შპს ”კავკასუს ონლაინსა” და სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შორის დავის განხილვის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მაისი 14, 2008
მიღების თარიღი მაისი 02, 2008
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ შპს ”კავკასუს ონლაინმა” 2008 წლის 14 აპრილს განცხადებით მიმართა კომისიას სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიასთან” დავის განხილვის მოთხოვნით.
კომისიაში წარმოდგენილ განცხადებაში შპს ”კავკასუს ონლაინი” აღნიშნავს, რომ სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიისადმი” გაგზავნილ იქნა სხვადასხვა მომსახურების გაწევაზე 23 მიმართვა, კერძოდ, გაგზავნილი 23 წერილი თემატურად ეხება შემდეგ საკითხებს: 1) ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის დაზიანებული ნაწილის გამოცვლას, აღდგენასა და კაბელების შეკეთებისათვის საჭირო ნებართვების გაცემას (3 წერილი); 2) 16 მმ ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის ჩადებას ჭაში ცოტნე დადიანის ქ. №32-დან, ამავე მისამართზე არსებულ უახლოეს ჭამდე და რუსთაველის გამზ. №31-დან რუსთაველის მეტრომდე (1 წერილი); 3) დაზიანებული წყვილების შეცვლასა და დაზიანებათა აღმოფხვრას (7 წერილი); 4) 100 წყვილიანი კაბელების კროსიდან აპარატურამდე ჩადებას და შესაბამისი ჩარჩოების გამოყოფას (1 წერილი); 5) DSL მომსახურების ჩართვას(11 წერილი). აღნიშნულ წერილებზე პასუხი არ მიუღია შპს ”კავკასუს ონლაინს”.
ამასთან, შპს ”კავკასუს ონლაინი” განცხადებაში აღნიშნავს, რომ მოწინააღმდეგე მხარის მიერ მოხდა საქართველოს კანონმდებლობისა და კომისიის გადაწყვეტილებების არაერთგზის დარღვევა, კერძოდ, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის, კომისიის 2006 წლის 17 მარტის №3 დადგენილების, კომისიის 2005 წლის 21 ოქტომბრის №656/22 გადაწყვეტილების მე-3 და მე-4 პუნქტების, კომისიის 2007 წლის 17 აპრილის №191/9 გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის, კომისიის 2007 წლის №511/16 გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის დარღვევა.
მოთხოვნები: კომისიამ დაავალოს სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შეუზღუდავად და უპირობოდ განახორციელოს მათ მიერ გადაგზავნილ მიმართვებში ასახული მოთხოვნების შესრულება:
1) ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის დაზიანებული ნაწილის გამოცვლა, აღდგენა და კაბელების შეკეთებისათვის საჭირო ნებართვების გაცემა;
2) 16 მმ ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის ჩადება ცოტნე დადიანის ქ. №32-დან, ამავე მისამართზე არსებულ უახლოეს ჭამდე და რუსთაველის გამზ. №31-დან რუსთაველის მეტრომდე;
3) დაზიანებული წყვილების შეცვლა და დაზიანებათა აღმოფხვრა;
4) 100 წყვილიანი კაბელების კროსიდან აპარატურამდე ჩადება და შესაბამისი ჩარჩოების გამოყოფა;
5) DSL მომსახურების ჩართვა.
ასევე, განმცხადებელი ითხოვს სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიამ” განახორციელოს ყველა ხელშეკრულების გაფორმება ბაზრის იმ სეგმენტებზე მომსახურებათა უზრუნველსაყოფად, რომელთა ვალდებულებაც გააჩნია მოპასუხეს, როგორც მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორს.
ამასთან, განმცხადებელი ითხოვს, რომ კომისიამ, საქართველოს კანონმდებლობისა და კომისიის გადაწყვეტილებების დარღვევისათვის, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის მაქსიმუმი დააკისროს სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიას”.
აღნიშნულ საკითხზე, 2008 წლის 21 აპრილს კომისიაში ჩატარდა მოსამზადებელი სხდომა, სადაც განმცხადებელმა დაადასტურა წერილში აღნიშნული პოზიცია და წარმოადგინა დამატებითი მტკიცებულება (საპატრულო პოლიციის შეტყობინება). უნდა აღინიშნოს, რომ დამატებითი მოსაზრებები და მტკიცებულებები მოსამზადებელ სხდომაზე არ წარმოუდგენია მოპასუხე მხარეს.
