სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიასა” და შპს ”კავკასუს ონლაინს” შორის დავის არსებითი განხილვის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივნისი 11, 2008
მიღების თარიღი მაისი 30, 2008
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ 2008 წლის 01 აპრილს, კომისიას განცხადებით (№8-15/391) მიმართა სს ”საქართველოს გაერთიანებულმა სატელეკომუნიკაციო კომპანიამ” შპს ”კავკასუს ონლაინთან” დავის განხილვის მოთხოვნით. განცხადების მიხედვით განმცხადებელი მოითხოვს გაიზარდოს გაფართოებული ურთიერთჩართვის მიერთების სიმძლავრე ორ გიგაბიტ/წამამდე, რადგან განმცხადებლის მოსაზრებით, კომისიის მიერ დადგენილი შეერთების მინიმალური სიმძალავრე საკმარისი არ არის შპს ”კავკასუს ონლაინს” და სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შორის ინტერნეტ ტრაფიკის გაცვლისათვის. წარმოდგენილი მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად ასევე მითითებულია კომისიის 2007 წლის 10 აგვისტოს №400/9, 2007 წლის 10 აგვისტოს №452/16 და 2007 წლის 17 აგვისტო №469/10 გადაწყვეტილებები. სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია”, მის მიერ წარმოდგენილი განცხადების ფაქტობრივ საფუძვლად უთითებს იმ გარემოებას, რომ მისი ინტერნეტ მომსახურების მიმღები აბონენტების რაოდენობა, 2007 წლის აგვისტოს შემდგომ, მნიშვნელოვნად გაიზარდა და ჩართვის არსებული სიმძლავრე არ არის საკმარისი. აღნიშნული გარემოების დასტურად წარმოდგენილია სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიერ შედგენილი შეერთებისათვის გამოყენებული არხის დატვირთვის გრაფიკი.
კომისია აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი განცხადება დანართებითურთ გადაეგზავნა შპს ”კავკასუს ონლაინს” 2008 წლის 8 აპრილის კომისიის წერილის (№02/615-08) დანართების სახით, რომელსაც განესაზღვრა ვადა მათი პოზიციის წარმოსადგენად. შპს ”კავკასუს ონლაინს” და სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანას” ეცნობათ მოსამზადებელი სხდომის დღის დანიშვნის შესახებ. შპს ”კავკასუს ონლაინმა” 2008 წლის 11 აპრილს წარმოადგინა წერილი (№463), რომლითაც ითხოვდა სხდომის გადადებას, ასევე დამატებით ვადას მათი პოზიციის სრულყოფილად ჩამოსაყალიბებლად.
კომისია აღნიშნავს, რომ 2008 წლის 11 აპრილის სხდომაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, სხდომის გადადების შესახებ, ასევე კომისიის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტს დაევალა ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიისათვის” საჭირო ინტერნეტ-სიმძლავრეების დაზუსტების მიზნით მონიტორინგის ჩატარება და კომისიისათვის შესაბამისი დასკვნის წარმოდგენა.
კომისია აღნიშნავს, რომ სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიერ 2008 წლის 11 აპრილს წარმოდგენილი იქნა განცხადება №8-15/444, რომლითაც დაზუსტდა მოთხოვნა, წარმოდგენილი იქნა დამატებითი ინფორმაცია და წარმოდგენილ იქნა დამატებითი მოთხოვნა კომისიის 2007 წლის 10 აგვისტოს №452/16 გადაწყვეტილების პირველი პუნქტის შეუსრულებლობის გამო, შპს ”კავკასუს ონლაინის” სანქცირების შესახებ. ამავდროულად, წარმოდგენილ იქნა სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიის” ინფორმაცია მოქმედი აბონენტების დაზუსტებული რაოდენობის შესახებ და ის მტკიცებულებები, რომელიც განმცხადებლის მოსაზრებით აღნიშნულ გარემოებას ადასტურებენ, კერძოდ ბოლო მონაცემები აბონენტების რაოდენობის შესახებ (8 125 ინტერენტ მომხმარებელი აპრილის მდგომარეობით), გაწერილი IP მისამართების მიხედვით.
