შპს ”საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის”, შპს ”აჭარის ელექტროკავშირისა” და სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიის” სანქცირების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივნისი 26, 2008
მიღების თარიღი ივნისი 13, 2008
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზირებულ პირების საქმიანობისა და ლიცენზიის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას.
”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ”ზ” ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზირებისა და რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზირებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას.
კომისია, აგრეთვე აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ”ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზირებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.
კომისიის 2008 წლის 4 აპრილის №189/9 ”ფიქსირებული და მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორების საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების) მომსახურების ბაზრის სეგმენტებზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის თაობაზე” გადაწყვეტილებით შპს ”საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციას”, შპს ”აჭარის ელექტროკავშირსა”და სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას”, როგორც მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ავტორიზირებულ პირებს დაეკისრათ ვალდებულება გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 10 კალენდარული დღის ვადაში საჯაროდ გამოექვეყნებინათ, კომისიის 2008 წლის 4 აპრილის №189/9 გადაწყვეტილებით განსაზღვრულ გეოგრაფიულ საზღვრებში, საკუთარი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების) მომსახურების შეთავაზების წინადადება (მოწვევის ოფერტა), რომელშიც ასახული იქნებოდა საკუთარი საკომუნიკაციო ძირითადი ქსელის ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის მომსახურების მიწოდების არსებითი პირობები”. შპს ”საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის”, შპს ”აჭარის ელექტროკავშირის” და სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიერ არ დასტურდებოდა აღნიშნული ვალდებულების შესრულება, რასაც მოწმობს კომისიის აპარატის სტრატეგიული განვითარების და კონკურენციის დეპარტამენტის (დ. კიკნაძე) სამსახურეობრივი ბარათი №10/277-08.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიაში ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, დაიწყო შპს ”საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის”, შპს ”აჭარის ელექტროკავშირის”და სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიის” გაფრთხილებასთან დაკავშირებული მარტივი ადმინისტრაციული წარმოება. წარმოების დაწყების შესახებ, შპს ”საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციას”, შპს ”აჭარის ელექტროკავშირს”და სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შეტყობინებით ეცნობათ 2008 წლის 31 მაისს. მხარეებს ასევე განემარტათ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების და შუამდგომლობების წარმოდგენის, ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტების და სხვა მასალების გაცნობის უფლებები.
კომისიის აპარატის სტრატეგიული განვითარების და კონკურენციის დეპარტამენტის 2008 წლის 13 ივნისის სამსახურეობრივი ბარათით №10/330-08 დადგინდა, რომ შპს ”საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციამ”, შპს ”აჭარის ელექტროკავშირმა” და სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიამ”, 2008 წლის 13 ივნისს წარმოადგინეს ზემოაღნიშნული მოწვევის ოფერტები კომისიაში და გამოაქვეყნეს ისინი, როგორც საკუთარ საიტებზე, ისე კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.
”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-17 პუნქტის შესაბამისად, თუ არ არსებობს გაფრთხილების ან ჯარიმის საფუძველი, ადმინისტრაციული წარმოება წყდება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ უნდა შეწყდეს შპს ”საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის”, შპს ”აჭარის ელექტროკავშირისა” და სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიის” სანქცირებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 36-ე მუხლის 17-ე პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად
გადაწყვიტა:
1. შეწყდეს ადმინისტრაციული წარმოება შპს ”საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის”, შპს ”აჭარის ელექტროკავშირისა”და სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიის” სანქცირების თაობაზე;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი ქ. თბილისი, სარაჯიშვილის №1 ა) ერთვი თვის ვადაში;
3. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი ასლის დაინტერესებული მხარეებისთვის ჩაბარების დღიდან;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე გ. არველაძე
წევრები: ს. ბრიტანჩუკი
ზ. ნონიკაშვილი
გ. ფრუიძე
კ. კვიტაიშვილი
