წვდომის მენიუ

შპს ”საქართველოს ტელეკომის” სანქცირების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ

ნომერი: 328 / 23

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 26, 2008

მიღების თარიღი ივნისი 13, 2008

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზირებულ პირების საქმიანობისა და ლიცენზიის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას.

”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ”ზ” ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზირებისა და რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის  შესაბამისად, კომისია აკონტროლებს  ავტორიზირებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას.

კომისია, აგრეთვე აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ”ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზირებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.

კომისიის 2007 წლის 31 აგვისტოს №498/9 გადაწყვეტილებით შპს ”საქართველოს ტელეკომს”, როგორც მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ავტორიზირებულ პირს, დაეკისრა ინფორმაციის გამჭირვალობის უზრუნველყოფის, დისკრიმინაციის აკრძალვის და ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვების ვალდებულება. აღნიშნული ვალდებულების შესრულების მონიტორინგის მიზნით, კომისიაში ინფორმაციის წარმოდგენის შესახებ, შპს ”საქართველოს ტელეკომს” 2008 წლის 4 აპრილს გაეგზავნა კომისიის №02/582-08 წერილი, თუმცა მოთხოვნილი ინფორმაცია არ იქნა წარმოდგენილი კომისიაში, რასაც მოწმობს კომისიის აპარატის სტრატეგიული განვითარების და კონკურენციის დეპარტამენტის (დ. კიკნაძე) სამსახურეობრივი ბარათი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიაში ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, დაიწყო შპს ”საქართველოს ტელეკომის” გაფრთხილებასთან დაკავშირებული მარტივი ადმინისტრაციული წარმოება. წარმოების დაწყების შესახებ, შპს ”საქართველოს ტელეკომს” შეტყობინებით ეცნობა 2008 წლის 31 მაისს. მხარეს ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტების და სხვა მასალების გაცნობის უფლებები.

კომისიის აპარატის სტრატეგიული განვითარების და კონკურენციის დეპარტამენტის 2008 წლის 13 ივნისის სამსახურეობრივი ბარათით №10/329-08 დადგინდა, რომ შპს ”საქართველოს ტელეკომმა” 2008 წლის 13 ივნისს წარმოადგინა ზემოაღნიშნული წერილით მოთხოვნილი ინფორმაცია სრულად.

”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-17 პუნქტის შესაბამისად, თუ არ არსებობს გაფრთხილების ან ჯარიმის საფუძველი, ადმინისტრაციული წარმოება წყდება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას  მიაჩნია, რომ  უნდა შეწყდეს შპს ”საქართველოს ტელეკომის” სანქცირებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 36-ე მუხლის 17-ე პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად

გადაწყვიტა:

1. შეწყდეს ადმინისტრაციული წარმოება შპს ”საქართველოს ტელეკომის” სანქცირების თაობაზე;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი ქ. თბილისი, სარაჯიშვილის №1 ა) ერთვი თვის ვადაში;

3. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი ასლის დაინტერესებული მხარეებისთვის ჩაბარების დღიდან;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                                    გ. არველაძე

წევრები:                                                                                 ს. ბრიტანჩუკი

                                                                                                 ზ. ნონიკაშვილი                            

                                                                                                  გ. ფრუიძე

                                                                                                  კ. კვიტაიშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები