სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიის” განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მაისი 20, 2008
მიღების თარიღი აპრილი 24, 2008
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა სს ”საქართველოს გაერთიანებულმა სატელეკომუნიკაციო კომპანიამ” (№6/679-08 11.04.2008) შპს ”ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი - ფოპტნეტისთვის” მომსახურების შეწყვეტაზე თანხმობის მიღების მოთხოვნით.
კომისიაში წარმოდგენილ განცხადებაში სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია” აღნიშნავს, რომ სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიასა” და შპს ”ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი -
ფოპტნეტს” შორის 2003 წლის 1 მარტს გაფორმებულ იქნა ხელშეკრულება №84, რომლის შესაბამისადაც, შპს ”ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი ფოპტნეტი” სარგებლობს სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიერ მისთვის კაბელის გასატარებლად გამოყოფილი კანალიზაციის თავისუფალი ადგილებით გარკვეულ ქალაქებში. სატელეფონო არხის საერთო სიგრძე შეადგენს 123.683 კმ-ს. შპს ”ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი ფოპტნეტი” ხელშეკრულების შესაბამისად, ვალდებული იყო, სატელეფონო კანალიზაციის ერთ ადგილზე გადაეხადა 34.18 ლარი დღგ-ს ჩათვლით.
განმცხადებელი აღნიშნავს, რომ ”მომსახურების ბაზრის სეგმენტის-სახაზო საკაბერლო წყვილებით მომსახურებისა და სატელეკომუნიკაციო კანალიზაციაში კაბელების გატარების მომსახურების კვლევის და ანალიზის შედეგების შესახებ” კომისიის 2005 წლის 21 ოქტომბრის №656/22 გადაწყვეტილების საფუძველზე, დადგენილ იქნა ახალი ტარიფები, რის შესახებაც შპს ”ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი ფოპტნეტი” ინფორმირებულ იქნა, მაგრამ კომპანია დღემდე თავს არიდებს საიჯარო ქირის გადახდას ახალი ტარიფებით. სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიერ ყოველთვიურად იგზავნება საგადასახადო ანგარიშფაქტურები და საოქმო გადაწყვეტილებები, სადაც დეტალურად არის გაშიფრული ახალი ტარიფების გათვალისწინებით ყოველთვიური საიჯარო გადასახადი, მაგრამ შპს ”ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი ფოპტნეტის” მიერ ხდება აღნიშნული საოქმო გადაწყვეტილებისა და ანგარიშფაქტურების ხელმოწერის გარეშე უკან დაბრუნება და თავის მხრივ ძველი ტარიფების მიხედვით შედგენილი ანგარიშფაქტურების გაგზავნა.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შპს ”ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი ფოპტნეტს” 2008 წლის 29 თებერვლის მდგომარეობით სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიმართ დაუგროვდა დავალიანება 2,543,556 ლარის ოდენობით.
მოთხოვნა: მიეცეს თანხმობა სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” რათა ამ უკანასკნელმა განახორციელოს შპს ”ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი ფოპტნეტი”-სთვის მომსახურების შეწყვეტა, მათ მიერ ზემოაღნიშნული დავალიანების დაფარვამდე.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, კომისიაში წარმოდგენილ იქნა შპს ”ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი ფოპტნეტის” შეპასუხება, რომელშიც აღნიშნულია, რომ კომპანიას სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიმართ არავითარი დავალიანება არ გააჩნია, გამომდინარე იქიდან, რომ კომისიის 2005 წლის 21 ოქტომბრის №656/22 გადაწყვეტილებაში (რომელზეც აპელირებას ახდენს მხარე), კერძოდ მე-5 პუნქტში აღნიშნულია, რომ ”კომისიის მიერ ზღვრული ტარიფის დადგენამდე სს „საქართველოს გაერთიანებულმა სატელეკომუნიკაციო კომპანიამ“ არ მოახდინოს სატელეკომუნიკაციო კანალიზაციაში კაბელების გატარების მომსახურების მის მიერ დადგენილი ტარიფების მომატება...”. ამავე დროს, მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობები რეგულირდება 2003 წლის 1 მარტს გაფორმებული ხელშეკრულებით, რომელიც დადებულ იქნა განუსაზღვრელი ვადით და აღნიშნული ხელშეკრულების მოშლის არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. ამავე დროს, განცხადებაში აღნიშნულია, რომ 2007 წლის 17 აპრილის №191/9 გადაწყვეტილებით, სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” დაუკონკრეტდა ვალდებულებები და აღნიშნული გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის დ) ქვეპუნქტის შესაბამისად, განისაზღვრა, რომ ”კომისიის მიერ სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” ელექტრონული საკომუნიკაციო კანალიზაციის არხებთან დაშვების ზღვრული ტარიფის დადგენამდე, სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიამ” შეინარჩუნოს მის მიერ გაფორმებულ და მოქმედ ხელშეკრულებებში ასახული ტარიფები.”
შესაბამისად, შპს ”ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი ფოპტნეტი” მიიჩნევს, რომ სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” განცხადება უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია და მხარეს უარი უნდა ეთქვას მის დაკმაყოფილებაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვა გაიმართა კომისიის 2008 წლის 24 აპრილის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდნენ სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” და შპს ”ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი ფოპტნეტის” წარმომადგენლები.
კომისია აღნიშნავს, რომ სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიასა” და შპს ”ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი ფოპტნეტს” შორის 2003 წლის 1 მარტს ხელშეკრულება დაიდო საიჯარო ურთიერთობების მოსაწესრიგებლად, ოპტიკური კაბელის გასატარებლად სატელეფონო კანალიზაციის თავისუფალი ადგილით სარგებლობასთან დაკავშირებით. ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად: ”ურთიერთჩართული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მიერ მოქმედი ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ხელშეკრულების მეორე მხარე უფლებამოსილია ამ პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად შეაჩეროს მოქმედი ურთიერთჩართვა მხოლოდ კომისიის თანხმობით და მის მიერ განსაზღვრული ვადითა და პირობებით.” შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს საკითხი მხარის მოთხოვნით, მხოლოდ ურთიერთჩართული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მიერ მოქმედი ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში.
კომისია აღნიშნავს, რომ სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიასა” და შპს ”ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი ფოპტნეტს” შორის 2003 წლის 01 მარტს გაფორმებული ხელშეკრულება არ წარმოადგენს ურთიერთჩართვის ხელშეკრულებას და შესაბამისად ის დავალიანება, რომელზეც აპელირებს სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიოკაციო კომპანია”, როდესაც ითხოვს კომისიის თანხმობას შპს ”ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი ფოპტნეტისთვის” მომსახურების შესაწყვეტად, არ არის წარმოშობილი, ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობიდან, არამედ წარმოშობილია ოპტიკური კაბელის გასატარებლად სატელეფონო კანალიზაციის თავისუფალი ადგილით სარგებლობასთან დაკავშირებული საიჯარო ურთიერთობებიდან. შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ არ უნდა დაკმაყოფილდეს სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” განცხადება, შპს ”ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი ფოპტნეტისთვის” მომსახურების შეწყვეტაზე თანხმობის მიღების თაობაზე. გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული თანხმობის მიცემა არ წარმოადგენს კომისიის ფუნქციასა და უფლებამოსილებას. ამასთან, კომისია აღნიშნავს, რომ 2003 წლის 1 მარტს გაფორმებული ხელშეკრულებიდან წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობები მხარეთა შორის შეიძლება შეწყდეს საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი საერთო წესის შესაბამისად, ან/და ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესითა და პირობებით.
კომისია მხარეებს აძლევს წინადადებას დავა გადაწყვიტონ მორიგებით. ამასთან, კომისია მხარეებს მიუთითებს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
1. ”მომსახურების ბაზრის სეგმენტის - სახაზო საკაბელო წყვილებით მომსახურებისა და სატელეკომუნიკაციო კანალიზაციაში კაბელების გატარების მომსახურების კვლევის და ანალიზის შედეგების შესახებ” კომისიის 2005 წლის 21 ოქტომბრის №656/22 გადაწყვეტილების მიღებამდე, როდესაც მხარეებს შორის გაფორმდა ხელშეკრულება №84, სს ”საქართველოს გაერთიეანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია” არ იყო ცნობილი სახაზო საკაბელო წყვილებით მომსახურებისა და სატელეკომუნიკაციო კანალიზაციაში კაბელების გატარების მომსახურების ბაზრის სეგმენტზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორად და შესაბამისად, მას ბაზრის ამ სეგმენტზე მინიჭებული ჰქონდა სატარიფო თავისუფლება;
2. ”მომსახურების ბაზრის სეგმენტის - სახაზო საკაბელო წყვილებით მომსახურებისა და სატელეკომუნიკაციო კანალიზაციაში კაბელების გატარების მომსახურების კვლევის და ანალიზის შედეგების შესახებ” კომისიის 2005 წლის 21 ოქტომბრის №656/22 გადაწყვეტილების შესაბამისად, სს ”საქართველოს გაერთიეანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია” განისაზღვრა სახაზო საკაბელო წყვილებით მომსახურების ბაზრის სეგმენტზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონედ. სატარიფო რეგულირების ფარგლებში არ დადგენილა არანაირი ზღვრული ტარიფი, თუმცა აღნიშნული გადაწყვეტილების მე-5 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, განისაზღვრა, რომ: ”კომისიის მიერ ზღვრული ტარიფის დადგენამდე სს „საქართველოს გაერთიანებულმა სატელეკომუნიკაციო კომპანიამ“ არ მოახდინოს სატელეკომუნიკაციო კანალიზაციაში კაბელების გატარების მომსახურების მის მიერ დადგენილი ტარიფების მომატება, რომელიც შეადგენს:
კაბელის დიამეტრი ლარი/თვეში
15 მმ-მდე 130.90
15 დან 25 მმ-ის ჩათვლით 261.8
25 დან 35 მმ-ის ჩათვლით 392.7
35 მმ დან 45 მილიმეტრამდე 523.6
45 მმ დან 55 მილიმეტრამდე 654.5
55 მმ დან 65 მილიმეტრამდე 785.4
65 მმ-ის ზემოთ 916.3
(ტარიფი მოცემულია დ.ღ.გ. –ს გარეშე).
