შპს ”უნიდენტი” - სთვის ნუმერაციის მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აპრილი 22, 2008
მიღების თარიღი აპრილი 21, 2008
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს ”უნიდენტმა” (14.04.2008 №7/148-08) ნუმერაციის რესურსის გამოყოფასთან დაკავშირებით.
როგორც შპს ”უნიდენტი”-ს წერილშია აღნიშნული, კომპანიას ნუმერაციის რესურსი ესაჭიროება მომხმარებლისათვის საინფორმაციო მომსახურების განსახორციელებლად, რაც გულისხმობს პაციენტებისთვის სატელეფონო კონსულტაციების გაწევას და სწორედ აღნიშნული მომსახურებისთვის ესაჭიროება ციფრების ოთხნიშნა კომბინაციის ნუმერაციის რესურსი.
კომისია აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-11 პუნქტიდან გამომდინარე, არაავტორიზებად პირებს, რომელთა საქმიანობა არ არის დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან, ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან, მაგრამ საქმიანობისას საჭიროებენ ნუმერაციის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებას, კომისია ანიჭებს ნუმერაციას დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით, 1 წლის ვადით გამოყენებისათვის.
გამომდინარე იქედან, რომ შპს ”უნიდენტი”-ს მიერ ნუმერაციის რესურსით სარგებლობა არ არის დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან, ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან და მისი გამოყენება დაგეგმილია არაავტორიზებადი საქმიანობისთვის - საინფორმაციო მომსახურების უზრუნველსაყოფად, კომისიას შესაძლებლად მიაჩნია, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით დროებით, ერთი წლის ვადით მიანიჭოს შპს ”უნიდენტს”-ს ნუმერაციის რესურსი 0-0-0-1 (ნული-ნული- ნული-ერთი).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს შპს ”უნიდენტს” ნუმერაციის რესურსი - 0-0-0-1 (ნული-ნული- ნული-ერთი) დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით, 1 წლის ვადით 2009 წლის - 21 აპრილამდე, საქართველოს ტერიტორიაზე;
2. შპს ”უნიდენტი” არ არის უფლებამოსილი აღნიშნული ნუმერაციის რესურსი გამოიყენოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციას დაქვემდებარებული საქმიანობისთვის;
3. კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის ან/და ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, შპს ”უნიდენტი”-ს მიერ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საკითხი შესაბამისობაში მოიყვანოს ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან, რაც გულისხმობს ნუმერაციის შეცვლის უფლებამოსილებასაც. ამ შემთხვევაში შპს ”უნიდენტს” არ წარმოეშვება კომპენსაციის მოთხოვნის უფლება.
4. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი ასლის შპს ”უნიდენტი”-სთვის ჩაბარების დღიდან;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის № 1 ა) ერთი თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ.ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე გ.არველაძე
კომისიის წევრები ზ.ნონიკაშვილი
გ.ფრუიძე
