ღია სააქციო საზოგადოება ”მეგაფონი”-სთვის ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივნისი 12, 2008
მიღების თარიღი ივნისი 11, 2008
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ულიცენზიოდ ან მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ულიცენზიოდ ნუმერაციის რესურსით სარგებლობა აკრძალულია და ისჯება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად.”
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში ულიცენზიოდ საქმიანობა, ან ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ულიცენზიოდ ან მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ულიცენზიოდ ნუმერაციის რესურსით სარგებლობა, წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, რომლისთვისაც ადმინისტრაციული სახდელის სახით გათვალისწინებულია ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს წარმოებაში გადაეცა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმი №000053, შედგენილი ქ.ცხინვალში 2008 წლის 5 ივნისს, რომელშიც აღნიშნულია, რომ 2008 წლის 5 ივნისს ქ.ცხინვალსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, კერძოდ სოფელ ზემო ნიქოზში ჩატარდა მონიტორინგი GSM-900 რადიოსიხშირულ დიაპაზონში დაკავებული რადიოსიხშირეებით მოსარგებლე სუბიექტების დადგენის მიზნით. გამოირკვა, რომ აღნიშნულ დიაპაზონში ულიცენზიოდ და ავტორიზაციის გარეშე საქმიანობას ახორციელებს რუსული მობილური კომპანია ღია სააქციო საზოგადოება ”მეგაფონი” (ოქმი თან ერთვის). ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს თანდართული აქვს მოწმეთა ახსნა განმარტებები, რომლებშიც აღნიშნულია, რომ გორის რაიონის სოფელ ნიქოზში და პატარა ლიახვის ხეობაში აბონენტები 2005 წლიდან სარგებლობენ კომპანია ”მეგაფონის” სიმ ბარათებით, კერძოდ ”მეგაფონი-ჩრდილოეთ კავკასიის” სიმ ბარათებით.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ შედგენილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის საფუძველზე, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განსახილველად მომზადების სტადიაზე კომისიამ მიიჩნია, რომ ზემოაღნიშული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საკითხის განხილვა შედის კომისიის უფლებამოსილების სფეროში, გამომდინარე იქიდან, რომ ”საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის” 228-ე მუხლის შესაბამისად, ამავე კოდექსის 1441-ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლებამოსილება მინიჭებული აქვს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიაში დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება კომპანია ”მეგაფონის” სანქცირებასთან დაკავშირებით, მის მიერ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის გამო.
”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 38-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა კომისიის მიერ უნდა დაიწყოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და თანდართული მასალების მიღებიდან - 7 დღის ვადაში. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი კომისიის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ შედგენილ იქნა 2008 წლის 5 ივნისს, რომელიც კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს შესაბამისი რეაგირებისთვის გადაეცა იმავე დღეს - 2008 წლის 5 ივნისს. შესაბამისად, საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2008 წლის 11 ივნისის 16:00 საათი, ხოლო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო 2008 წლის 5 ივნისს, რის შესახებაც რუსულ ენაზე შედგენილი შეტყობინებით ეცნობა ღია სააქციო საზოგადოება ”მეგაფონს” (05.06.2008 №03/1020-08), ასლი გადაეგზავნა რუსეთის ფედერაციის საელჩოს საქართველოში). მხარეს ასევე განემარტა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების, შუამდგომლობების წარმოდგენისა და ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტების და სხვა მასალების გაცნობის უფლება, რუსულ ენაზე. მხარეს ასევე რუსულ ენაზე განემარტა, რომ ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 38-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომისიის გადაწყვეტილებით საქმე განიხილება მასში მონაწილე პირის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, თუ შეტყობინებით პირი სხდომაზე მოწვეულ იქნა, ის არ გამოცხადდა და კომისიაში არ არის შემოსული შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილ იქნა სამსახურებრივი ბარათი, რომელშიც აღნიშნულია, რომ ”ცხინვალის მიმდებარე ტერიტორიაზე (გეოგრაფიული კოორდინატები: N_42°11 38\"; E_043°56 59,35\") მოქმედი, ფიჭური კავშირგაბმულობის GSM ოპერატორების მიერ გამოყენებული 890.200 მჰც – 914.800 მჰც და 935.200 მჰც – 959.800 მჰც სიხშირულ დიაპაზონების შემოწმების მიზნით ჩატარებულ იქნა მონიტორინგი.