2008 წლის 2 მაისს ზემოაღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გაიმართა დავის არსებითი განხილვა. სხდომაზე, სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიერ წარმოდგენილი იქნა მათ მიერ შპს ”კავკასუს ონლაინისადმი” გაგზავნილი წერილები, რომლებიდანაც ირკვევა, რომ მოპასუხე მხარე მზადაა დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნები. კერძოდ, მოპასუხე მხარე სთავაზობს შპს ”კავკასუს ონლაინს” სახაზო-საკაბელო წყვილების ფართოზოლოვან რესურსთან დაშვებასთან დაკავშირებით შემუშავებულ იქნას ახალი სამუშაო პროცედურები, რომლებიც მომავალში გამორიცხავს ყველა შესაძლო გაუგებრობას. ასევე, სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია” აღნიშნავს, რომ შპს ”კავკასუს ონლაინის” მოთხოვნა ფართოზოლოვან რესურსთან დაშვებაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილებულია, ხოლო დანარჩენ ნაწილზე მიმდინარეობს მუშაობა; სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია” წინააღმდეგი არ არის შპს ”კავკასუს ონლაინის” წარმომადგენლები დაშვებულ იქნან მათ კუთვნილი კაბელების აღდგენის მიზნით. ამასთან, სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია” განმარტავს, რომ აღნიშნული მოთხოვნის შესრულება შესაძლებელი იქნება, მხოლოდ მათი მხრიდან გაგზავნილი შესაბამისი ხელშეკრულების პროექტის შპს ”კავკასუს ონლაინის” მიერ ხელმოწერის შემდეგ.
კომისიამ, საქმის მასალების და წარმოდგენილი მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოკვლევის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის საფუძველზე მიიჩნია, რომ შპს ”კავკასუს ონლაინის” მოთხოვნები უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გათვალისწინებით:
1. ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ყველა ავტორიზებული პირი ვალდებულია ”მოთხოვნის შემთხვევაში უზრუნველყოს საკუთარი ქსელის შესაბამის თავისუფალ ელემენტებთან და სიმძლავრეებთან მსურველი ავტორიზებული პირის შეუზღუდავი დაშვება”;
2. კომისიის 2005 წლის 21 ოქტომბრის №656/22 გადაწყვეტილების პირველი და მეორე პუნქტებით სახაზო საკაბელო წყვილებით მომსახურებისა და სატელეკომუნიკაციო კანალიზაციაში კაბელების გატარების მომსახურების ბაზრის სეგმენტებზე სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია” აღიარებულია მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირად, ხოლო, ამავე გადაწყვეტილების მე-3 და მე-4 პუნქტების შესაბამისად, სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიას” ეკისრება სახაზო საკაბელო წყვილებით მომსახურებისა და სატელეკომუნიკაციო კანალიზაციაში კაბელების გატარების მომსახურების განხორციელებისას ინფორმაციის გამჭვირვალეობის უზრუნველყოფის, დისკრიმინაციის აკრძალვის და ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვების ვალდებულებები.
3. სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიას”, როგორც მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირს, ევალება ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის შესრულება, კერძოდ, ”ქსელის შესაბამის ელემენტებთან, ტექნიკურ საშუალებებთან, ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სახეებთან სხვა ავტორიზებული პირის შეუზღუდავი, გამჭვირვალე და არადისკრიმინაციული დაშვება”;
4. მოდავე მხარეებს შორის არსებულ ”სატელეფონო კანალიზაციით სარგებლობის შესახებ” ხელშეკრულებას, მოქმედების ვადა ამოეწურა 2007 წლის 1 აპრილს და აღნიშნულ სფეროში მხარეებს ესაჭიროებათ ახალი ხელშეკრულების გაფორმება. მხოლოდ სახელშეკრულებო ურთიერთობის მოწესრიგების შემდგომ იქნება შესაძლებელი სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” კანალიზაციით სარგებლობასთან დაკავშირებული საკითხების გადაჭრა, რისთვისაც სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” უნდა დაევალოს სატელეფონო კანალიზაციით სარგებლობის შესახებ მოწვევის ოფერტის გამოქვეყნება;
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ ვინაიდან არსებობს მომხმარებელთა ინტერესების დაცვის საჯარო ინტერესი, კომისიას მიაჩნია, რომ მხარეს უნდა მიეცეს გადაწყვეტილების ნებაყოფლობით აღსრულების მაქსიმალურად შეზღუდული ვადები, ხოლო ამ ვადების დარღვევის თავიდან ასაცილებლად, გამოყენებულ იქნას იძულებითი აღსრულების ფორმა - ჯარიმა.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 169-ე და 171-ე მუხლების საფუძველზე, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ხმათა უმრავლესობით
გადაწყვიტა:
1. დაკმაყოფილდეს შპს ”კავკასუს ონლაინის” მოთხოვნა ნაწილობრივ;
2. დაევალოს სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” DSL მომსახურების ჩართვასთან დაკავშირებული მიმდინარე სამუშაოების დასრულება 15 სამუშაო დღის ვადაში, ეტაპობრივად, მხარესთან შეთანხმებული გრაფიკით;
3. დაევალოს სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას”, თვისუფალი რესურსის არსებობის შემთხვევაში, 16 მმ ოპტიკურ ბოჭკოვანი კაბელის ჩადებაზე ნებართვის გაცემა (ცოტნე დადიანის ქ. №32-დან, ამავე მისამართზე არსებულ უახლოეს ჭამდე და რუსთაველის გამზ. №31-დან რუსთაველის მეტრომდე), ხოლო თავისუფალი რესურსის არარსებობის შემთხვევაში, შპს ”კავკასუს ონლაინისადმი” ალტერნატიული წინადადების შეთავაზება 1 კვირის განმავლობაში;
4. დაევალოს სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას”, სატელეფონო კანალიზაციით სარგებლობის შესახებ მოწვევის ოფერტის გამოქვეყნება და კომისიის ოფიციალურ საიტზე განთავსება 2 კვირის ვადაში;
5. დაევალოთ მხარეებს სატელეფონო კანალიზაციით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმება და ხელმოწერილი ხელშეკრულების ასლის კომისიაში წარმოდგენა 2 კვირის ვადაში.
6. დაევალოს სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” სახაზო-საკაბელო წყვილების დაზიანების მიზეზების დადგენა, აღმოფხვრა ან აღმოფხვრის შეუძლებლობის შემთხვევაში, შედეგების თაობაზე ინფორმაციის მიწოდება მხარისათვის, ”ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის რეგლამენტით” დადგენილი წესით;
7. კომისიის ამ გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის საშუალებად გამოყენებულ იქნას ჯარიმა გადაწყვეტილების ნებისმიერი პუნქტის დარღვევის ყოველი დღისათვის 200 (ორასი) ლარის ოდენობით, იმის გათვალისწინებით, რომ ჯარიმის საერთო თანხის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 5000 ლარს (გამოყენების მაქსიმალური პერიოდი - 25 დღე);
8. ამ გადაწყვეტილების მე-7 პუნქტით განსაზღვრული აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების არაეფექტურობის დადგენის შემთხვევაში, სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიმართ გამოყენებულ იქნება ჯარიმა ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0.5 პროცენტის (მაგრამ არანაკლებ 10000 ლარისა) ოდენობით;
9. სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიერ ამ გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველმყოფი ჯარიმის გადახდა, ამ გადაწყვეტილებით განსაზღვრული ვადების ამოწურვიდან მომდევნო სამუშაო დღიდან, განხორციელდეს შემდეგ საბანკო რეკვიზიტებზე: საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტი, ხაზინის ერთიანი ანგარიში: 200122900, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი - 220101222, საბიუჯეტო შემოსავლების სახაზინო კოდი - 300773251;
10. აღსრულების უზრუნველყოფის საშუალების გამოყენება შეწყდეს კომისიის ამ გადაწყვეტილების აღსრულების თაობაზე სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიიდან” შეტყობინების მიღებისა და კომისიის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტის (მ. გოთოშია) შესაბამისი დამადასტურებელი შემოწმების ოქმის წარმოდგენისთანავე;
11. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) ამ გადაწყვეტილების მხარეებისათვის გაგზავნა;
12. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).
13. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, სარაჯიშვილის 1-ა) ერთი თვის ვადაში;
14. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი ასლის მხარეებისათვის ჩაბარების დღიდან.
კომისიის თავმჯდომარე გ. არველაძე
წევრები: ზ. ნონიკაშვილი
გ. ფრუიძე
ს. ბრიტანჩუკი
