შპს ”კავკასუს ონლაინი”-ს გაფრთხილების შესახებ ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 10, 2008
მიღების თარიღი იანვარი 04, 2008
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას.
”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 11-ე მუხლის მე-3 პუნქტის ”ზ” ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას.
კომისია აღნიშნავს, რომ 2007 წლის 28 ნოემბერს კომისიას ერთობლივი განცხადებით მიმართა შპს ”ახალმა ქსელებმა” და შპს ”ახტელმა” და მოითხოვა შპს ”კავკასუს ონლაინის” მიმართ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული სანქციების გამოყენება, განცხადებაში მოთხოვნის საფუძვლად მითითებულია შპს ”კავკასუს ონლაინი”-ს მიერ კომისიის 2007 წლის 19 ოქტომბრის №604/16 გადაწყვეტილების შეუსრულებლობა. კერძოდ, ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის შესაბამისად შპს ”ახალ ქსელებს” შპს ”ახტელსა” და შპს ”კავკასუს ონლაინს” დაევალათ სახაზო საკაბელო წყვილებით მომსახურების თაობაზე ხელშეკრულების 10 დღის ვადაში გაფორმება და მისი ორმხრივი ხელმოწერის შემდომ ასლის სამი სამუშაო დღის ვადაში კომისიაში წარმოდგენა. როგორც შპს ”ახალი ქსელები”-ს და შპს ”ახტელის” განცხადებაშია აღნიშნული კომპანიებმა არაერთხელ მიმართეს შპს ”კავკასუს ონლაინს” და წარუდგინეს სახაზო საკაბელო წყვილებით მომსახურების თაობაზე მათი მხრიდან ხელმოწერილი და ბეჭედდასმული ხელშეკრულება ხელმოსაწერად, მაგრამ უშედეგოდ.
კომისიის 2007 წლის 20 დეკემბრის №792/23 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიაში დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება შპს ”კავკასუს ონლაინი”-ს გაფრთხილების თაობაზე. აღნიშნული საკითხის განხილვა გაიმართა 2008 წლის 4 იანვრის კომისიის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდნენ შპს ”ახალი ქსელების”, შპს ”ახტელის” და შპს ”კავკასუს ონლაინი”-ს წარმომადგენლები.
შპს ”ახალი ქსელები”-ს და შპს ”ახტელი”-ს წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ მხარეებს შორის მიღწეულია შეთანხმება ზემოაღნიშნულ საკითხზე, კერძოდ, შპს ”კავკასუს ონლაინი”-ს მიერ ხელმოწერილ იქნა ხელშეკრულება სახაზო საკაბელო წყვილებით მომსახურების შესახებ და კომისიის წინაშე დააყენა შუამდგომლობა შპს ”კავკასუს ონლაინი”-ს გაფრთხილების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტასთან დაკავშირებით. ამავე დროს, კომისიაში წარმოდგენილ იქნა მხარეთა მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულება სახაზო საკაბელო წყვილებით მომსახურების შესახებ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტა შპს ”კავკასუს ონლაინი”-ს გაფრთხილების თაობაზე, გამომდინარე იქიდან, რომ მხარეებს შორის გაფორმებული იქნა ხელშეკრულება სახაზო საკაბელო წყვილებით მომსახურების შესახებ, კომისიაში წარმოდგენილ იქნა მხარეთა მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულება სახაზო საკაბელო წყვილებით მომსახურების თაობაზე და ამავე დროს, კომისიაში წარმოდგენილ იქნა შპს ”ახალი ქსელები”-ს და შპს ”ახტელი”-ს შუამდგომლობა გაფრთხილებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის მოთხოვნით, ანუ აღარ არსებობს გაფრთხილების წინაპირობა, რაც წარმოადგენს ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის საფუძველს.
”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-18 პუნქტის შესაბამისად კომისიამ,
გადაწყვიტა:
1. შეწყდეს ადმინისტრაციული წარმოება შპს ”კავკასუს ონლაინი”-ს გაფრთხილების თაობაზე;
2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების მხარეებისთვის გაგზავნა;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, სარაჯიშვილის 1-ა) ერთი თვის ვადაში;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე გ. არველაძე
კომისიის წევრები:
ზ. ნონიკაშვილი
გ. ფრუიძე
კ.კვიტაიშვილი