3. ”ელექტრონულ საკომუნიკაციო კანალიზაციაში კაბელების გატარების მომსახურების ბაზრის სეგმენტზე სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიისთვის” ხარჯებზე ორიენტირებული ზღვრული ტარიფების განსაზღვრისა და 2005 წლის 21 ოქტობრის 656/22 გადაწყვეტილებით განსაზღვრული სპეციფიკური ვალდებულებების პირობების დაკონკრეტების შესახებ” კომისიის 2007 წლის 17 აპრილის №191/9 გადაწყვეტილების შესაბამისად, დაკონკრტდა სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიისთვის” დაწესებული სპეციფიკური ვალდებულებები და კომისიის 2005 წლის 21 ოქტომბრის N656/22 გადაწყვეტილების მე-5 პუნქტით სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიისთვის” დაკისრებული სატარიფო რეგულირებისა და ხარჯთაღრიცხვის ვალდებულების პირობები.
გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის დ) ქვეპუნქტით განისაზღვრა რომ: ”კომისიის მიერ სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” ელექტრონული საკომუნიკაციო კანალიზაციის არხებთან დაშვების ზღვრული ტარიფის დადგენამდე სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიამ” შეინარჩუნოს მის მიერ გაფორმებულ და მოქმედ ხელშეკრულებებში ასახული ტარიფები. ხოლო, იმ ხელშეკრულებებთან დაკავშირებით, რომელთა მოქმედების ვადა ამოიწურა, სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიამ” განახორციელოს მათი გაფორმება მოწვევის ოფერტაში მოცემული პირობების შესაბამისად.” ამავე პუნქტის, ე) ქვეპუნქტის შესაბამისად, დადგენილია, რომ ”კომისიის მიერ საკანალიზაციო არხებთან დაშვების ზღვრული ტარიფის განსაზღვრამდე სს ”საქართველოს გაერთიანებულმა სატელეკომუნიკაციო კომპანიამ” თავის მოწვევის ოფერტაში შეიტანოს კომისიის 656/22 გადაწყვეტილების მე-5 პუნქტის ბ) ქვეპუნქტში ასახული, კომპანიის მიერ განსაზღვრული პირობები. სხვა დიამეტრის კაბელის გატარებისათვის საკანალიზაციო არხ/ადგილთან დაშვების ტარიფის გაანგარიშებისას გათვალისწინებულ იქნეს BCH-116-87 ტექნიკური სტანდარტის მოთხოვნები, მათ შორის არხის სრულ კვეთში განთავსებული სხვადასხვა დასაშვები რაოდენობისა და დიამეტრის კაბელების დიამეტრების სრული ჯამის მაქსიმალურად შესაძლო ოდენობა.”
კომისიის ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების მე-4 პუნქტი ცალსახად მიუთითებს, რომ სს ”საქართველოს გაერთიანებულმა სატელეკომუნიკაციო კომპანიამ” უნდა შეინარჩუნოს მის მიერ გაფორმებულ და გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის, ანუ 2007 წლის 17 აპრილისათვის მოქმედ ხელშეკრულებებში ასახული ტარიფები, ხოლო ყველა სხვა შემთხვევაში უნდა იმოქმედოს კომისიის 2005 წლის 21 ოქტომბრის N656/22 გადაწყვეტილებით დადგენილი ზემოაღნიშნული სატარიფო შეზღუდვებით.
4. კომისია აგრეთვე აღნიშნავს, რომ სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიასა” და შპს ”ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელ - ფოპტნეტს” შორის 2003 წლის 1 მარტს დადებული ხელშეკრულების მოქმედების საკითხი სადაოა, მხარეთა განსხვავებული პოზიციების გამო.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის, მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-100 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კომისიამ ერთხმად
გადაწყვიტა:
1. არ დაკმაყოფილდეს სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” განცხადება, შპს ”ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი ფოპტნეტი”-სთვის მომსახურების შეწყვეტაზე თანხმობის მიღების მოთხოვნით.
2. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის მხარეებისთვის ჩაბარების დღიდან;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის № 1 ა) ერთი თვის ვადაში;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ.ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე გ.არველაძე
კომისიის წევრები გ.ფრუიძე
კ.კვიტაიშვილი
