ელექტრონულ საკომუნიკაციო კანალიზაციაში კაბელების გატარების მომსახურების ბაზრის სეგმენტზე სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიისთვის” ხარჯებზე ორიენტირებული ზღვრული ტარიფების განსაზღვრისა და 2005 წლის 21 ოქტომბრის №656/22 და 2007 წლის 17
გამოქვეყნების თარიღი ივნისი 11, 2008
მიღების თარიღი მაისი 30, 2008
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიაში შემოსულია შპს ”ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციების ქსელის” და შპს ”ახალი ქსელების” ერთობლივი განცხადება (შემოსული №6/879-08,01.05.2008), რომელშიც აღნიშნულია, რომ სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია” ბოროტად იყენებს მნიშვნელოვან საბაზრო ძალაუფლებას, რაც გამოიხატება საკანალიზაციო არხებში კაბელების გატარების მომსახურებისთვის მაღალი ტარიფის დაწესებით, რაც ზღუდავს კონკურენციას. განმცხადებლები კომისიისგან ითხოვენ საკანალიზაციო არხებში კაბელების გატარების ტარიფის საკითხის განხილვას და ზედა ზღვრული ტარიფების დაწესებას.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2005 წლის 21 ოქტომბრის N656/22 გადაწყვეტილებით სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია” დადგენილია, როგორც მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორი საკომუნიკაციო კანალიზაციაში დაშვებისა და კაბელის გატარების მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე: ქ. თბილისის; ქ. ქუთაისის; ქ. რუსთავის; ქ. ზუგდიდის; ქ. ფოთის ადგილობრივი მომსახურების ზონებში და დანარჩენ საქართველოს ტერიტორიაზე (აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარდა). აღნიშნული გადაწყვეტილების შესაბამისად, სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” დაკისრებული აქვს ინფორმაციის გამჭვირვალობის, დისკრიმინაციის აკრძალვის, ელექტრონულ საკომუნიკაციო ქსელის შესაბამის ელემენტებთან და მათ რესურსებთან დაშვების, სატარიფო რეგულირების და ხარჯთაღრიცხვის სპეციფიკური ვალდებულებები.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ მისი 2005 წლის 21 ოქტომბრის N656/22 გადაწყვეტილებით დაკისრებული ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად, კომისიის 2007 წლის 17 აპრილის №191/9 გადაწყვეტილებით დეტალურად განისაზღვრა ამ სპეციფიკური ვალდებულებების შესრულების პირობები და მექანიზმები.
კომისია აღნიშნავს, რომ ბაზრის კონკრეტულ სეგმენტზე ჩამოყალიბებული მდგომარეობა არაკონკურენტუნარიანია და საჭიროებს კვლევისა და ანალიზის ჩატარებას, ბაზრის აღნიშნულ სეგმენტზე საქმიანობის განმახორციელებელი ავტორიზებული პირის სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიერ დადგენილი ტარიფების დანახარჯებზე ორიენტირებულობის შესწავლის მიზნით, და შესაბამისად, სატარიფო რეგულირებისათვის, კომისია თვლის, რომ საჭიროა, ზღვრული ტარიფის ოდენობის დადგენა, რის შესახებ ასევე აღინიშნულია კომისიის 2007 წლის 17 აპრილის №191/9 გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტშიც.
კომისია აღნიშნავს, რომ კონკრეტული ავტორიზებული პირისათვის დაკისრებული სატარიფო რეგულირების ვალდებულება არ ნიშნავს კომისიის მიერ მნიშვნელოვანი საბაზრო ძალის მქონე ავტორიზებული პირის მომსახურების ტარიფების კონკრეტული ოდენობების დადგენას. ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი უფლებამოსილია ”...თავისი საქმიანობისას... დაადგინოს საკუთარი ქსელის ელემენტებთან დაშვების და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების ტარიფები.” აღნიშნული ნორმა ეხება იმ შემთხვევასაც, როდესაც ავტორიზებული პირი კომისიის მიერ ცნობილია, როგორც მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე და მას კომისიის მიერ დაკისრებული აქვს ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 35-ე მუხლით განსაზღვრული სატარიფო რეგულირების და ხარჯთაღრიცხვის ვალდებულება. ამგვარ შემთხვევაში, 35-ე მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, კომისიას კანონმდებლობით მინიჭებული აქვს, ავტორიზებული პირის მიერ განხორციელებულ მომსახურებაზე, მხოლოდ ზღვრული ტარიფების (ზედა ზღვრის) დადგენის უფლებამოსილებაც. კომისიის მიერ ზღვრული ტარიფების ოდენობების (ზედა ზღვრის) დადგენის შემთხვევაშიც, ოპერატორი თვითონ ადგენს ტარიფს, რომლის ოდენობა უნდა ექცეოდეს კომისიის მიერ დადგენილ ზღვრებში.