კერძო საერთო ტელემაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მაისი 20, 2008
მიღების თარიღი მაისი 16, 2008
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია’’) აღნიშნავს, რომ კომისიის 2008 წლის 14 მარტის N 142/10 გადაწყვეტილებით გამოცხადდა კონკურსი კერძო საერთო ტელემაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად, ერთი გადამცემის გამოყენებით, ქ. თბილისში.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ლიცენზიის მაძიებლების განცხადებების მიღების ბოლო ვადად განისაზღვრა 2008 წლის 11 აპრილი, 17:00 საათი, კონკურსის ჩატარების თარიღად გამოცხადდა 2008 წლის 16 მაისი, 14:00 საათი, სალიცენზიო გადასახდელის ოდენობა ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტისა და ”რადიოსიხშირული სპექტრის ან და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის შესახებ” დებულების შესაბამისად, განისაზღვრა 52812.00 (ორმოცდათორმეტი ათას რვაას თორმეტი) ლარით.
ინფორმაცია კომისიის აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, გამოქვეყნდა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში და კომისიის ვებ გვერდზე ინტერნეტში.
კომისია აღნიშნავს, რომ განაცხადი და დოკუმენტაცია კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს კანონმდებლობისა და ”კერძო საერთო ტელემაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ’’, კომისიის 2008 წლის 14 მარტის N 142/10 გადაწყვეტილების შესაბამისად, წარმოადგინა შპს ”ალანია”-მ.
კონკურსი კერძო საერთო ტელემაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად ჩატარდა 2008 წლის 16 მაისს. საკონკურსო სხდომას ესწრებოდა შპს ”ალანია”- ს დირექტორი მამუკა თათოშვილი.
კომისია აღნიშნავს, რომ კონკურსში მონაწილის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია შეესაბამება კონკურსის პირობებს.
,,მაუწყებლობის შესახებ’’ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად: ,,თუ კონკურსში მონაწილეობს 1 ლიცენზიის მაძიებელი, იგი გამარჯვებულად ცხადდება მის მიერ სალიცენზიო გადასახდელის გადახდის დადასტურების შემთხვევაში’’. კონკურსში მონაწილე შპს ”ალანია”-ს დირექტორმა მამუკა თათოშვილმა დაადასტურა, რომ იგი თანახმაა კერძო საერთო ტელემაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად გადაიხადოს 52812.00 (ორმოცდათორმეტი ათას რვაას თორმეტი) ლარი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ,,მაუწყებლობის შესახებ’’ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ხმათა უმრავლესობით
გადაწყვიტა:
1. კერძო საერთო ტელემაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად ჩატარებულ კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადდეს შპს ”ალანია”, რომელიც თანახმაა გადაიხადოს სალიცენზიო გადასახდელი 52812.00 (ორმოცდათორმეტი ათას რვაას თორმეტი) ლარი;
2. უზრუნველყოს შპს ”ალანია”-მ 2008 წლის 16 ივნისამდე სალიცენზიო გადასახდელის 20% - 10562.4 (ათი ათას ხუთას სამოცდაორი ლარი და 40 თეთრი) ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდა შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
ხაზინის ერთიანი ანგარიში - N200122900
სახელმწიფო ხაზინა, კოდი - N220101222
სახაზინო კოდი - N300773062
3. კომისია იღებს გადაწყვეტილებას კონკურსში გამარჯვებულისათვის ლიცენზიის გაცემის თაობაზე სალიცენზიო გადასახდელის 20%-ის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში.
4. კონკურსში გამარჯვებულის მიერ სალიცენზიო გადასახდელის 20%-ის კომისიის გადაწყვეტილებით დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში, კომისია იღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ. ამ შემთხვევაში ლიცენზიის მაძიებელს 2 წლით ეზღუდება კონკურსში მონაწილეობის უფლება;
5. სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის დარჩენილი 70% ანუ 36968.4 (ოცდათექსვმეტი ათას ცხრაას სამოცდარვა ლარი და 40 თეთრი) ლარის გადახდა განხორციელდეს ლიცენზიის მოქმედების ვადის პირველი წლის განმავლობაში კონკურსში გამარჯვებული პირისათვის ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული წესით;
6. იმ შემთხვევაში, თუ კონკურსში გამარჯვებული პირის მიერ მაუწყებლობის განხორციელებისას რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობისათვის საჭიროა სხვა უწყებათა ნებართვა, მისი ერთი გაჩერების პრინციპის შესაბამისად მიღების მიზნით, კონკურსში გამარჯვებული პირი უფლებამოსილია, წარმოუდგინოს კომისიას ამ ნებართვის მისაღებად საქართველოს კანონმდებლობით მოთხოვნილი სათანადო დოკუმენტაცია, ხოლო კომისია უზრუნველყოფს შესაბამისი უწყებებიდან სათანადო ნებართვის მიღებას. ამ შემთხვევაში კომისია სათანადო დოკუმენტაციის მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში მიმართავს შესაბამის უწყებებს და გაუგზავნის კონკურსში გამარჯვებული პირის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციას. თუ შემდგომი 20 სამუშაო დღის ვადაში შესაბამისი უწყებიდან მიღებული იქნება ნებართვის გაცემაზე უარი კონკურსში გამარჯვებულს მიეცემა დამატებითი ვადა მითითებული დარღვევების გამოსასწორებლად;
7. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტმა უზრუნველყოს კონკურსის მონაწილისათვის წინამდებარე გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა (მ. აროშიძე);
8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის N 1 ა) ერთი თვის ვადაში;
9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (გ. რატიშვილი).
10. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე გ. არველაძე
კომისიის წევრები
ზ. ნონიკაშვილი
ს. ბრიტანჩუკი
გ. ფრუიძე
