წვდომის მენიუ

შპს ”შავი ზღვის ტელეკომი”-ს დაჯარიმების შესახებ

ნომერი: 356 / 18

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 26, 2008

მიღების თარიღი ივნისი 20, 2008

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას.

”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ”ზ” ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”შავი ზღვის ტელეკომი” (რეგისტრირებული 18.08.2004. ბრიტანეთი, ვირჯინიის კუნძულები კორპორატიული საქმეების რეგისტრატორის მიერ რეგისტრაციის №610953) ფლობს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F49 ლიცენზიას შემდეგი სალიცენზიო ვალდებულებებით:

”ა) რადიოსიხშირული სპექტრი: 3483.5 მჰც ÷ 3494.0 მჰც და 3583.5 მჰც  ÷ 3594.0 მჰც სიხშირული ზოლები ადგილობრივი ფართოზოლოვანი უსადენო დაშვების ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველსაყოფად, კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილებით დამტკიცებული “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” დანართ №6-ის მე-2 - მე-10 პუნქტებით გათვალისწინებულ ადგილობრივი მომსახურების ზონებში;  

გ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2017 წლის 4 მაისამდე;

დ) პრაქტიკული საქმიანობის დაწყების ვადა: ლიცენზიის გაცემიდან 1(ერთი) წელი;

ე) ლიცენზიის მიღებიდან სამი წლის განმავლობაში არანაკლებ ერთი გადამცემით მომსახურება შემდეგ რეგიონებში:

რეგიონი 1: ქ.თბილისი, დაბა წყნეთი;

რეგიონი 2: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა;

რეგიონი 3: ახმეტის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, თელავის, ლაგოდეხის, საგარეჯოს, სიღნაღის, ყვარელის რაიონები;

რეგიონი 4:  ახალგორის, დუშეთის, თიანეთის, მცხეთის, ყაზბეგის, რაიონები;

რეგიონი 5: გორის, კასპის, ქარელის, ხაშურის, ცხინვალის, ჯავის რაიონები;

რეგიონი 6: ქ.რუსთავი, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრი-წყაროს, მარნეულის,  წალკის რაიონები;

რეგიონი 7: ადიგენის, ასპინძის, ახალქალაქის, ახალციხის, ბორჯომის, ნინოწმინდის რაიონები;

რეგიონი 8: ქ.ქუთაისი, ტყიბულის, წყალტუბოს, ჭიათურის, ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის,  თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის,  ხარაგაულის, ხონის რაიონები;

რეგიონი 9: ლანჩხუთის, ოზურგეთის, ჩოხატაურის რაიონები;

რეგიონი 10: ამბროლაურის, ლენტეხის, ონის,  ცაგერის რაიონები;

რეგიონი 11: ქ.ფოთი, აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის,ხობის  რაიონები,;

რეგიონი 12: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა;

ვ) ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი ნაწილის (4,890,259.89 - ოთხი მილიონ რვაას ოთხმოცდაათი ათას ორას ორმოცდაცხრამეტი ლარი და ოთხმოცდაცხრა) გადახდის ვალდებულება კომისიის 2007 წლის 4 მაისის №232/1 გადაწყვეტილების შესაბამისად.”

კომისია აღნიშნავს, რომ 2008 წლის 30 მაისს კომისიის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება №295/18 ”შპს ”შავი ზღვის ტელეკომი”-ს გაფრთხილების შესახებ” ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მარეგულირებელი წესების 36-ე მუხლის მე-13, მე-14 და მე-15 პუნქტების შესაბამისად, მის მიერ 2007 წლის 4 მაისის №232/1 გადაწყვეტილების პირველი პუნქტის დ) ქვეპუნქტის და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F49 ლიცენზიის დანართი №1-ის პირველი პუნქტის დარღვევის გამო, გამომდინარე იქიდან, რომ შპს ”შავი ზღვის ტელეკომი”-ს მიერ დარღვეულ იქნა  კომისიის 2007 წლის 4 მაისის №232/1 გადაწყვეტილების პირველი პუნქტის დ) ქვეპუნქტი და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F49 ლიცენზიის დანართი №1-ის პირველი პუნქტი, რომლის შესაბამისადაც, შპს ”შავი ზღვის ტელეკომი” ვალდებული იყო დაეწყო რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F49 ლიცენზიით გათვალისწინებული პრაქტიკული საქმიანობა 2008 წლის 4 მაისამდე.

ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესაბამისად,  შპს ”შავი ზღვის ტელეკომს” დაეკისრა ვალდებულება უზრუნველეყო 2007 წლის 4 მაისის №232/1 გადაწყვეტილების პირველი პუნქტის დ) ქვეპუნქტითა და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F49 ლიცენზიის დანართი №1-ის პირველი პუნქტით გათვალისიწნებული ვალდებულების (პრაქტიკული საქმიანობის დაწყების ვალდებულება) შესრულება 7 (შვიდი) სამუშაო დღის ვადაში;

კომისია აღნიშნავს, რომ 2008 წლის 30 მაისის №295/18 გადაწყვეტილება ძალაში შევიდა 2008 წლის 2 ივნისს, კერძოდ შპს ”შავი ზღვის ტელეკომი”-სთვის გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების დღიდან. შესაბამისად, გადაწყვეტილებით განსაზღვრული 7 (შვიდი) სამუშაო დღე გავიდა 2008 წლის 10 ივნისს.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”შავი ზღვის ტელეკომი”-ს მიერ კომისიის გადაწყვეტილების შესრულებასთან დაკავშირებით 2008 წლის 10 ივნისს წარმოდგენილ იქნა განცხადება (10.06.2008 №6/1198-08) თანდართული მასალებით, რომელშიც აღნიშნულია, რომ კომპანიის მიერ კომისიის 2008 წლის 30 მაისის №295/18 გადაწყვეტილების მიღების შემდგომ განხორციელებული იქნა შემდეგი სამუშაოები:

1.   2008 წლის 2 ივნისს შპს ”შავი ზღვის ტელეკომმა” კომისიაში გაიარა ავტორიზაცია (ავტორიზაციის №255/1)

2.   2008 წლის 3 ივნისს კომიპანიის მიერ შეძენილ იქნა საბაზო სადგური  შპს ”მზე”-სგან და განხორციელდა მისი მონტაჟი მარშალ გელოვანის №2-ში;

3.   2008 წლის 5 და 6 ივნისს ეტაპობრივად მოხდა აბონენტებთან ხელშეკრულებების გაფორმება და კომპანიის ქსელსი ჩართვა.

4.  გაფორმდა ხელშეკრულება შპს ”შავი ზღვის ტელეკომ”-თან (რეგისტრირებული ქ.თბილისში ქუჩიშვილის ქ.№6) ტექნიკური მომსახურების შესახებ, რომლის შესაბამისადაც, ეს უკანასკნელი, შპს ”შავი ზღვის ტელეკომი”-ს (რეგისტრირებული 18.08.2004. ბრიტანეთი, ვირჯინიის კუნძულები, კორპორატიული საქმეების რეგისტრატორის მიერ, რეგისტრაციის №610953) წინაშე კისრულობს ვალდებულებას უზრუნველყოს შესაბამისი ტექნიკური მოწყობილობების მონტაჟი, ექსპლოატაცია, შესაბამისი ინტერნეტ არხის შეძენა და აბონენტების ბილინგისა და მათი მონაცემთა ბაზის სრული ფორმირება.

5.  სრულად დაფარა სალიცენზიო გადასახდელი.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2008 წლის 30 მაისის №295/18 გადაწყვეტილებისა და შპს ”შავი ზღვის ტელეკომი”-ს მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის შემოწმების მიზნით, კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტის მიერ 2008 წლის 11 ივნისს ჩატარებულ იქნა შპს ”შავი ზღვის ტელეკომი”-ს შემოწმება და შედგენილ იქნა შემოწმების აქტი №7, და სამსახურეობრივი დასკვნა, რომლებშიც აღნიშნულია, რომ ”რადიომონიტორინგის მობილური სადგურის (MMS) მიერ, ამა წლის 11 ივნისს, ”Rohde & Schwarz FSP3 Spectrum Analyser for Rannge 9kHz-30000 MHz” ანალიზატორით, გამოკვლეული იქნა შპს ”შავი ზღვის ტელეკომზე”, ადგილობრივი ფართოზოლოვანი უსადენო რადიოდაშვების ქსელით მომსახურებისათვის, მინიჭებული 3483.5 მჰც - 3494.0 მჰც და 3583.5 მჰც - 3594.0 მჰც სიხშირული ზოლები.

მონიტორინგის პერიოდში, რომელიც ჩატარებული იქნა შპს ”შავი ზღვის ტელეკომის” ოფისის (მარშალ გელოვანის ქ.№2; გეოგრაფიული კოორდინატები N 41°44 16\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\"; E 044°46 10\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\") მიმდებარე ტერიტორიაზე, აღნიშნულ სიხშირულ დიაპაზონში, არავითარი მუშაობა არ დაფიქსირებულა. ხოლო ოფისის სახურავზე, სადაც განთავსებულია გადამცემი ანტენა, 3485.51 – 3492.11 მჰც სიხშირულ დიაპაზონში დაფიქსირებულ იქნა მხოლოდ საბაზო სადგურის მუშაობა, უმნიშვნელო ველის დაძაბულობით, რაც მიუთითებს იმაზე, რომ საბაზო სადგური არ მუშაობს დატვირთვით, ანუ არ ახორციელებს ინფორმაციის გადაცემას და მიღებას.” (დასკვნას თან ახლავს სპექტრის ანალიზი).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიაში ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 46-ე მუხლის პირველი პუნქტისა და ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, 2008 წლის 16 ივნისს დაიწყო შპს ”შავი ზღვის ტელეკომი”-ს დაჯარიმებასთან დაკავშირებული მარტივი ადმინისტრაციული წარმოება, გამომდინარე იქიდან, რომ კომისიის 2008 წლის 30 მაისის №295/18 გადაწყვეტილების შესაბამისად, შპს ”შავი ზღვის ტელეკომი” გაფრთხილებულ იქნა კომისიის გადაწყვეტილებისა და სალიცენზიო პირობების შეუსრულებლობის გამო. წარმოების დაწყების შესახებ  შპს ”შავი ზღვის ტელეკომს” შეტყობინებით ეცნობა იმავე დღეს - 2008 წლის 16 ივნისს. მხარეს ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების, შუამდგომლობების წარმოდგენისა და ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტების და სხვა მასალების გაცნობის უფლება.  

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ კომისიის 2008 წლის 19 ივნისის კომისიის სხდომა გადატანილ იქნა 2008 წლის 20 ივნისს 16:00 საათზე. აღნიშნულის შესახებ დამატებით ეცნობა შპს ”შავი ზღვის ტელეკომს” შეტყობინებით 2008 წლის 19 ივნისს.

