საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის N142/10 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი მაისი 19, 2008
მიღების თარიღი აპრილი 24, 2008
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიის 2008 წლის 14 მარტის N142/10 გადაწყვეტილების შესაბამისად გამოცხადდა კონკურსი კერძო საერთო ტელემაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად.
ლიცენზიის მაძიებლების მიერ განცხადების მიღების ვადად განისაზღვრა 2008 წლის 11 აპრილის 17:00 საათი. კერძო საერთო ტელემაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად განაცხადი წარმოადგინა შპს ”ალანია” -მ.
2008 წლის 15 აპრილს, კომისიის მონიტორინგის მობილური ჯგუფი იმყოფებოდა წითელი ხიდის და სადახლოს მიმდებარე ტერიტორიაზე რადიომონიტორინგით გათვალისწინებული სამუშაოების ჩასატარებლად. მონიტორინგისას 38-ე არხზე ქ. აქსტაფის მიმართულებიდან დაფიქსირდა ტელეკომპანია AZtv -ს სამაუწყებლო სიგნალი, რომლის დონე (ველის დაძაბულობა - 50 დბმკვ/მ) საგრძნობლად აღემატება ადრე ჩატარებული გაზომვების შედეგებს (წინა მონიტორინგისას ფიქსირდებოდა 30 დბმკვ/მ ველის დაძაბულობა). ამ შემთხვევაში შეუძლებელი იქნება ქ. რუსთავის და გარდაბნის რაიონის ტერიტორიაზე სამაუწყებლო დონეების დაცვითი თანაფარდობის შენარჩუნება.
მონიტორინგის შედეგებიდან გამომდინარე, კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს მიზანშეწონილად მიაჩნია №142/10 გადაწყვეტილებით გამოცხადებული კონკურსის ტექნიკურ პირობებში აღნიშნული 38-ე სატელევიზიო არხი შეიცვალოს დღეისათვის თავისუფალი 35-ე სატელევიზიო არხით, სხვა ტექნიკური პარამეტრების ცვლილებების გარეშე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №142/10 გადაწყვეტილებით გამოცხადებული კონკურსის ტექნიკურ პირობებში აღნიშნული 38-ე სატელევიზიო არხი შეიცვალოს დღეისათვის თავისუფალი 35-ე სატელევიზიო არხით, სხვა ტექნიკური პარამეტრების ცვლილებების გარეშე.
2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:
ა) აცნობოს შპს ”ალანია”-ს გადაწყვეტილების მიღების თაობაზე (ნ. ჯავახიძე);
ბ) გადაწყვეტილების ინტერნეტში კომისიის გვერდზე გამოქვეყნება (ნ. ჯანელიძე);
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. N 1ა) ერთი თვის ვადაში;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (გ.რატიშვილი).
კომისიის თავმჯდომარე გ. არველაძე
კომისიის წევრი კ. კვიტაიშვილი
