წვდომის მენიუ

შპს ”ტელეკომპანია რუსთავი 2” -სათვის დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადის განსაზღვრის შესახებ

ნომერი: 201 / 10

გამოქვეყნების თარიღი მაისი 14, 2008

მიღების თარიღი აპრილი 18, 2008

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიის 2008 წლის 14 მარტის N141/10 გადაწყვეტილების შესაბამისად გამოცხადდა კონკურსი კერძო საერთო ტელემაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად.

ლიცენზიის მაძიებლების მიერ განცხადების მიღების ვადად განისაზღვრა 2008 წლის 11 აპრილის 17:00 საათი. კერძო საერთო ტელემაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად განაცხადი წარმოადგინა შპს  ”ტელეკომპანია რუსთავი 2” -მა.

2008 წლის 18 აპრილის მოსამზადებელ სხდომაზე, ლიცენზიის მაძიებლის თანდასწრებით შედგა კონკურსში მონაწილეობის თაობაზე განცხადების განხილვა და თანდართული დალუქული დოკუმენტაციის გახსნა, რის შედეგადაც დადგინდა, რომ შპს ”ტელეკომპანია რუსთავი 2” -ის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ შეესაბამება გამოცხადებული კონკურსის პირობებს. კერძოდ, არასრულყოფილად არის წარმოდგენილი საერთო მაუწყებლობის ლიცენზიის გაცემისათვის საჭირო დოკუმენტაცია ტექნიკური საშუალებების შესახებ და სრულყოფილი სამაუწყებლო კონცეფცია.

 საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-2 და  მე-3 პუნქტების თანახმად, თუ განმცხადებლის მიერ არასრულყოფილადაა წარმოდგენილი დოკუმენტაცია, ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარმოადგინოს დამატებითი დოკუმენტაცია. დამატებითი დოკუმენტის წარმოდგენის ვადა არ შეიძლება იყოს 5 სამუშაო დღეზე ნაკლები. თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარადგენს შესაბამის დოკუმენტაციას, ადმინისტრაციული ორგანო ღებულობს გადაწყვეტილებას განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.

”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად დოკუმენტაციის არასრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში კომისიამ უნდა გააფრთხილოს ლიცენზიის მაძიებელი და მისცეს მას დამატებით არანაკლებ 5 და არა უმეტეს 15 სამუშაო დღე დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 14 მარტის N141/10 გადაწყვეტილების მე-10 პუნქტის თანახმად ლიცენზიის მაძიებლის მიერ დოკუმენტაციის არასრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში კომისია ლიცენზიის მაძიებელს აძლევს დამატებით არანაკლებ 5 და არა უმეტეს 15 სამუშაო დღეს წარმოდგენილი დოკუმენტაციის სრულყოფის მიზნით.

  ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების,  ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-4 პუნქტის  და კომისიის 2008 წლის 14 მარტის N141/10 გადაწყვეტილების მე-10 პუნქტის თანახმად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. განესაზღვროს შპს ”ტელეკომპანია რუსთავი 2”-ს 15 დღიანი ვადა წარმოდგენილი დოკუმენტაციის სრულყოფის მიზნით:

ა) წარმოადგინოს დოკუმენტაცია პროგრამების გავრცელებისათვის გამოსაყენებელი ტექნიკური საშუალებების თაობაზე;

ბ) სრულყოფილად წარმოადგინოს განსახორციელებელი სამაუწყებლო კონცეფცია.

2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:

ა) აცნობოს  შპს ”ტელეკომპანია რუსთავი 2” -ს გადაწყვეტილების მიღების თაობაზე (ნ. ჯავახიძე);

ბ)  გადაწყვეტილების ინტერნეტში კომისიის გვერდზე გამოქვეყნება (ნ. ჯანელიძე);

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. N 1ა) ერთი თვის ვადაში;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (გ.რატიშვილი).

5. გადაწყვეტილება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.

            წევრები:                                                         გ. ფრუიძე                                         

                                                                                    ზ. ნონიკაშვილი

                                                                                    ს. ბრიტანჩუკი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები