№B16 კერძო საერთო სამაუწყებლო ლიცენზიის მოქმედების დროებითი შეჩერების თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 22, 2008
მიღების თარიღი იანვარი 21, 2008
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციასა და უფლებამოსილებას წარმოადგენს ”სალიცენზიო პირობების დადგენა, აგრეთვე ლიცენზიების გაცემა, მოდიფიცირება, ლიცენზიების მოქმედების შეჩერება და განახლება, ლიცენზიების გაუქმება.”
ამასთან, „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე- 3 პუნქტის ე) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციასა და ვალდებულებას წარმოადგენს „ლიცენზიის მფლობელის მიერ ამ კანონის მოთხოვნებისა და სალიცენზიო პირობების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; ამ კანონის მოთხოვნებისა და სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელებისათვის შესაბამისი სანქციების დაკისრება“.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”ტელეიმედი” ფლობს №B16 კერძო საერთო სამაუწყებლო ლიცენზიას.
კომისია აღნიშნავს, რომ “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი არ შეიძლება იყოს პოლიტიკური პარტია ან პოლიტიკური პარტიის თანამდებობის პირი. კანონის ზემოაღნიშნული დებულება წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციითა და “სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი ყველა მედია-საშუალების დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხის უზრუნველყოფის საშუალებას, რამდენადაც ნებისმიერ შემთხვევაში მედია-საშუალებები თავისუფალი უნდა იყოს ყოველგვარი პოლიტიკური ზეგავლენისაგან, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების ობიექტური გაშუქების უზრუნველსაყოფად. “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტით დაცულ სიკეთეს წარმოადგენს მაუწყებლობის სფეროს დამოუკიდებლობა ნებისმიერი პოლიტიკური ინტერესებისაგან და ზეგავლენისაგან.
შპს ”ტელეიმედი”-ს მიერ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის VII თავის შესაბამისად წარმოდგენილი ინფორმაციისა და კომისიის მიერ ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციიდან გამოთხოვილი ინფორმაციის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ შპს “ტელეიმედი”-ს წილის 100% მესაკუთრე არის სს “ი-მედია”. სს “ი-მედია”-ს წილის 65% წარმოადგენს სს “ჯეი ემ ჯი კონსალტინგ გრუპი”-ს საკუთრებას, ხოლო 35% შპს “უნივერსალი”-ს საკუთრებას. თავის მხრივ, სს “ჯეი ემ ჯი კონსალტინგ გრუპი”-ს წილის 15% მესაკუთრეა დამოუკიდებელი საქველმოქმედო ფონდი “გამარჯვება”, დღევანდელი ”ა. პატარკაციშვილის დამოუკიდებელი საქველმოქმედო ფონდი” , რომლის ერთპიროვნულ დამფუძნებელსაც არკადი პატარკაციშვილი წარმოადგენს.
კომისიას მიაჩნია, რომ არკადი პატარკაციშვილი წარმოადგენს შპს ”ტელეიმედის” სამაუწყებლო ლიცენზიის არაპირდაპირ მფლობელს, რაც ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტის ”გ” ქვეპუნქტის დარღვევაა.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2007 წლის 4 იანვრის №4/18 გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის შესაბამისად შპს ”ტელეიმედს” სანქციის სახით დაეკისრა ჯარიმა 2500 ლარის ოდენობით საქართველოს საარჩევნო კოდექსის 731-ე მუხლის მე-8 ნაწილის ბ) და ვ) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის გამო. “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 72-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ”ლიცენზიის მფლობელის ან/და საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ დაჯარიმებიდან 1 წლის განმავლობაში ახალი დარღვევის ჩადენის შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილია მას დააკისროს ჯარიმა მისი წლიური შემოსავლის 3%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 5000 ლარისა, ან დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ლიცენზიის მოქმედების შეჩერების მიზნით.
კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია, შპს ”ტელეიმედი”-ს №B16 კერძო საერთო სამაუწყებლო ლიცენზიის შეჩერების თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყება ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, გამომდინარე იქიდან, რომ ირღვევა კონსტიტუციითა და საერთაშორისო-სამართლებრივი ნორმებით გარანტირებული სიტყვისა და გამოხატვის უფლება - პრაქტიკულად, შპს ”ტელეიმედს” 2007 წლის 26 დეკემბრიდან შეჩერებული აქვს მაუწყებლობა და ინფორმაციის თავისუფლად გავრცელება, ზემოაღნიშნული გარემოებების გამო.
”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-4 პუნქტის, 72-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 73-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს ”ტელეიმედი”-ს №B16 კერძო საერთო სამაუწყებლო ლიცენზიის შეჩერების მიზნით;
2. საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2008 წლის 15 თებერვალს 15 საათზე;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ.ჯანელიძე) საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენის შესახებ ცნობის გამოქვეყნება;
4. შპს ”ტელეიმედს” უფლება აქვთ წარადგინონ მტკიცებულებები, შუამდგომლობები საქმის გარემოებათა გამოკვლევის თხოვნით, აგრეთვე გაეცნოს ადმინისტრაციული წარმოების მასალებს;
5. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ძალით;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ.ყურაშვილი)
კომისიის თავმჯდომარე გ.არველაძე
წევრები
ზ.ნონიკაშვილი
კ.კვიტაიშვილი
