წვდომის მენიუ

შპს ”კავკასუს ონლაინსა” და სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შორის დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ

ნომერი: 203 / 16

გამოქვეყნების თარიღი მაისი 14, 2008

მიღების თარიღი აპრილი 21, 2008

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ შპს ”კავკასუს ონლაინმა” 2008 წლის 14 აპრილს განცხადებით მიმართა  კომისიას სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიასთან” დავის  განხილვის მოთხოვნით.

კომისიაში წარმოდგენილ განცხადებაში შპს ”კავკასუს ონლაინი” აღნიშნავს, რომ სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიისადმი” გაგზავნილ იქნა მომსახურების გაწევაზე 23 მიმართვა (ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის დაზიანებული ნაწილის გამოცვლა და აღდგენა; 16 მმ ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის ჩადება ჭაში; ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის შეკეთებისათვის საჭირო ნებართვის გაცემა; დაზიანებული წყვილების შეცვლა და დაზიანებათა აღმოფხვრა; 100 წყვილიანი კაბელების კროსიდან აპარატურამდე ჩადება და შესაბამისი ჩარჩოების გამოყოფა; DSL მომსახურების ჩართვა), რომლებზეც არ გაუცია პასუხი. ამასთან, შპს ”კავკასუს ონლაინი” განცხადებაში აღნიშნავს, რომ მოწინააღმდეგე მხარის მიერ მოხდა საქართველოს კანონმდებლობისა და კომისიის გადაწყვეტილებების არაერთგზის დარღვევა.

მოთხოვნები: კომისიამ დაავალოს სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შეუზღუდავად და უპირობოდ განახორციელოს მათ მიერ გადაგზავნილ მიმართვებში ასახული მოთხოვნების შესრულება. (ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის დაზიანებული ნაწილის გამოცვლა და აღდგენა; 16 მმ ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის ჩადება ჭაში; ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის შეკეთებისათვის საჭირო ნებართვის გაცემა; დაზიანებული წყვილების შეცვლა და დაზიანებათა აღმოფხვრა; 100 წყვილიანი კაბელების კროსიდან აპარატურამდე ჩადება და შესაბამისი ჩარჩოების გამოყოფა; DSL მომსახურების ჩართვა.) ასევე, განახორციელოს ყველა ხელშეკრულების გაფორმება ბაზრის იმ სეგმენტებზე მომსახურებათა უზრუნველსაყოფად, რომელთა ვალდებულებაც გააჩნია  მოპასუხეს, როგორც მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორს. ამასთან, განმცხადებელი ითხოვს, რომ კომისიამ, საქართველოს კანონმდებლობისა და კომისიის გადაწყვეტილებების დარღვევისათვის, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის მაქსიმუმი დააკისროს სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიას”.

აღნიშნულ საკითხზე, 2008 წლის 21 აპრილს კომისიაში ჩატარდა მოსამზადებელი სხდომა, სადაც განმცხადებელმა დაადასტურა წერილში აღნიშნული პოზიცია და წარმოადგინა დამატებითი მტკიცებულებაც (საპატრულო პოლიციის შეტყობინება).

უნდა აღინიშნოს, რომ  დამატებითი მოსაზრებები და მტკიცებულებები არ წარმოუდგენია მოპასუხე მხარეს.

 “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე,  კომისიამ

გადაწყვიტა:

1. დაინიშნოს შპს  ”კავკასუს ონლაინსა” და სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შორის დავის  განხილვა 2008 წლის 2 მაისს 16:00 საათზე;

2. დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ ეცნობოთ დაინტერესებულ მხარეებს (გ. ხოჯევანიშვილი).

3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის უფროსს (კ. ყურაშვილი).

4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

5. გადაწყვეტილება ამოქმედდეს კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარე                                                                გ. არველაძე                            

წევრები:                                                                                                      

კ. კვიტაიშვილი

ზ. ნონიკაშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები