შპს ”ატელი”-ს დაჯარიმების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივნისი 26, 2008
მიღების თარიღი ივნისი 20, 2008
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას.
”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ”ზ” ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”ატელი” წარმოადგენს ავტორიზებულ პირს (ავტორიზაციის №195/1) და ამავე დროს, ფლობს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N86 ლიცენზიას შემდეგი სალიცენზიო ვალდებულებებით:
ა) ნუმერაციის რესურსის 10%-ს ათვისების ვალდებულება: ლიცენზიის გაცემიდან 1(ერთი) წელი; (ლიცენზიის გაცემის თარიღი - 13.02.2007)
ბ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის ან/და ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, საკუთარი ხარჯებით, კომისიის მიერ დადგენილ ვადებში, ქსელის ნუმერაციის სისტემა შესაბამისობაში მოიყვანოს ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.
გ) ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი 70%-ის (9660 - ცხრა ათას ექვსას სამოცი ლარი) გადახდის ვალდებულება კომისიის 2007 წლის 13 თებერვლის №79/1 გადაწყვეტილების შესაბამისად.
კომისია აღნიშნავს, რომ 2008 წლის 4 აპრილს კომისიის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება №175/18 შპს ’’ატელი’’-ს გაფრთხილების შესახებ’’, რომლის შესაბამისადაც შპს ’’ატელს’’ მიეცა გაფრთხილება და დაევალა ამ გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის თანახმად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N86 ლიცენზიის ა) პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება 10 სამუშაო დღის განმავლობაში, ხოლო გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის შესაბამისად ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დავალიანების - 805.00(რვაას ხუთი) ლარის საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდა 10 სამუშაო დღის ვადაში.
კომისია აღნიშნავს, რომ 2008 წლის 18 აპრილს შპს ‘’ატელის’’ მიერ საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხულ იქნა ზემოაღნიშნული ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დავალიანება - 805.00 (რვაას ხუთი) ლარი, რაც დასტურდება კომისიაში წარმოდგენილი გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტით, ხოლო რაც შეეხება ამავე გადაწყვეტილების მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებას, კერძოდ ნუმერაციის რესურსით პრაქტიკული საქმიანობის განხორციელებას 10 სამუშაო დღის ვადაში, არ შეუსრულებია, რაც დასტურდება კომისიის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათით №10/316-08 და შპს ‘’ატელის’’ მიერ წარმოდგენილი განცხადებით №6/1146-08.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიაში ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 46-ე მუხლის პირველი პუნქტისა და ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, 2008 წლის 16 ივნისს დაიწყო შპს ”ატელი”-ს დაჯარიმებასთან დაკავშირებით მარტივი ადმინისტრაციული წარმოება, გამომდინარე იქიდან, რომ კომისიის 2008 წლის 4 აპრილის №175/18 გადაწყვეტილებით შპს ’’ატელი’’ გაფრთხილებულ იქნა ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ლ) ქვეპუნქტის და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N86 ლიცენზიის სალიცენზიო პირობების ა) და გ) პუნქტების დარღვევის გამო; წარმოების დაწყების შესახებ შპს ”ატელს” შეტყობინებით ეცნობა იმავე დღეს - 2008 წლის 16 ივნისს. მხარეს ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების, შუამდგომლობების წარმოდგენისა, ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტების და სხვა მასალების გაცნობის უფლებები.
საკითხის განხილვა გაიმართა 2008 წლის 20 ივნისს კომისიის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდნენ შპს ’’ატელის’’ წარმომადგენლები.
კომისია აღნიშნავს, რომ სხდომაზე წარმოდგენილ იქნა კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი, რომელშიც აღნიშნულია, რომ 2008 წლის 18 აპრილის მდგომარეობით, შპს ’’ატელს’’ წარმოდგენილი აქვს საგადასახადო დავალიანების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი საქართველოს ცენტრალურ ბიუჯეტში. ასევე, ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რას შეადგენს შპს ’’ატელის’’ ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი. სხდომაზე, ასევე წარმოდგენილ იქნა კომისიის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი, სადაც აღნიშნულია, რომ შპს ‘’ატელის’’ მიერ ფინანსური და ტექნიკური მიზეზების გამო არ არის დაწყებული ლიცენზიით გათვალისწინებული პრაქტიკული საქმიანობა, რასაც ადასტურებს შპს ’’ატელის’’ მიერ 2008 წლის 6 ივნისს წარმოდგენილი განცხადება №6/11 46- 08, სადაც აღნიშნულია, რომ კომპანიამ გარკვეული ტექნიკური და ფინანსური მიზეზების გამო, ვერ შეძლო ლიცენზიის გამოყენება და პრაქტიკული საქმიანობის განხორციელება.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ’’ატელის’’ მიერ დარღვეულ იქნა 2008 წლის 4 აპრილის №175/18 გადაწყვეტილების მე-3 პუნქტი, რაც წარმოადგენს ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული სანქცირების საფუძველს. კერძოდ, ამავე კანონის 43-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელთა მიერ სალიცენზიო პირობების შესრულებას. ლიცენზიის მფლობელთა მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში, კომისია მათ მიმართ გამოიყენებს ამ კანონის 45-ე მუხლით დადგენილ სანქციებს, ხოლო 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დენადი ხასიათის დარღვევის კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში აღმოუფხვრელობის ან ერთი წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილია დამრღვევს დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 10000 ლარისა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ შპს ’’ატელის’’ მიმართ სანქციის სახით გამოყენებულ უნდა იქნას ჯარიმა10000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით.
”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მარეგულირებელი წესების 36-ე მუხლის მე-13, მე-14, მე-15 და მე-16 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად
გადაწყვიტა:
1. შპს ”ატელს” დაეკისროს ჯარიმა 10000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით, კომისიის 2008 წლის 4 აპრილის №175/18 გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის დარღვევისა და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N86 ლიცენზიის ა) პუნქტით გათვალისიწნებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო;
2. უზრუნველყოს შპს ”ატელმა” წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდა 30 დღის ვადაში, საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
- ხაზინის ერთიანი ანგარიში, ანგარიშის ნომერი - 200122900,
- ბანკი-სახელმწიფო ხაზინა; ბანკის კოდი - 220101222;
- სახაზინო კოდი - 300773251;
3. უზრუნველყოს შპს ”ატელმა’’ გადახდის დამადასტურებლი საბუთის კომისიაში წარმოდგენა გადახდიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.
4. შპს ”ატელის’’ მიერ ჯარიმის ნებაყოფლობით გადაუხდელობის შემთხვევაში, წინამდებარე გადაწყვეტილების აღსრულებას უზრუნველყოფს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტი, კომისიის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე.
5. უზრუნველყოს შპს ”ატელმა” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N86 ლიცენზიის ა) პუნქტით გათვალისიწნებული ვალდებულების შესრულება 1 (ერთი) თვის ვადაში;
6. ეცნობოს შპს ”ატელს”, რომ წინამდებარე გადაწყვეტილებით გათვალისწინებული დარღვევის ნებაყოფლობით აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილი იქნება შპს ”ატელი”-ს მიმართ გამოიყენოს ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული სანქციები ან 54-ე მუხლის შესაბამისად, დაიწყოს ადმინისტრაციული წარმოება შპს ”ატელის” რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №N86 ლიცენზიის გაუქმების თაობაზე;
7. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს ”ატელი”-სთვის დაუყოვნებლივ გაგზავნა;
8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, სარაჯიშვილის 1-ა) ერთი თვის ვადაში;
9. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი ასლის შპს ”ატელი”-სთვის ჩაბარების დღიდან;
10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე გ.არველაძე
კომისიის წევრები ზ.ნონიკაშვილი
გ.ფრუიძე
კ.კვიტაიშვილი
ს.ბრიტანჩუკი
