შპს ”შავი ზღვის ტელეკომი”-ს გაფრთხილების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივნისი 05, 2008
მიღების თარიღი მაისი 30, 2008
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას.
”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 11-ე მუხლის მე-3 პუნქტის ”ზ” ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”შავი ზღვის ტელეკომი” (რეგისტრირებული 18.08.2004. ბრიტანეთი, ვირჯინიის კუნძულები, კორპორატიული საქმეების რეგისტრატორის მიერ, რეგისტრაციის №610953) ფლობს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F49 ლიცენზიას შემდეგი სალიცენზიო ვალდებულებებით:
”ა) რადიოსიხშირული სპექტრი: 3483.5 მჰც ÷ 3494.0 მჰც და 3583.5 მჰც ÷ 3594.0 მჰც სიხშირული ზოლები ადგილობრივი ფართოზოლოვანი უსადენო დაშვების ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველსაყოფად, კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილებით დამტკიცებული “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” დანართ №6-ის მე-2 - მე-10 პუნქტებით გათვალისწინებულ ადგილობრივი მომსახურების ზონებში;
გ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2017 წლის 4 მაისამდე;
დ) პრაქტიკული საქმიანობის დაწყების ვადა: ლიცენზიის გაცემიდან 1(ერთი) წელი;
ე) ლიცენზიის მიღებიდან სამი წლის განმავლობაში არანაკლებ ერთი გადამცემით მომსახურება შემდეგ რეგიონებში:
რეგიონი 1: ქ.თბილისი, დაბა წყნეთი;
რეგიონი 2: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა;
რეგიონი 3: ახმეტის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, თელავის, ლაგოდეხის, საგარეჯოს, სიღნაღის, ყვარელის რაიონები;
რეგიონი 4: ახალგორის, დუშეთის, თიანეთის, მცხეთის, ყაზბეგის, რაიონები;
რეგიონი 5: გორის, კასპის, ქარელის,ხაშურის, ცხინვალის, ჯავის რაიონები;
რეგიონი 6: ქ.რუსთავი, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრი-წყაროს, მარნეულის, წალკის რაიონები;
რეგიონი 7: ადიგენის, ასპინძის, ახალქალაქის, ახალციხის, ბორჯომის, ნინოწმინდის რაიონები;
რეგიონი 8: ქ.ქუთაისი, ტყიბულის, წყალტუბოს, ჭიათურის, ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ხარაგაულის, ხონის რაიონები;
რეგიონი 9: ლანჩხუთის, ოზურგეთის, ჩოხატაურის რაიონები;
რეგიონი 10: ამბროლაურის, ლენტეხის, ონის, ცაგერის რაიონები;
რეგიონი 11: ქ.ფოთი, აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის,ხობის რაიონები,;
რეგიონი 12: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა;
ვ) ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი ნაწილის (4,890,259.89 - ოთხი მილიონ რვაას ოთხმოცდაათი ათას ორას ორმოცდაცხრამეტი ლარი და ოთხმოცდაცხრა) გადახდის ვალდებულება კომისიის 2007 წლის 4 მაისის №232/1 გადაწყვეტილების შესაბამისად.”
კომისია აღნიშნავს, რომ 2008 წლის 19 და 23 მაისს კომისიის აპარატის მონიტორინგისა და რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტების მიერ ჩატარებულ იქნა შპს ”შავი ზღვის ტელეკომი”-ს შემოწმება, მის მიერ კომისიის 2007 წლის 4 მაისის №232/1 გადაწყვეტილების შესრულებისა და სალიცენზიო პირობების დაცვის შემოწმების მიზნით და წარმოდგენილია სამსახურებრივი ბარათი, რომელშიც აღნიშნულია, რომ: ”მიმდინარე წლის 19 მაისის, ქ.თბილისში (მარშალ გელოვანის ქ.№2; გეოგრაფიული კოორდინატები N 41°44 16\\\";E 044°46 10\\\"; მახათას მთა, გეოგრაფიული კოორდინატები N 41°42 52\\\"; E 044°49 34\\\"; სოლოლაკის ხეივანი, გეოგრაფიული კოორდინატები N 41°41 13\\\"; E 044°47 42\\\"), რადიომონიტორინგის მობილური სადგურის (MMS) მიერ, ამა წლის 23 მაისს, ”Rohde & Schwarz FSP3 Spectrum Analyser for Rannge 9kHz-30000 MHz” ანალიზატორით, გამოკვლეული იქნა შპს ”შავი ზღვის ტელეკომზე” მინიჭებული 3483.5 მჰც - 3494.0 მჰც და 3583.5 მჰც - 3594.0 მჰც სიხშირულ ზოლებში ადგილობრივი ფართოზოლოვანი უსადენო რადიოდაშვების ქსელით მომსახურების სადგურების სიხშირული დიაპაზონები.
მიღებული სპექტრის ანალიზიდან, რომელიც ჩატარებული იქნა ზემოთ აღნიშნულ პუნქტებში, დღეის მდგომარეობით შპს ”შავი ზღვის ტელეკომი” აღნიშნული სიხშირული დიაპაზონებით არ სარგებლობს.”
