წვდომის მენიუ

სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიის” განცხადების ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ

ნომერი: 251 / 22

გამოქვეყნების თარიღი მაისი 17, 2008

მიღების თარიღი მაისი 02, 2008

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას  განცხადებით მიმართა სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიამ” კომისიის 2008 წლის 4 აპრილის №191/18 გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახალი გადაწყვეტილების გამოცემის მოთხოვნით.

კომისიაში წარმოდგენილ განცხადებაში სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია” ითხოვს  ”ერთი მხრივ, შპს ”ახალ ქსელებსა” და შპს ”ახტელს” და მეორე მხრივ,  სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შორის დავის არსებითი განხილვისა და  ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” სანქცირების  შესახებ” კომისიის 2008 წლის 4 აპრილის №191/18 გადაწყვეტილების ბათილად ცნობას და ახალი გადაწყვეტილების მიღებას, რომლითაც კომისია უარს ეტყვის შპს ”ახალ ქსელებს” და შპს ”ახტელს” განცხადებების დაკმაყოფილებაზე. აღნიშნული გადაწყვეტილების შესაბამისად, სს „საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას“, მიეცა გაფრთხილება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის დარღვევის გამო  (ურთიერთჩართვის შეწყვეტა), ასევე კომპანიას დაეკისრა შპს ”ახალი ქსელების” წარმომადგენლების დაშვება  სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის“ შემდეგ ასს-ებში - 34/35; 93/99; 22; 60/61; 63/64-ში, შპს „ახალი ქსელებისა“ აპარატურასთან და შპს „ახალ ქსელებსა“ და შპს „ახტელთან“ ურთიერთჩართვის აღდგენის ვალდებულება ყველა შეწყვეტილ მიმართულებაზე.

წარმოდგენილ განცხადებაში სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია” ეყრდნობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის პირველ ნაწილს, რომლის შესაბამისადაც: ”განცხადება იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლის თაობაზედაც არსებობს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი განცხადების, აგრეთვე საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, შეიძლება წარდგენილი იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას, შეიცვალა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ, ან თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი (მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებს განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას”. განმცხადებელი აღნიშნავს, რომ ახლად აღმოჩენილი და ახლად გამოვლენილი გარემოებებით (მტკიცებულებებით) დასტურდება, რომ ურთიერთჩართვის შეწყვეტას ადგილი არ ჰქონია კერძოდ, როგორ განცხადებაშია აღნიშნული, 2008 წლის 25 მარტიდან 2 აპრილის ჩათვლით, ასს 34/35-ის და ასს 77-ის მიმართულებით არ მომხდარა კავშირის შეწყვეტა, ასევე არ შეწყვეტილა ურთიერთჩართვა ასს 37-სა და 33-ის, 39-სა და 33-32-ის, 79-სა და 77-ის მიმართულებებზე, რის დამამტკიცებელ გარემოებადაც განმცხადებლის მიერ წარმოდგენილია ელექტრონული ფორმატით შემდგარი ზარების ზუსტი ჩანაწერები CDR-ების მონაცემების სახით და წერილობითი ფორმით შესაბამისი გრაფიკები. როგორც განმცხადებელი აღნიშნავს, ასს 32-22, 93-72, 65-ზაჰესის მიმართულებით კაბელის დაზიანების გამო ურთიერთჩართვის შეწყვეტა გამორიცხულია, ვინაიდან აღნიშნული ასს-ები არ წარმოადგენს ურთიერთჩართვის წერტილებს.

    განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ურთიერთჩართვის შეწყვეტად განიხილება ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ფიზიკური და ლოგიკური კავშირის შეწყვეტა, რომლის შედეგადაც ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მომხმარებელი ვეღარ შეძლებს დაუკავშირდეს იმავე ან სხვა ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მომხმარებელს, ან/და ვეღარ ისარგებლებს სხვა ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მომსახურებით. როგორც სს ”საქართველოს გაერთიენებული საკომუნიკაციო კომპანიის” განცხადებაშია აღნიშნული, მათი მხრიდან ზემოხსენებულ შემთხვევებში ადგილი აქ ჰქონია არც ერთ ოპერატორთან, არც ერთი მიმართულებით ურთიერთჩართვის შეწყვეტას.

  აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, კომისიაში შემოვიდა შპს ”ახალი ქსელები”-ს და შპს ”ახტელის” ახსნა-განმარტება, რომელშიც აღნიშნულია, რომ როგორც სს ”საქართველოს გაერთიენებული საკომუნიკაციო კომპანიისთვის”, ასევე კომისიისთვისაც ცნობილი იყო, რომ სს ”საქართველოს გაერთიანებულმა სატელეკომუნიკაციო კომპანიამ”  კანონის უხეში დარღვევით შეწყვიტა ურთიერთჩართვა ასს-34/35-ში, ასევე ოპტიკურ ბოჭკოვანი კაბელების გათიშვის გამო 93/72; 93/95; 95/72 მწყობრიდან გამოვიდა ასს 77-სა და ასს 37/38-ს შორის სასიგნალო არხი. კომპანიის მტკიცება იმის შესახებ, რომ კომისიისთვის აღნიშნული ფაქტები დაუდასტურებელი და უცნობი იყო, არ შეესაბამება სინამდვილეს, ვინაიდან არსებობს კომისიის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტის 2008 წლის 3 აპრილის შემოწმების აქტი №5, რომელშიც აღნიშნულია, რომ ”შემოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ ასს 34-ში შპს ”ახალი ქსელები”-ს კუთვნილ მულტიპლექსორზე კვება გამორთულია”. როგორც განმცხადებელი აღნიშნავს, მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ შედგებილი ეს აქტი მოწმობს იმას, რომ სს ”საქართველოს გაერთიანებულმა სატელეკომუნიკაციო კომპანიამ” მის მიერ გამოცხადებულ ურთიერთჩართვის წერტილში განახორციელა მულტიპლექსორის გათიშვა, რომლითაც ხდებოდა ძირითადი ტრაფიკების მიწოდება ასს 34/35-ში. როგორც განმცხადებელი აღნიშნავს, მცირე ზარები შემოვიდოდა ურთიერთჩართვის სხვა წერტილებიდან, რის დამადასტურებელ საბუთადაც განმცხადებლის მიერ წარმოდგენილია გრაფიკები, სადაც ჩანს, რომ 25 მარტიდან 4 აპრილამდე ასს 34/35-ში შემოსული ზარები განახევრდა, ხოლო შპს ”ახტელიდან” ამავე პერიოდში თითქმის ნული გახდა.

    ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს ”ახალი ქსელები” და შპს ”ახტელი” აღნიშნავენ, რომ სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიერ ადგილი არ ჰქონია ახლად აღმოჩენილი და ახლად გამოვლენილი გარემოებების წარმოდგენას კომისიაში, შესაბამისად, განცხადება დასაშვები არ არის და მხარეს უარი უნდა ეთქვას მის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო.

კომისია აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით წარმოდგენილია კომისიის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტის დასკვნა (01.05.2008), რომელშიც აღნიშნულია შემდეგი:

”მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ შემოწმების ჩატარების დროს სს საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიის” ასს 34/35-ში შპს ”ახალი ქსელების” კუთვნილ მულტიპლექსორს გათიშული ჰქონდა კვება (შემოწმდა 3.04.2008 წელი, აქტი № 5). რამაც გამოიწვია იმ 2 მგბიტიანი სისტემების გათიშვა, რომელთაგან ერთზე მიერთებული იყო სასიგნალო არხი. აღნიშნული ავარიის  გამო არ ხორციელდებოდა შპს ”ახტელის” აბონენტების დაკავშირება ასს 34/35-ის აბონენტებთან. (როგორც სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” დამატებით მტკიცებულებებშია წარმოდგენილი, ზარი 2552-ზე არ  შეიძლება ჩაითვალოს, როგორც შპს ”ახტელის” ზარი ასს 34/35-ზე, 2552 არის თელასის ნომერი და იგი, როგორც სხვა 2-იანი ინდექსის ნომრები, ასს 77-დან გაშვებულია ასს 91-ის მიმართულებით, ხოლო ზარებს B ნომრით 35XXXX, არ აქვს შპს ”ახტელის” აბონენტების A ნომერი). შპს ”ახტელის” მიერ წარმოდგენილი ტრაფიკის ინფორმაციით, მათი აბონენტები ვერ უკავშირდებოდნენ ასს 34/35-ის აბონენტებს 2008 წლის 25 მარტის 14.42.54-დან 2008 წლის 4 აპრილის 13.40.27-მდე.

       შპს ”ახალი ქსელების” ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელი აგებულია პრინციპით არა ”წერტილი-წერტილთან”, არამედ  ”რგოლური” პრიციპით. ქსელში არის შვიდი რგოლი, რომელთა შორის არის ურთიერთდაკავშირება 155 მგბიტ-ის დონეზე. შპს ”ახტელის” ასს 77 არ უკავშირდება ასს 37/38-ს და ასს 39 ერთი და იგივე რგოლის საშუალებით; როგორც შპს ”ახალი ქსელების” მიერ წარმოდგენილი ქსელის სქემიდან ჩანს, ამ კავშირის დროს მონაწილეობს მეორე და მეშვიდე რგოლი. ოპტიკური კაბელების: 93-72, 93-95, 95-72 გათიშვამ ( 3 აპრილი 2008 წელი), მწყობრიდან გამოიყვანა ასს 77-სა და ასს 37/38 შორის სასიგნალო არხი, ასევე 2 მეგაბიტიანი სისტემები. გაითიშა  2 მეგაბიტიანი სისტემების, როგორც ძირითადი, ისევე სარეზერვო გზები, ამიტომ (ტრაფიკის მონაცემებზე დაყრდნობით) 2008 წლის 3 აპრილის 14.27.01-დან 14 აპრილის 14.39.51-მდე შპს ”ახტელის” აბონენტები ვერ უკავშირდებოდნენ ასს 37/38 და 39-ს.

        სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიის” განცხადებაში აღნიშნული ფაქტი, რომ არაურთიერთჩართვის წერტილებში კაბელის გათიშვა არ იწვევს ურთიერთჩართვის შეწყვეტას, არა სწორია. რგოლური პრიციპით ქსელის აგებისას (რამდენიმე რგოლის არსებობის შემთხვევაში, როცა თბილისის ასს-ები სხადასხვა რგოლებში არიან ჩართულები და რგოლებს შორის არსებობს 155 მგბიტ-ანი კავშირი) რამდენიმე კაბელის გადაჭრამ შეიძლება ქსელის წაქცევა გამოიწვიოს.”

            კომისიამ შეისწავლა რა მხარეთა მიერ წარმოდგენილი განცხადებები, ახსნა განმარტებები, დამატებით წარმოდგენილი მტკიცებულებები, ზეპირი განმარტებები, აგრეთვე კომისიის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის - ც.უჯმაჯურიძის განმარტებები, აღნიშნავს, რომ  უტყუარად დასტურდება შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

            1) სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიერ 2008 წლის 4 აპრილს არ განხორციელებულა არც ერთი იმ წერტილის გათიშვა კაბელების დემონტაჟის გზით, რომელიც წარმოადგენდა შპს ”ახალ ქსელებსა” და შპს ”ახტელთან” ურთიერთჩართვის წერტილს. რაც შეეხება ასს 34/35-ში მულტიპლექსორის გათიშვას, რამაც გამოიწვია აღნიშნულ ურთიერთჩართვის წერტილში ურთიერთჩართვის შეწყვეტა, კომისიას მიაჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები არასაკმარისია იმის დასადასტურებლად, რომ სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მხრიდან  ადგილი ჰქონდა განზრახ ქმედებას, რაც მიმართული იყო მხარეებს შორის ურთიერთჩართვის გათიშვისკენ.

            2) წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დასტურდება ის ფაქტი, რომ სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიისთვის” ცნობილი იყო შპს ”ახალი ქსელების” საკომუნიკაციო ქსელის რგოლური პრინციპით აგების შესახებ, რასაც შეეძლო გამოეწვია ფაქტობრივი ურთიერთჩართვის შეწყვეტა მხარეებს შორის.

            ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკავიო კომპანიის” მხრიდან ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის განზრახი დარღვევის ფაქტის დასადასტურებლად საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები არასაკმარისია და შესაბამისად, მიზანშეწონილია ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მოთხოვნა კომისიის  2008 წლის 4 აპრილის №191/18 გადაწყვეტილების ბათილად გამოცხადების თაობაზე და სანქციის სახით გაფრთხილების გამოყენების ნაწილში ნაცვლად ბათილობისა, ძალადაკარგულად გამოცხადდეს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების მე-3 პუნქტი. რაც შეეხება გადაწყვეტილების პირველ და მეორე პუნქტებს, კომისიას მიაჩნია, რომ აღნიშნული პუნქტები უნდა დარჩეს ძალაში და მომხმარებელთა ინტერესების დაცვის მიზნით სს ”საქართველოს გაერთიანებულმა სატელეკომუნიკაციო კომპანიამ” უნდა უზრუნველყოს  შპს „ახალ ქსელებსა“ და შპს „ახტელთან“ ურთიერთჩართვის აღდგენა ფაქტობრივად შეწყვეტილ ყველა მიმართულებაზე.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი, მე-3 და მე-6 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ,  კენჭისყრის შედეგად ხმების უმრავლესობით

გადაწყვიტა:

1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” განცხადება, ძალადაკარგულად გამოცხადდეს კომისიის 2008 წლის 4 აპრილის №191/18 გადაწყვეტილების მე-3 პუნქტი გამოცემის მომენტიდან;

2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახაძე) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის მხარეებისათვის დაგზავნა დაზღვეული საფოსტო გზავნილით;

3. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის მხარეებისათვის  ჩაბარების დღიდან;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის № 1 ა) ერთი  თვის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ.ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                                      გ.არველაძე

კომისიის წევრები:                                                                

 ს.ბრიტანჩუკი

ზ.ნონიკაშვილი

კ.კვიტაიშვილი                                                                                            

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები