ერთი მხრივ შპს ”ახალ ქსელებს”, შპს ”ახტელსა” და მეორე მხრივ სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შორის დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მაისი 29, 2008
მიღების თარიღი მაისი 16, 2008
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ შპს ”ახალმა ქსელებმა” და შპს ”ახტელმა” 2008 წლის 1 მაისს განცხადებით მიმართა კომისიას სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიასთან” დავის განხილვის მოთხოვნით.
დავის საგანს წარმოადგენს: სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მხრიდან კომისიის 2008 წლის 4 აპრილის №191/18 გადაწყვეტილების შეუსრულებლობა.
კომისიამ №191/18 გადაწყვეტილებით სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიას” დაავალა შეწყვეტილ ყველა მიმართულებაზე ურთიერთჩართვის აღდგენის უზრუნველყოფა, რაც, როგორც განმცხადებელი აცხადებს, არ სრულდება.
კომისიაში წარმოდგენილ განცხადებაში შპს ”ახალი ქსელები” და შპს ”ახტელი” იუწყებიან, სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიერ 3 აპრილს ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელების გადაჭრის შემდეგ კიდევ ვერ მოხერხდა დაზიანებების სრულად აღმოფხვრა. სს ”საქართველოს გაერთიანებულმა სატელეკომუნიკაციო კომპანიამ” შპს ”ახალმა ქსელებისა” და შპს ”ახტელის” მოთხოვნის შემდეგ, მისცა 3 დღიანი ვადა დაზიანებული კაბელების აღსადგენად. ადგილზე შესულმა შპს ”ახალი ქსელების” თანამშრომლებმა გაარკვიეს, რომ ასს-ში აპარატურაზე გათიშული იყო კვება, ოპტიკური კაბელები ამოხსნილი იყო ოპტიკურ-ბოჭკვანი კაბელების დამაბოლოვებელი მოწყობილობებიდან ODF-დან (ასს 22/23-სა და ასს 93/99-ში), გადაჭრილი იყო ყველა ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი (ასს 22/23-ში 2 კაბელი, ასს 93/99-ში 3 კაბელი, ასს 60/61-ში 2 კაბელი), რის გამოც ვერ მოხერხდა SDH აპარატურის ქსელში ჩართვა.
მოთხოვნები: 1) კომისიამ სს ”საქართველოს გაერთიანებულ ტელეკომს” დააკისროს საჯარიმო სანქცია კომისიის №191/18 გადაწყვეტილების შეუსრულებლობის გამო; 2) სს ”საქართველოს გაერთიანებულმა სატელეკომუნიკაციო კომპანიამ” დაუყოვნებლივ დაუშვას განმცხადებელი ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელების აღსადგენად.
აღნიშნულ საკითხზე, 2008 წლის 16 მაისს კომისიაში ჩატარდა მოსამზადებელი სხდომა. სხდომას ესწრებოდნენ: შპს ”ახალმა ქსელების” და შპს ”ახტელის” წარმომადგენელი ნ. ჯღენტი, ხოლო სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მხრიდან ლ. გიორგაძე.
მოსამზადებელ სხდომაზე განმცხადებელმა დაადასტურა მისივე განცხადებაში დაფიქსირებული პოზიცია და აღნიშნა, რომ მათთვის დაზიანებული კაბელების შესაკეთებლად მიცემული 3 დღიანი ვადა არ აღმოჩნდა საკმარისი. მოწინააღმდეგე მხარემ გამოთქვა მზადყოფნა შპს ”ახალმა ქსელების” და შპს ”ახტელის” მხრიდან მოთხოვნის შემთხვევაში შესაკეთებელ კაბელებთან დაშვების თაობაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 19-ე, 38-ე და 41-ე მუხლებისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. დაინიშნოს შპს ”ახალმა ქსელებს”, შპს ”ახტელსა” და სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შორის დავის განხილვა 2008 წლის 23 მაისს 16 სთ-ზე;
2. დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ ეცნობოთ დაინტერესებულ მხარეებს.
3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის უფროსს (კ. ყურაშვილი).
4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
კომისიის თავმჯდომარე გ. არველაძე
წევრები:
ს. ბრიტანჩუკი
ზ. ნონიკაშვილი
გ. ფრუიძე
