შპს ”ახალი ქსელების” დაჯარიმების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აპრილი 30, 2008
მიღების თარიღი აპრილი 21, 2008
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (28.03.2008 №6/592-08) მიმართა სს ”საქართველოს გაერთიანებულმა სატელეკომუნიკაციო კომპანიამ” შპს ”ახალი ქსელების” მიერ ნუმერაციის რესურსის უკანონოდ სარგებლობასთან დაკავშირებით, კერძოდ, განცხადებაში აღნიშნულია, რომ შპს ”ახალი ქსელები” კანონმდებლობის უხეში დარღვევით სარგებლობს ქ.თბილისში ნუმერაციის რესურსით - 305000 – 309999. აღნიშნული ნუმერაციის რესურსს კი ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N51 ლიცენზიის საფუძველზე ფლობს სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია”.
კომისია აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას.
კომისია აღნიშნავს, რომ სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” განცხადების საფუძველზე 2008 წლის 10 აპრილს შემოწმებულ იქნა ქ.თბილისში ადგილობრივი (ფიქსირებული) სატელეფონო ინდექსით (305XXX - 309XXX ნუმერაციის რესურსით) სარგებლობის საკითხი და შედგენილ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმი №000051, შპს ”ახალი ქსელები”-ს მიერ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის დარღვევის გამო. აღნიშნულ ოქმში დაფიქსირებულ იქნა შპს ”ახალი ქსელები”-ს წარმომადგენლის ბატონ ნ.ჟღენტის ახსნა-განმარტება, კერძოდ შპს ”ახალი ქსელები”-ს წარმომადგენლის განმარტებით - ”305XXX - 309XXX აღნიშნული ნუმერაციის რესურსით შპს ”ახალი ქსელები” სარგებლობს 1997 წლიდან, იმ დროისათვის არავითარი ლიცენზია არ არსებობდა, შპს ”ახალი ქსელებისთვის” ეს ლიცენზია არავის არ ჩამოურთმევია, უფრო მეტიც, კანონის თანახმად უნდა მომხდარიყო ლიცენზიის ავტომატურად მინიჭება, ვინაიდან კანონის გამოსვლის პერიოდში სარგებლობდა აღნიშნული რესურსით.” ზემოაღნიშნული ოქმის ერთი ეგზემპლიარი გადაეცა შპს ”ახალი ქსელები”-ს წარმომადგენელს.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ შედგენილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის საფუძველზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განსახილველად მომზადების სტადიაზე კომისიამ მიიჩნია, რომ ზემოაღნიშულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საკითხის განხილვა შედის კომისიის უფლებამოსილების სფეროში, გამომდინარე იქიდან, რომ ”საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის” 228-ე მუხლის შესაბამისად, ამავე კოდექსის 1441-ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლებამოსილება მინიჭებული აქვს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიაში დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება შპს ”ახალი ქსელების” სანქცირებასთან დაკავშირებით, მის მიერ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის გამო.
”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 38-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმის განხილვა კომისიის მიერ უნდა დაიწყოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და თანდართული მასალების მიღებიდან 7 დღის ვადაში. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი კომისიის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ შედგენილ იქნა 2008 წლის 10 აპრილს, ხოლო კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს შესაბამისი რეაგირებისთვის გადაეცა 2008 წლის 11 აპრილს. შესაბამისად, საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2008 წლის 18 აპრილი, 16:00 საათი, ხოლო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო 2008 წლის 15 აპრილს, რის შესახებაც შეტყობინებით ეცნობა შპს ”ახალ ქსელებს”. მხარეს ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების, შუამდგომლობების წარმოდგენისა და ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტების და სხვა მასალების გაცნობის უფლება.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ კომისიის 2008 წლის 18 აპრილის სხდომა გადატანილ იქნა 2008 წლის 21 აპრილის, 16:00 საათზე. აღნიშნულის შესახებ დამატებით ეცნობა შპს ”ახალ ქსელებს” შეტყობინებით 2008 წლის 17 აპრილს.
საკითხის განხილვა გაიმართა 2008 წლის 21 აპრილის კომისიის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდნენ შპს ”ახალი ქსელები”-ს წარმომადგენლები ხ.ინჯია და ნ.ჟღენტი.
კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვასთან დაკავშირებით კომისიაში 2008 წლის 16 აპრილს შემოსულ იქნა შპს ”ახალი ქსელები”-ს შუამდგომლობა, რომლითაც მხარე ითხოვდა საკითხის განხილვის გადადებას 2008 წლის 25 აპრილის კომისიის სხდომისთვის გამომდინარე იქიდან, რომ შპს ”ახალი ქსელები”-ს დირექტორი, ბატონი ა.იაშვილი მიემგზავრება თურქეთის რესპუბლიკაში NGN-სა და ოპტიკურ კაბელთან დაკავშირებით კასპიის ტელეკომის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად და ვერ დაესწრება კომისიის სხდომას. კომისია მიიჩნევს, რომ საკითხის განხილვის გადადება ისედაც განხორციელდა გამომდინარე იქიდან, რომ კომისიის 2008 წლის 18 აპრილის სხდომა გადატანილ იქნა 2008 წლის 21 აპრილისთვის, ამავე დროს 25 აპრილი არის საქართველოს შრომის კოდექსით გათვალისწინებული უქმე დღე (სააღდგომო დღე - დიდი პარასკევი) და შესაბამისად კომისიის სხდომა არ გაიმართება. აღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ საკითხის განხილვის ხანგრძლივი დროით გადადება არ არის მიზანშეწონილი და მისი განხილვა უნდა მოხდეს კომისიის 2008 წლის 21 აპრილის სხდომაზე, ხოლო შპს ”ახალ ქსელებს” გაეგზავნა განმეორებითი შეტყობინება, ეცნობა სხდომის გადადების თაობაზე და ეთხოვა გამოყოს უფლებამოსილი პირი ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის №000051 ოქმის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ შპს ”ახალი ქსელები”-ს მიერ ქ.თბილისში ხორციელდება ნუმერაციის რესურსით - 305XXX - 309XXX (5000 სააბონენტო ნომერი) ულიცენზიოდ სარგებლობა. აღნიშნული ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლება ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N51 ლიცენზიის საფუძველზე, მინიჭებული აქვს სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას”.