მონიტორინგის პერიოდში, ექსპერიმენტის სახით გამოყენებული ”მეგაფონის” სიმ-ბარათით (№9284932003), ცხინვალის მიმდებარე ტერიტორიაზე, დაფიქსირებული იქნა რუსეთის ფედერაციის ფიჭური კავშირგაბმულობის GSM ოპერატორის ”მეგაფონის” მუშაობა, რომელიც სარგებლობდა: RX - 890.200 მჰც – 914.800 მჰც და TX - 935.200 მჰც – 959.800 მჰც სიხშირული დიაპაზონებით. მაგალითად, ორ შემთხვევაში მონიტორინგის ჯგუფის მიერ გამოყენებული ”მეგაფონის” სიმ ბარათით სარგებლობისას, კავშირი დაფიქსირდა: 1) RX – 898.200 მჰც, TX -943.200 მჰც; 2) RX –900.200 მჰც, TX - 945.200 მჰც სიხშირეებზე. (ცხინვალისა და მიმდებარე ტერიტორიებზე ჩატარებული სხვადასხვა ექსპერიმენტების ფოტო და ვიდეო მასალები და გასხივების დიაგრამები თან ერთვის წარმოდგენილ დასკვნას).
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ კომისიაში შემოსულ იქნა შპს ”მაგთიკომი”-ს და შპს ”ჯეოსელი”-ს განცხადებები, რომლებშიც აღნიშნულია, რომ ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე ღია სააქციო საზოგადოება ”მეგაფონი”-ს მიერ საქართველოს კანონმდებლობის უხეში დარღვევით, 2004 წლიდან, ულიცენზიოდ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის შედეგად, კომპანიებს ადგებათ მნიშვნელოვანი მატერიალური ზარალი და ამავე დროს არ ეძლევათ შესაძლებლობა შეუზღუდავად ისარგებლონ მათ მფლობელობაში არსებული რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიებიდან გამომდინარე უფლებებით.
საკითხის განხილვა კომისიაში გაიმართა 2008 წლის 11 ივნისის კომისიის სხდომაზე, რომელზეც არ გამოცხადებულან კომპანია ”მეგაფონის” წარმომადგენლები, კომისიაში, კომპანიის მხრიდან ასევე არ იქნა შემოტანილი რაიმე სახის შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის №000053 ოქმისა და კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი დასკვნისა და თანდართული მტკიცებულებების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ ღია სააქციო საზოგადოება ”მეგაფონი” საქართველოში, კერძოდ, ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქში - ქ. ცხინვალსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ულიცენზიოდ ახორციელებს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობას, რაც წარმოადგენს ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის დარღვევას და ამავე დროს, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას, კერძოდ ულიცენზიოდ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობას, რომლისთვისაც გათვალისწინებულია ჯარიმა - 5000 ლარის ოდენობით. შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ კომპანია ”მეგაფონი”-ს მიმართ ადმინისტრაციული სახდელის სახით გამოყენებულ უნდა იქნას ჯარიმა - 5000 ლარის ოდენობით და ამავე დროს, კომპანიას დაუყოვნებლივ უნდა აეკრძალოს საქართველოს ტერიტორიაზე ულიცენზიოდ და ავტორიზაციის გარეშე რადიოსიხშრირული სპექტრით სარგებლობა და საქმიანობა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში.
