ტელერადიომაუწყებლობის პრიორიტეტების დასადგენად გასატარებელ ღონისძიებათა და რიგ განცხადებებზე ადმინისტრაციული წარმოების შეჩერების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი მაისი 22, 2008
მიღების თარიღი მაისი 22, 2008
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია აღნიშნავს, რომ კომისიაში შემოსულია შპს ”იგრიკას”, შპს ”სარკე კონსალტინგის”, შპს ”საქართველოს უნივერსიტეტის”, შპს ”ტელერადიო კომპანია თრიალეთის”, შპს ”ტელერადიო კომპანია ევრიკას”, შპს ”სამაუწყებლო კომპანია ჰერეთის” და სსიპ ”სრულიად საქართველოს საპატრიარქოს” განცხადებები სამაუწყებლო ლიცენზიათა გაცემის შესახებ.
კომისია აღნიშნავს, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის შესაბამისად, კომისია 2 წელიწადში ერთხელ განსაზღვრავს საზოგადოებრივი აზრის შესწავლის საფუძველზე ტელერადიომაუწყებლობის პრიორიტეტებს ლიცენზიის მაძიებლებისათვის. უკანასკნელი საზოგადოებრივი კვლევა და ტელერადიომაუწყებლობის პრიორიტეტების დამტკიცება კომისიის მიერ განხორციელდა 2004 წლის 28 სექტემბერს კომისიის №506/22 გადაწყვეტილებით. კომისიას მიაჩნია, რომ ქვეყანაში და ტელერადიოსამაუწყებლო ბაზარზე ბოლო წლებში განხორციელებული ცვლილებების გათვალისწინებით, კომისია ლიცენზიათა გაცემისას ვეღარ იხელმძღვანელებს ამ ტელერადიომაუწყებლობის პრიორიტეტებით, ვინაიდან გასულია მათი მოქმედების კანონით დადგენილი 2 წლიანი ვადა.
კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია სამაუწყებლო სფეროში ლიცენზირებადი საქმიანობის დაწყების მსურველთა ოდენობის გათვალისწინებით, ჩატარდეს საზოგადოებრივი აზრის შესწავლა და ტელერადიომაუწყებლობის პრიორიტეტების დადგენა, რის შემდგომაც, კომისიას შესაძლებლობა ექნება განახორციელოს შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოებები ლიცენზიის გაცემის თაობაზე, დამტკიცებული ტელერადიომაუწყებლობის პრიორიტეტების შესაბამისად. აღნიშნული მაქსიმალურად უზრუნველყოფს საზოგადოების მოთხოვნილებების გათვალისწინებას სამაუწყებლო ლიცენზიათა გაცემის პროცესში, რაც მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესია.
კომისია აგრეთვე აღნიშნავს, რომ ტელერადიომაუწყებლობის პრიორიტეტებში ცვლილებების შეტანა ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, წარმოადგენს მოქმედ ლიცენზიებში ცვლილება-დამატებების შეტანის საფუძველსაც. გამომდინარე იქიდან, რომ კომისიაში შემოსულია განცხადებები (კერძოდ შპს ”სტუდია მაესტროს” 2008 წლის 8 აპრილის განცხადება) ლიცენზიის სახეობის მოდიფიცირების მოთხოვნით, რაც თავის მხრივ ეფუძნება კომისიისათვის უცნობ გამოკვლევებს, კომისიას მიაჩნია, რომ ტელერადიომაუწყებლობის პრიორიტეტების დადგენა უკვე გაცემულ სამაუწყებლო ლიცენზიათა სახეობის შეცვლისა და ამ მიზნით ლიცენზიის სახეობის მოდიფიცირების საკითხების საზოგადოებრივი ინტერესების შესაბამისად დარეგულირებასაც შეუწყობს ხელს.
გასათვალისწინებელია აგრეთვე ის გარემოებაც, რომ მაუწყებლობის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ წინადადებების შემუშავება საზოგადოებრივი აზრისა და სამაუწყებლო ბაზრის კვლევის შედეგების გათვალისწინებით და მათ განხორციელებაზე ზედამხედველობა და კონტროლი, სწორედ კომისიის ფუნქციაა ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ხოლო საზოგადოებრივი აზრის შესწავლა კომისიის მხრიდან ამ ფუნქციის განხორციელების წინაპირობაცაა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის, მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების, აგრეთვე 36-ე, 38-ე მუხლების და 41-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ხმათა უმრავლესობით
გადაწყვიტა:
1. დაევალოს საზოგადოებრივი აზრის შესწავლის ჩატარების ორგანიზება, აგრეთვე ტელერადიომაუწყებლობის პრიორიტეტების დამტკიცების თაობაზე კომისიის გადაწყვეტილების პროექტის მომზადება და დასამტკიცებლად წარმოდგენა კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (გ. რატიშვილი);
2. კომისიის აპარატის სამეურნეო დეპარტამენტს (გ.სულიხია) დაევალოს წინადადებების შემუშავება საზოგადოებრივი აზრის კვლევის ჩატარების ფინანსური უზრუნველყოფისა და კომისიის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების თაობაზე;
3. შეჩერდეს ადმინისტრაციული წარმოება შპს ”იგრიკას”, შპს ”სარკე კონსალტინგის”, შპს ”საქართველოს უნივერსიტეტის”, შპს ”სტუდია მაესტროს”, შპს ”ტელერადიო კომპანია თრიალეთის”, შპს ”ტელერადიო კომპანია ევრიკას”, შპს ”სამაუწყებლო კომპანია ჰერეთის” და სსიპ ”სრულიად საქართველოს საპატრიარქოს” განცხადებათა თაობაზე.
4. ტელერადიომაუწყებლობის პრიორიტეტების დამტკიცებისა და ადმინისტრაციული წარმოებათა განახლების თაობაზე, დაინტერესებულ პირებს ეცნობოთ ტელერადიომაუწყებლობის პრიორიტეტების დამტკიცების თაობაზე კომისიის გადაწყვეტილების მიღებიდან 2 კვირის ვადაში.
5. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯანელიძე) ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლების შპს ”იგრიკას”, შპს ”სარკე კონსალტინგის”, შპს ”საქართველოს უნივერსიტეტის”, შპს ”ტელერადიო კომპანია თრიალეთის”, შპს ”ტელერადიო კომპანია ევრიკას”, სსიპ ”სრულიად საქართველოს საპატრიარქოს”, შპს ”სამაუწყებლო კომპანია ჰერეთის” და შპს ”სტუდია მაესტროს”-ათვის დაგზავნა და კომისიის ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. N 1ა) ერთი თვის ვადაში;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (გ.რატიშვილი).
8. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი გამოქვეყნებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე გ. არველაძე
კომისიის წევრები
ზ. ნონიკაშვილი
ს. ბრიტანჩუკი
კ. კვიტაიშვილი