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ უნდა დააკონკრეტოს სატარიფო რეგულირების და ხარჯთაღრიცხვის ვალდებულების პირობები, კერძოდ უნდა დადგინდეს ზედა ზღვრული ტარიფები, ელექტრონულ საკომუნიკაციო კანალიზაციაში კაბელების გატარების მომსახურების ბაზრის სეგმენტზე.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკევებულად განაწილების, ინფორმაციის გამჭვირვალობის უზრუნველყოფისა და დისკრიმინაციის აკრძალვის სპეციფიკური ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, კომისია უფლებამოსილია მოსთხოვოს ავტორიზებულ პირს სააღრიცხვო, ფინანსური ინფორმაციის, მათ შორის დანახარჯების განაწილებისა და სხვა ავტორიზებული პირებისგან მიღებული შემოსავლების თაობაზე ინფორმაციის წარმოდგენა, ხოლო შესაბამისი ავტორიზებული პირი ვალდებულია ინფორმაცია წარმოადგინოს დადგენილი ფორმით, კერძოდ 2007 წლის 31 აგვისტოს №5 დადგენილებით დამტკიცებული “მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტების განსაზღვრისა და კონკურენტუნარიანობის ანალიზის მეთოდოლოგიური წესების” მე-8 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
კომისიამ, წარმოების დაწყების გადაწყვეტილების მიღებისას მხედველობაში მიიღო შემდეგი გარემოებები:
ა) სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია” აღიარებულია მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორად 2005 წლის 21 ოქტომბრის N656/22 გადაწყვეტილებით, ელექტრონულ საკომუნიკაციო კანალიზაციაში კაბელების გატარების მომსახურების ბაზრის სეგმენტზე.
ბ) სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” დაკისრებული აქვს ინფორმაციის გამჭვირვალობის, დისკრიმინაციის აკრძალვის, ელექტრონულ საკომუნიკაციო ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვების, სატარიფო რეგულირების და ხარჯთაღრიცხვის ვალდებულებები და ეს უკანასკნელი ვალდებულება მოიცავს დანახარჯებზე ორიენტირებული და არადისკრიმინაციული ტარიფით დაშვების ვალდებულებასაც, თუმცა კომისიის მიერ წინა ეტაპზე არ ყოფილა დადგენილი ზედა ზღვრული ტარიფი.
გ) ბაზარზე არსებული მდგომარეობა აუცილებელს ხდის კომისიის მიერ მოხდეს ზედა ზღვრული ტარიფის დადგენა ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ასევე 30-ე მუხლის მე-3 პუნქტის და ”დამოუკიდებელი მარეგულირებელი ეროვნული ორგანოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 და მე-5 მუხლების, 2007 წლის 31 აგვისტოს №5 დადგენილებით დამტკიცებული “მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტების განსაზღვრისა და კონკურენტუნარიანობის ანალიზის მეთოდოლოგიური წესების” მე-6 და მე-8 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება, კომისიის 2005 წლის 21 ოქტომბრის N656/22 და 2007 წლის 17 აპრილის №191/9 გადაწყვეტილებებით დაკისრებული სპეციფიკური ვალდებულებების დაკონკრეტების მიზნით, კერძოდ ელექტრონულ საკომუნიკაციო კანალიზაციაში კაბელების გატარების მომსახურების ბაზრის სეგმენტზე სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიისთვის” ხარჯებზე ორიენტირებული ზედა ზღვრული ტარიფების ოდენობების განსაზღვრის მიზნით;
2. გამოქვეყნდეს ცნობა ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ გვერდზე ელექტრონულ საკომუნიკაციო კანალიზაციაში კაბელების გატარების მომსახურების ბაზრის სეგმენტზე, სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიისთვის” ხარჯებზე ორიენტირებული ზედა ზღვრული ტარიფების ოდენობების განსაზღვრის მიზნით, საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ;
3. დაევალოს სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიას”, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 35-ე მუხლის შესაბამისად, საკანალიზაციო არხებთან დაშვების მომსახურების 2006-2007 წლის განაწილებული დანახარჯების და ეკონომიკური მონაცემების კომისიისთვის წარმოდგენა ზეპირი მოსმენის სხდომის დღემდე;
4. საკითხის საჯარო მოსმენა გაიმართოს 2008 წლის 27 ივნისს 12:00 საათზე, ხოლო გადაწყვეტილება მიღებულ იქნას, ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში;
5. გადაწყვეტილების ცალკე გასაჩივრდებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სტრატეგიული განვითარების და კონკურენციის დეპარტამენტს (გ. ბუთბაია).
7. გადაწყვეტილება ძალაშია მისი კომისიის ვებ გვერდზე გამოქვეყნების მომდევნო სამუშაო დღიდან.
თავმჯდომარე გ. არველაძე
წევრი ს. ბრიტანჩუკი
წევრი გ. ფრუიძე
წევრი ზ. ნონიკაშვილი
წევრი კ. კვიტაიშვილი