კომისია აღნიშნავს, რომ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელმა პრაქტიკული საქმიანობის დასაწყებად უნდა უზრუნველყოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების, ტექნიკური საშუალებების ან ქსელის შესაბამისი ელემენტების მონტაჟი, საოპერაციო მართვა, ექსპლუატაცია და მათი გამოყენებით ეკონომიკური საქმიანობა, აგრეთვე ქსელის ამ ელემენტებთან, მათ რესურსებთან და სიმძლავრეებთან მსურველი ავტორიზებული პირების დაშვება და განსაზღვრული საფასურის სანაცვლოდ მსურველი ოპერატორის ან მომხმარებლისთვის საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდება, რაც არ არის განხორციელებული შპს ”შავი ზღვის ტელეკომი”-ს მიერ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F49 ლიცენზიის სალიცენზიო პირობებით განსაზღვრულ ვადაში.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ შპს ”შავი ზღვის ტელეკომს” არ აქვს გავლილი ავტორიზაცია კომისიაში, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ კომპანია არ ახორციელებს საქმიანობას ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში.
კომისია აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევა წარმოადგენს მის მიმართ ამავე კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული სანქცირების საფუძველს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიაში ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 46-ე მუხლის პირველი პუნქტისა და ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, დაიწყო შპს ”შავი ზღვის ტელეკომი”-ს სანქცირებასთან დაკავშირებული მარტივი ადმინისტრაციული წარმოება. წარმოების დაწყების შესახებ შპს ”შავი ზღვის ტელეკომს” შეტყობინებით ეცნობა იმავე დღეს - 2008 წლის 27 მაისს. მხარეს ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების, შუამდგომლობების წარმოდგენისა და ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტების და სხვა მასალების გაცნობის უფლება.
საკითხის განხილვა გაიმართა 2008 წლის 30 მაისის კომისიის სხდომაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის მონიტორინგისა და რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტების მიერ წარმოდგენილი დასკვნების შედეგად ირკვევა, რომ შპს ”შავი ზღვის ტელეკომი”-ს მიერ დარღვეულ იქნა კომისიის 2007 წლის 4 მაისის №232/1 გადაწყვეტილების პირველი პუნქტის დ) ქვეპუნქტი და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F49 ლიცენზიის დანართი №1-ის პირველი პუნქტი, რაც წარმოადგენს ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-3 პუნქტითა და 45-ე მუხლით გათვალისწინებული სანქცირების საფუძველს. კერძოდ, ამავე კანონის 43-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად კომისია აკონტროლებს რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელთა მიერ სალიცენზიო პირობების შესრულებას. ლიცენზიის მფლობელთა მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში, კომისია მათ მიმართ გამოიყენებს ამ კანონის 45-ე მუხლით დადგენილ სანქციებს, ხოლო 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს.
გამომდინარე იქიდან, რომ შპს ”შავი ზღვის ტელეკომი”-ს მიერ დარღვეულ იქნა კომისიის 2007 წლის 4 მაისის №232/1 გადაწყვეტილების პირველი პუნქტის დ) ქვეპუნქტი და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F49 ლიცენზიის დანართი №1-ის პირველი პუნქტი, კომისიას მიაჩნია, რომ შპს ”შვი ზღვის ტელეკომი”-ს მიმართ სანქციის სახით გამოყენებულ უნდა იქნას გაფრთხილება, ამავე დროს, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია ზემოაღნიშნული დარღვევების აღმოფხვრის მიზნით, შპს ”შავი ზღვის ტელეკომს” განუსაზღვროს ვადა 1 (ერთი) კალენდარული კვირის ოდენობით.
”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მარეგულირებელი წესების 36-ე მუხლის მე-13, მე-14 და მე-15 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად
გადაწყვიტა:
1. მიეცეს გაფრთხილება შპს ”შავი ზღვის ტელეკომს” 2007 წლის 4 მაისის №232/1 გადაწყვეტილების პირველი პუნქტის დ) ქვეპუნქტი და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F49 ლიცენზიის დანართი №1-ის პირველი პუნქტი დარღვევის გამო;
2. უზრუნველყოს შპს ”შავი ზღვის ტელეკომმა” 2007 წლის 4 მაისის №232/1 გადაწყვეტილების პირველი პუნქტის დ) ქვეპუნქტითა და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F49 ლიცენზიის დანართი №1-ის პირველი პუნქტით გათვალისიწნებული ვალდებულების შესრულება 7 (შვიდი) სამუშაო დღის ვადაში;
3. ეცნობოს შპს ”შავი ზღვის ტელეკომ”-ს, რომ წინამდებარე გადაწყვეტილებით გათვალისწინებული დარღვევის ნებაყოფლობით აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილი იქნება შპს ”შავი ზღვის ტელეკომს” დააკისროს ჯარიმა ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე;
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს ”შავი ზღვის ტელეკომი”-სთვის დაუყოვნებლივ გაგზავნა;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, სარაჯიშვილის 1-ა) ერთი თვის ვადაში;
6. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი ასლის შპს ”შავი ზღვის ტელეკომისთვის” ჩაბარების დღიდან;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე გ.არველაძე
კომისიის წევრები ზ.ნონიკაშვილი
გ.ფრუიძე
კ.კვიტაიშვილი
ს.ბრიტანჩუკი
