შპს “რუსთავი 2”-სა და შპს ”ნიკა 95”-ს შორის დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივნისი 26, 2008
მიღების თარიღი ივნისი 18, 2008
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ შპს ”რუსთავი 2”-მა კომისიას მიმართა წერილით მაუწყებლობის ტრანზიტის განმახორციელებელ ავტორიზებულ პირებთან დავის განხილვის მოთხოვნით.
კომისიაში წარმოდგენილ განცხადებაში შპს ”რუსთავი 2” აღნიშნავს, რომ კომპანიას გააჩნია ”გაერთიანებული ევროპული ფეხბურთის ასოციაცია”-სთან (UEFA) გაფორმებული მედია უფლებების კონტრაქტი, რომლის თანახმად შპს “რუსთავი 2”-ს მინიჭებული აქვს 2008 წლის ევროპის ჩემპიონატის საფეხბურთო მატჩების საქართველოს ტერიტორიაზე ექსკლუზიური ტრანსლაციის უფლებამოსილება.
აღნიშნულ საკითხზე, კომისიამ წერილებით მიმართა მაუწყებლობის ტრანზიტის განმახორციელებელ ავტორიზებულ პირებს და სრულყოფილი ინფორმაცია მიაწოდა მათ, შპს ”რუსთავი 2”-ის ექსკლუზიურ უფლებათა თაობაზე.
აღნიშნულ საკითხზე, 2008 წლის 18 ივნისს კომისიაში ჩატარდა მოსამზადებელი სხდომა. სხდომას ესწრებოდნენ: შპს ”რუსთავი 2”-სა და შპს ”ნიკა 95”-ის წარმომადგენლები.
მოსამზადებელ სხდომაზე, მოპასუხე მხარემ აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე გამოიჩენდა კეთილ ნებას და შეწყვეტდა ევროპის ჩემპიონატის საფეხბურთო მატჩების პირდაპირ ჩვენებას, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ საკაბელო ტელევიზიის წარმომადგენელმა ეჭვი შეიტანა შპს ”რუსთავი 2”-ის მოთხოვნის კანონიერებაში და არ დაეთანხმა მას.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, კომისიამ კენჭისყრის საფუძველზე, ხმათა უმრავლესობით, ერთის წინააღმდეგ
გადაწყვიტა:
1. დაინიშნოს შპს “რუსთავი 2”-სა და შპს ”ნიკა 95”-ს შორის დავის განხილვა 2008 წლის 30 ივნისს 16:00 საათზე;
2. დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ ეცნობოთ დაინტერესებულ მხარეებს.
3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის უფროსს (კ. ყურაშვილი).
4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
კომისიის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი ს. ბრიტანჩუკი
წევრები:
კ. კვიტაიშვილი
ზ. ნონიკაშვილი