საქმის განხილვის სტადიაზე დადგინდა, რომ სამართალდარღვევის ჩადენისას ადგილი არ ჰქონია პასუხისმგებლობის დამამძიმებელ და შემამსუბუქებელ გარემოებებს გათვალისწინებულს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 34-ე და 35-ე მუხლებით.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ, როგორც საქმეზე ჩატარებული მონიტორინგითა და თანდართული მტკიცებულებებით დასტურდება, რუსეთის ფედერაციის რეზიდენტი იურიდიული პირი ღია სააქციო საზოგადოება ”მეგაფონი” საქართველოს ტერიტორიაზე სამეწარმეო საქმიანობას ახორციელებს 2004 წლიდან, რაც გამოიხატება ულიცენზიოდ და ავტორიზაციის გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობაში და შესაბამისი შემოსავლების მიღებაში უკანონო სამეწარმეო საქმიანობიდან, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლით გათვალისწინებულია როგორც დასჯადი ქმედება.
”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 44-ე მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, თუ შემოწმებაზე უფლებამოსილი პირი შემოწმების შედეგად დაადგენს, რომ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის დამრღვევი პირის ქმედება შეიცავს საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობით განსაზღვრული დანაშაულის ნიშნებს, იგი შემოწმების მასალებს დაუყოვნებლივ წარუდგენს კომისიას შესაბამისი რეაგირებისთვის.
აღნიშნულიდან გამომდინარე კომისიას მიაჩნია, რომ ღია სააქციო საზოგადოება ”მეგაფონი”-ს მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ულიცენზიოდ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობა და ავტორიზაციის გარეშე ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობა, შეიძლება შეიცავდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის - უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ნიშნებს და საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის მიზნით, მიზანშეწონილია აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებული მასალები თანდართული დოკუმენტაციით გადაეგზავნოს საქართველოს გენერალურ პროკურატურას, როგორც სისხლის სამართლებრივი დევნის განმახორციელებელ ორგანოს.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 228-მუხლის, 1441-ე მუხლის პირველი ნაწილის, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-4 პუნქტის, 44-ე მუხლის მე-8 პუნქტის, ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის 15-ე 16-ე, 18-ე პუნქტებისა და 38-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად,
გადაწყვიტა:
1. დაეკისროს ჯარიმა ღია სააქციო საზოგადოება ”მეგაფონს” 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის;
2. უზრუნველყოს ღია სააქციო საზოგადოება ”მეგაფონმა” წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელის გადახდა 30 დღის ვადაში, საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
- ხაზინის ერთიანი ანგარიში, ანგარიშის ნომერი - 200122900,
- ბანკი-სახელმწიფო ხაზინა; ბანკის კოდი - 220101222;
- სახაზინო კოდი - 300773251;
3. უზრუნველყოს ღია სააქციო საზოგადოება ”მეგაფონმა” ჯარიმის გადახდის დამადასტურებლი საბუთის კომისიაში წარმოდგენა გადახდიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.
4. დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი.აბულაძე) ღია სააქციო საზოგადოება ”მეგაფონის” მიერ ჯარიმის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდაზე კონტროლის განხორციელება;
5. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების 7 დღის ვადაში გაგზავნა კომპანია ,,მეგაფონი”-სთვის დაზღვეული საფოსტო გზავნილის სახით სანოტარო წესით დამოწმებული რუსულენოვანი ასლით.
6. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ.ყურაშვილი) ღია სააქციო საზოგადოება ”მეგაფონი”-ს შემოწმებასთან დაკავშირებული მასალების საქართველოს გენერალური პროკურატურისთვის თანდართული წერილით გაგზავნა;
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, სარაჯიშვილის 1-ა) 10 დღის ვადაში;
8. გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნებისთანავე;
9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ და საფინანსო დეპარტამენტებს (კ. ყურაშვილი, ი.აბულაძე).
კომისიის თავმჯდომარე გ.არველაძე
კომისიის წევრები ზ.ნონიკაშვილი
გ.ფრუიძე
კ.კვიტაიშვილი
ს.ბრიტანჩუკი