კომისიამ, გაითვალსიწინა რა აღნიშნული გარემოებები, კვლავ გადადო მოსამზადებელი სხდომა 8 მაისამდე, ხოლო განმცხადებელი მხარის მიერ წარმოდგენილი დამატებითი მტკიცებულებების ასლები გადაუგზავნა მეორე მხარეს.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილ იქნა დასკვნა ”სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიისთვის” საჭირო ინტერნეტ სიმძლავრის შპს ”კავკასუს ონლაინის” მიერ გამოყოფის შესახებ”. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სატელეფონო ხმოვანი ტრაფიკების დატვირთვა და ინტერნეტ ტრაფიკის დატვირთვა, შესაძლებელია გაიზომოს დაახლოებით იდენტურად, დასკვნაში აღნიშნულია, რომ ტრაფიკის ანალიზისას მიღებულია თანაფარდობა 1/6-თან. აღნიშნული პრინციპის გამოყენებით დატვირთვა თითოეულ აბონენტზე, ერთი გიგაბაიტ/წამიანი სიმძლავრით შეერთების პირობებში, დაახლოებით 1.2 მეგაბიტ/წამს უტოლდება. წარმოდგენილი დასკვნის შესაბამისად, იმ შემთხვევაში თუ განმცხადებელ კომპანიას ეყოლება 40 000 აბონენტი, 9 გიგაბიტ/წამიანი მიერთების პირობებში, სიჩქარე არ იქნება 1.35 მაგაბიტ/წამზე მეტი.
კომისია აღნიშნავს, რომ 2008 წლის 08 მაისს კომისიაში წარმოდგენილია ”კავკასუს ონლაინის” შესაგებელი, სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” 1 აპრილის განცხადებასთან და 11 აპრილის დაზუსტებულ განცხადებასთან დაკავშირებით. შესაგებელში აღიშნულია, რომ შპს ”კავკაუსუს ონლაინი” არ ეთანხმება წარმოდგენილ მოთხოვნას და მას უსაფუძვლოდ მიიჩნევს, რადგან ერთი გიგაბიტ/წამიანი შეერთების ზემოთ მიერთება უნდა განხორციელდეს მხარეთა სახელშეკრულებო ურთიერთობის საფუძველზე, რაც მხარეთა მიერ ხელმოწერილი არ არის. შპს ”კავკასუს ონლაინს” მიაჩნია, რომ კომისიის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტის დასკვნა, ასევე წარმოდგენილი მტკიცებულებები, არ შეიძლება გამოყენებული იქნას, წარმოდგენილი მოთხოვნების საფუძვლებად.
კომისიამ შეისწავლა რა საქმეზე მხარეთა მიერ წარმოდგენილი განცხადებები და მტკიცებულებები, ისევე როგორც სხვა მტკიცებულებები, მხარეთა ახსნა-განმარტებები, მიიჩნია, რომ 2008 წლის აპრილის თვის შუა რიცხვებში არსებული დატვირთვის პირობებში (8000-ზე მეტი აბონენტი), წარმოდგენილი მიერთების სიმძლავრის პირობებში, სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიის” განცხადებაში წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მოთხოვნა ნაწილობრივ საფუძვლიანია.
კომისია, კომისიის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტის დასკვნაზე დაყრდნობით, აღნიშნავს, რომ დაშვების პირობებში, თუ 2008 წლის ივნისისათვის, სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიის” აბონენტების რაოდენობა გახდება 9000, ამ შემთხვევაში ტრაფიკის ანალიზისას მიღებული თანაფარდობით 1/6-თან, კოეფიციენტი შეადგენს 1 500-ს (9000 -ის 1/6), რომელიც ერთი გიგაბიტ/წამიანი შეერთების პირობებში, თითოეულ აბონენტზე გადანაწილდება 1000:1500=0.67 მეგაბიტ/წამიან დატვირთვად, 2 გიგაბიტწამიანი მიერთების პირობებში, თითოეული აბონენტზე დატვირთვა განისაზღვრება 1.33 მეგაბიტ/წმ-ით ანუ დაახლოებით ის სიჩქარე, რაც უზრუნველყოფილი იყო 5000 აბონენტისთვის ერთ გიგაბაიტ/წამიანი მიერთებისას.
კომისია აღნიშნავს, რომ ვერ გაიზიარებს შპს ”კავკასუს ონლაინის” მოსაზრებას ინტერნეტ საიტის www.top.ge-ს მონაცემების არასარწმუნოობის შესახებ, რადგან წარმოდგენილ ინტერნეტ გვერდზე ახალი ე.წ. IP მისამართების (ახალი აბონენტების დარეგისიტრირების შემდგომ) მონაცემები აღირიცხება პროგრამულად, ”მთვლელის” მიერ. კომისია აღნიშნავს, რომ აღნიშნული საიტზე სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” აბონენტების შესახებ წარმოდგენილია ზრდისკენ მიმართული მონაცემები: 2007 წლის ივნისიდან - 77 აი პი მისამართი, რომელსაც შეესაბამება 196 მომხმარებელი, შემდგომ 2007 წლის ნოემბერში დაფიქსირებულია 1543 აი პი მისამართი და 10 416 უნიკალური მომხმარებელი. 2008 წლის 03 აპრილის www.top.ge-ს მონაცემებით 7643 აი პი მისამართს 59 247 უნიკალური აბონენტი შეესაბამება. აღნიშნული პრაქტიკა აღიარებულია, და დათვლის შედეგად დგინდება როგორც რეიტინგები, ასევე უნიკალური IP მისამართების მიხედვით, ვიზიტორი აბონენტების რაოდენობა. მაგალითისათვის შესაძლებელია მოყვანილ იქნეს ”გუგლის” (http://www.google.com/analytics/ ) ასევე რუსული ანალოგიური საიტების მაგალითი (http://top.mail.ru/; http://hotlog.ru/; http://top100.rambler.ru/top100/). კომისიის მოსაზრებით, წარმოდგენილი ინფორმაცია ადასტურებს დაახლოებით რაოდენობას სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიერ გაწერილი IP მისამართების შესახებ, რისი რაოდენობაც ადასტურებს იმ ფაქტს, რომ მისი ინტერნეტ მომხმარებლების რაოდენობა, უდავოდ გაზრდილია წინა ექვსი თვის პერიოდის ანალოგიურ მონაცემთან შედარებით.
კომისია აღნიშნავს, რომ მის 2007 წლის 22 ივნისის №337/22 გადაწყვეტილებაში განმარტებულია, რომ ინტერნეტის ძირითადი საკომუნიკაციო ქსელის მფლობელი ოპერატორების მიერ დაშვებისა და გაფართოებული ურთიერთჩართვის მიწოდებასთან უშუალოდ დაკავშირებულია ინტერნეტ-მომსახურების აბონენტებისათვის ინტერნეტის ქსელში განთავსებულ რესურსებთან, ინფორმაციასთან და ინტერნეტ-მომსახურების სახეებთან ხარისხიანი და შეუზღუდავი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და მონაცემთა მოპოვება ყოველგვარი შეზღუდვებისა და დაბრკოლებების გარეშე წარმოადგენს ინტერნეტის, როგორც მსოფლიო გლობალური ქსელის ძირითად ფუნქციას.
კომისია აღნიშნავს, რომ 2007 წლის 20 ივლისის №400/9 გადაწყვეტილების მე-14 პუნქტის შესაბამისად, ინტერნეტის ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფაზე და მომსახურების მიწოდებაზე ავტორიზებულმა პირებმა, უნდა უზრუნველყონ, გაფართოებული ურთიერთჩართვის შესახებ ხელშეკრულებაში ასახული, ფართოზოლოვანი ინტერნეტ-მომსახურების გარანტირებულად გამოყოფილი სიმძლავრით, ბოლო მომხმარებლის (აბონენტის) შეუზღუდავი და არადისკრიმინაციული ხელმისაწვდომობა მის ქსელში, აგრეთვე სხვა ოპერატორების ქსელში განთავსებულ ინტერნეტ რესურსებთან, მათ შორის ინტერნეტ გვერდებთან, ასევე, ინტერნეტ მომსახურების სახეებთან.
