კომისიას შესაძლებლად მიაჩნია, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით დროებით, ერთი წლის ვადით მიანიჭოს შპს ”სთაილ კომუნიკეიშენს” ნუმერაციის რესურსი 8-0-6-9 (რვა-ნული- ექვსი-ცხრა).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს შპს ”სთაილ კომუნიკეიშენს” ნუმერაციის რესურსი - 8-0-6-9 (რვა-ნული-ექვსი-ცხრა) დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით, 1 წლის ვადით - 2009 წლის 11 აპრილამდე ქ.თბილისში;
2. შპს ”სთაილ კომუნიკეიშენი” არ არის უფლებამოსილი აღნიშნული ნუმერაციის რესურსი გამოიყენოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციას დაქვემდებარებული საქმიანობისთვის;
3. კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის ან/და ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, შპს ”სთაილ კომუნიკეიშენის” მიერ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საკითხი შესაბამისობაში მოიყვანოს ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან, რაც გულისხმობს ნუმერაციის შეცვლის უფლებამოსილებასაც. ამ შემთხვევაში შპს ”სთაილ კომუნიკეიშენს” არ წარმოეშვება კომპენსაციის მოთხოვნის უფლება.
4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის შპს ”სთაილ კომუნიკეიშენი”-სთვის ჩაბარების დღიდან;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის № 1 ა) ერთი თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამარტლებრივ დეპარტამენტს (კ.ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე გ.არველაძე
კომისიის წევრები ზ.ნონიკაშვილი
გ.ფრუიძე
კ.კვიტაიშვილი
ს.ბრიტანჩუკი
