”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიასა” და შპს ”ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელ - ფოპტნეტს” შორის დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მაისი 17, 2008
მიღების თარიღი მაისი 08, 2008
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ 2008 წლის 11 აპრილს, კომისიას განცხადებით (№8-15/441) მიმართა სს ”საქართველოს გაერთიანებულმა სატელეკომუნიკაციო კომპანიამ” შპს ”ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი - ფოპტნეტთან” დავის განხილვის მოთხოვნით. განმცხადებელი მოითხოვს, მოხდეს მისი დაშვება ზემოხსენებული კომპანიის საქსელო რესურსთან ქ.ფოთში. მხარისათვის მიუღებელია შპს ”ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი - ფოპტნეტის” შეთავაზება, დაშვება განხორციელდეს ნაცვლად ქ. ფოთში განთავსებული მოთხოვნილი დაშვების წერტილისა, თბილისში, ანალოგიურ რესურსთან.
განცხადებაში წარმოდგენილი მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 და 34-ე მუხლები და კომისიის 2007 წლის 31 აგვისტოს №498/9 გადაწყვეტილება ”მაგისტრალურ არხებთან დაშვების მომსახურების ბაზრის სეგმენტების კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ”, რომლითაც შპს ”ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი - ფოპტნეტი” ბაზრის კონკრეტულ სეგმენტზე ცნობილია მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონედ.
კომისია აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი განცხადება დანართებითურთ, გადაეგზავნა შპს ”ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი - ფოპტნეტს” კომისიის 2008 წლის 29 აპრილის წერილით. კომისიის წერილით მოპასუხე მხარეს მიეცა ვადა მათი პოზიციის წარმოსადგენად, ასევე ეცნობა მოსამზადებელი სხდომის დღის ჩანიშვნის შესახებ.
შპს ”ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი - ფოპტნეტის” მიერ 2008 წლის 1 მაისს კომისიაში წარმოდგენილ იქნა წერილი (ედ-08/120), რომელშიც აღნიშნული იყო, რომ ურთიერთჩართვისათვის ეფექტურ წერტილად გამოცხადებული იყო თბილსში არსებული შესაბამისი წერტილი (ჯიქიას №16). შპს ”ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი - ფოპტნეტი” წარმოდგენილ წერილში აღნიშნავს, რომ თანალოკაციის ფართთან დაშვებაზე მის მიერ თანხმობის გაცემა უკანონო იქნება, რადგან ქვექირავნობაზე ფართის მესაკუთრისაგან თანხმობა გაცემული არ არის.
2008 წლის 8 მაისს კომისიაში ჩატარდა მოსამზადებელი სხდომა, რომელზედაც სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიერ დაზუსტდა მოთხოვნა. წარმოდგენილი დაზუსტებული განცხადება სხდომაზე გადაეცა შპს ”ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი - ფოპტნეტის” წარმომადგენლებს და მიეცათ ვადა მათი პოზიციის კომისიისათვის და მხარისათვის წარმოსადგენად.
კომისიამ შეისწავლა საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები, განცხადებაში დასმული მოთხოვნები და ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად მიიჩნია, რომ საკითხი კომისიის რეგულირების სფეროს მიეკუთვნება და საჭიროა მისი განხილვა და არსებითი გადაწყვეტა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. დაინიშნოს სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” და შპს ”ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი - ფოპტნეტს” შორის დავის არსებითი განხილვა 2008 წლის 16 მაისს, 16:00 საათზე;
2. დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ ეცნობოთ დაინტერესებულ მხარეებს (უ.სეთური).
3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის უფროსს (კ. ყურაშვილი).
4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
5. გადაწყვეტილება ძალაშია მხარეებისთვის მისი ჩაბარების დღიდან.
კომისიის თავმჯდომარე გ. არველაძე
წევრები: კ. კვიტაიშვილი
ზ. ნონიკაშვილი
გ. ფრუიძე
ს. ბრიტანჩუკი