როგორც განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან, ასევე კომისიის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი დასკვნიდან ირკვევა, პროვაიდერებს შორის არსებული შეერთების სიმძლავრის გამო, ერთი კომპანიის აბონენტები შესაძლებელია შეიზღუდონ და შეექმნათ შპს ”კავკასუს ონლაინის” ვებ სივრცეში განთავსებულ ინფორმაციასთან წვდომის პრობლემა.
კომისია აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, კომისიის ძირითადი ამოცანებია ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფისა და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სფეროში კონკურენტუნარიანი გარემოს ჩამოყალიბება, შენარჩუნება და განვითარება ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი ავტორიზებული პირების მიერ ბოლო მომხმარებლებისათვის (მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის) ხარისხიანი მომსახურების მიწოდების, მათთვის მომსახურების ფართო არჩევანისა და სატარიფო ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. ინტერნეტის ძირითადი საკომუნიკაციო ქსელის მფლობელი ოპერატორების მიერ საკუთარ ქსელებთან დაშვებისა და გაფართოებული ურთიერთჩართვის შეუზღუდავი და შეუფერხებელი მიწოდების უზრუნველყოფა, მომხმარებელთა ინტერესებიდან გამომდინარე, კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობაა.
კომისია აღნიშნავს, რომ 2007 წლის 17 აგვისტოს №469/16 გადაწყვეტილების მეორე პუნქტის შესაბამისად, შპს ”კავკასუს ონლაინს” დაევალა შესაბამისობაში მოეყვანა გაფართოებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პროექტი კომისიის 2007 წლის 20 ივლისის №400/9 გადაწყვეტილებასთან. ინტერნეტ გვერდების მის ქსელსა და ვებსივრცეში განთავსების მომსახურების (ჰოსტინგის), მის მიერვე დადგენილი ტარიფით მიწოდებისას, შპს ”კავკასუს ონლაინს” დაევალა ამავე მომსახურების ფარგლებში უზრუნველყოს ინტერნეტ გვერდებთან უპირობო, შეუზღუდავი და შეუფერხებელი ხელმისაწვდომობა, როგორც საკუთარი აბონენტებისათვის, ისე პირდაპირი გაფართოებული ურთიერთჩართვის წერტილებში ჩართულ სხვა ინტერნეტის ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასა და მომსახურების მიწოდებაზე ავტორიზებული პირების მომხმარებლებისათვის.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 19-ე მუხლის მეორე პუნქტის ”ბ” ქვეპუნქტის, 42-ე და 42-ე მუხლების, ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ” რეგლამენტის მე-11 მუხლის, ასევე კომისიის წლის 22 ივნისის №337/22, 2007 წლის 20 ივლისის №400/9 და 2007 წლის 17 აგვისტოს №469/16 გადაწყვეტილების თანახმად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” განცხადება და დაევალოს შპს ”კავკასუს ონლაინს” სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიასთან” გაფართოვებული ურთიერთჩართვისათვის არსებული სიმძლავრის გაზრდა მოთხოვნილ სიმძალვრემდე - ერთი გიგაბიტ/წამით - ორ გიგაბიტ/წამამდე;
2. დაევალოთ მხარეებს პირდაპირი გაფართოებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმება და ერთი ეგზემპლარის კომისიაში წარმოდგენა ამ გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;
3. კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).
4. დაევალოს კომისიის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტს, შეერთების სიმძალვრის გაზრდის შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა ამ გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 12 სამუშაო დღის ვადაში;
5. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა) გადაწყვეტილების მხარეებისათვის გადაგზავნა.
6. გადაწყვეტილება ძალაშია მისი ასლის მხარეთათვის ჩაბარების შემდგომი სამუშაო დღიდან.
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, სარაჯიშვილის 1-ა) ერთი თვის ვადაში.
კომისიის თავმჯდომარე გ. არველაძე
წევრები:
ს. ბრიტანჩუკი
ზ. ნონიკაშვილი
გ. ფრუიძე
კ. კვიტაიშვილი