კომისია მიიჩნევს, რომ შპს ”ახალი ქსელები”-ს მიერ ჩადენილ იქნა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევა, კერძოდ ულიცენზიოდ ნუმერაციის რესურსით სარგებლობა, რომლისთვისაც გათვალისწინებულია ჯარიმა - 5000 ლარის ოდენობით და შესაბამისად შპს ”ახალი ქსელები”-ს მიმართ ადმინისტრაციული სახდელის სახით გამოყენებულ უნდა იქნას ჯარიმა - 5000 ლარის ოდენობით. საქმის განხილვის სტადიაზე დადგინდა, რომ სამართალდარღვევის ჩადენისას ადგილი არ ჰქონია პასუხისმგებლობის დამამძიმებელ და შემამსუბუქებელ გარემოებებს, გათვალისწინებულს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 34-ე და 35-ე მუხლებით.
გამომდინარე იქიდან, რომ ქ.თბილისში სააბონენტო ნუმერაციით - 305XXX - 309XXX სარგებლობს შპს ”ახალი ქსელები”-ს მრავალი აბონენტი, სწორედ მომხმარებელთა ინტერესების გათვალისწინებით, კომისიას მიაჩნია, რომ შპს ”ახალ ქსელებს” და სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” უნდა მიეცეთ 1 (ერთი) თვის ვადა სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” მფლობელობაში არსებული ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N51 ლიცენზიის ნაწილობრივ გადაპირებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებისთვის. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ შპს ”ახალი ქსელებსა” და სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შორის ვერ იქნება მიღწეული შეთანხმება, ლიცენზიის ნაწილობრივ გადაპირებასთან დაკავშირებით, შპს ”ახალმა ქსელებმა” უნდა უზრუნველყოს ქ.თბილისში 305XXX - 309XXX სააბონენტო ნუმერაციის გამოთავისუფლება 1 (ერთი) თვის ვადაში.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 228-მუხლის, 1441-ე მუხლის პირველი ნაწილის, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის, 43-ე მუხლის მე-4 პუნქტის, ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის 15-ე 16-ე, 18-ე პუნქტებისა და 38-ე მუხლის შესაბამისად კომისიამ,
გადაწყვიტა:
1. დაეკისროს ჯარიმა შპს ”ახალ ქსელებს” 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის;
2. უზრუნველყოს შპს ”ახალ ქსელებმა” წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელის გადახდა 30 დღის ვადაში, საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
- ხაზინის ერთიანი ანგარიში, ანგარიშის ნომერი - 200122900,
- ბანკი-სახელმწიფო ხაზინა; ბანკის კოდი - 220101222;
- სახაზინო კოდი - 300773251;
3. უზრუნველყოს შპს ”ახალმა ქსელებმა” ჯარიმის გადახდის დამადასტურებლი საბუთის კომისიაში წარმოდგენა გადახდიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.
4. მიეცეს ვადა შპს ”ახალ ქსელებს” 2008 წლის 21 მაისამდე სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიასთან” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N51 ლიცენზიის ნაწილობრივ გადაპირებასთან დაკავშირებით შეთანხმებისთვის;
5. იმ შემთხვევაში, თუ ვერ იქნება მიღწეული შეთანხმება, შპს ”ახალ ქსელებსა” და სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შორის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N51 ლიცენზიის ნაწილობრივ გადაპირებასთან დაკავშირებით, უზრუნველყოს შპს ”ახალმა ქსელებმა” ქ.თბილისში 305XXX - 309XXX სააბონენტო ნუმერაციის გამონთავისუფლება 2008 წლის 21 ივნისამდე;
6. წინამდებარე გადაწყვეტილების მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში უზრუნველყოს შპს ”ახალმა ქსელებმა” მომხმარებლების ინფორმირება სატელეფონო ნომრების შეცვლასთან დაკავშირებით;
7. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების 7 დღის ვადაში გაგზავნა შპს ,,ახალი ქსელებისა” და სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიისთვის” დაზღვეული საფოსტო გზავნილის სახით.
8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, სარაჯიშვილის 1-ა) 10 დღის ვადაში;
9. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი ასლის შპს ”ახალი ქსელებისა” და სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიისთვის” ჩაბარების დღიდან;
10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ და საფინანსო დეპარტამენტებს (კ. ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე გ.არველაძე
კომისიის წევრები ზ.ნონიკაშვილი
კ.კვიტაიშვილი