საკითხის განხილვა გაიმართა  2008 წლის 20 ივნისს კომისიის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდნენ შპს ”შავი ზღვის ტელეკომი”-ს წარმომადგენლები.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტების მიერ წარმოდგენილი დასკვნის შედეგად ირკვევა, რომ შპს ”შავი ზღვის ტელეკომი”-ს მიერ არ იქნა შესრულებული კომისიის 2008 წლის 30 მაისის №295/18 გადაწყვეტილების მე-2 პუნქტით გათვალისიწნებული ვალდებულება 7 (შვიდი) სამუშაო დღის ვადაში პრაქტიკული საქმიანობის დაწყებასთან დაკავშირებით და კომპანიის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ხელშეკრულებების სახით ვერ ადასტურებენ იმ გარემოებას, რომ შპს ”შავი ზღვის ტელეკომმა” (რეგისტრირებული 18.08.2004. ბრიტანეთი, ვირჯინიის კუნძულები კორპორატიული საქმეების რეგისტრატორის მიერ რეგისტრაციის №610953) დაიწყო პრაქტიკული საქმიანობა, რაც უნდა გამოიხატებოდეს იმაში, რომ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელმა პრაქტიკული საქმიანობის დასაწყებად  უნდა  უზრუნველყოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების, ტექნიკური საშუალებების ან ქსელის შესაბამისი ელემენტების მონტაჟი, საოპერაციო მართვა, ექსპლუატაცია და მათი გამოყენებით ეკონომიკური საქმიანობა, აგრეთვე ქსელის ამ ელემენტებთან, მათ რესურსებთან და სიმძლავრეებთან  მსურველი ავტორიზებული პირების დაშვება და განსაზღვრული საფასურის სანაცვლოდ მსურველი ოპერატორის ან მომხმარებლისთვის საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდება. იმ გარემობას, რომ შპს ”შავი ზღვის ტელეკომი”-ს მიერ არ არის განხორციელებული ეკონომიკური საქმიანობა, ადასტურებს ის ფაქტიც, რომ შპს ”შავი ზღვის ტელეკომი”-ს მიერ კომისიაში წარმოდგენილია რეგულირების ყოველწლიური საფასურის ნულოვანი გაანგარიშებები.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კომისიას მიაჩნია, რომ შპს ”შავი ზღვის ტელეკომი”-ს მიერ დარღვეული იქნა კომისიის 2008 წლის 30 მაისის №295/18 გადაწყვეტილების მე-2 პუნქტი, რაც წარმოადგენს  ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-3 პუნქტითა და 45-ე მუხლით  გათვალისწინებული სანქცირების საფუძველს. კერძოდ, ამავე კანონის 43-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელთა მიერ სალიცენზიო პირობების შესრულებას. ლიცენზიის მფლობელთა მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში, კომისია მათ მიმართ გამოიყენებს ამ კანონის 45-ე მუხლით დადგენილ სანქციებს, ხოლო 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დენადი ხასიათის დარღვევის კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში აღმოუფხვრელობის ან ერთი წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევს დააკისროს  ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე)  0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 10000 ლარისა.

იმის გათვალისწინებით, რომ შპს ”შავი ზღვის ტელეკომს” არ აქვს დაწყებული პრაქტიკული საქმიანობა და მას ბოლო 12 კალენდარული თვის განმავლობაში ლიცენზიით გათვალისწინებული საქმიანობიდან შემოსავლი არ მიუღია, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ შპს ”შავი ზღვის ტელეკომი”-ს მიმართ სანქციის სახით გამოყენებულ უნდა იქნას ჯარიმა 10,000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით.

”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მარეგულირებელი წესების 36-ე მუხლის მე-13, მე-14, მე-15 და მე-16 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1. შპს ”შავი ზღვის ტელეკომს” დაეკისროს ჯარიმა 10,000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით, კომისიის 2008 წლის 30 მაისის №295/18 გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის, 2007 წლის 4 მაისის №232/1 გადაწყვეტილების პირველი პუნქტის დ) ქვეპუნქტისა და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F49 ლიცენზიის დანართი №1-ის პირველი პუნქტი დარღვევის გამო ;

2. უზრუნველყოს შპს ”შავი ზღვის ტელეკომმა” წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდა 30 დღის ვადაში, საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

- ხაზინის ერთიანი ანგარიში, ანგარიშის ნომერი  - 200122900,

- ბანკი-სახელმწიფო ხაზინა; ბანკის კოდი  - 220101222;

- სახაზინო კოდი -  300773251;

3. უზრუნველყოს შპს ”შავი ზღვის ტელეკომმა” ჯარიმის გადახდის დამადასტურებლი საბუთის კომისიაში წარმოდგენა გადახდიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.

4. შპს ”შავი ზღვის ტელეკომი”-ს მიერ ჯარიმის ნებაყოფლობით გადაუხდელობის შემთხვევაში, წინამდებარე გადაწყვეტილების აღსრულებას უზრუნველყოფს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტი კომისიის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე.

5. უზრუნველყოს შპს ”შავი ზღვის ტელეკომმა” 2007 წლის 4 მაისის №232/1 გადაწყვეტილების პირველი პუნქტის დ) ქვეპუნქტითა და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F49 ლიცენზიის დანართი №1-ის პირველი პუნქტით გათვალისიწნებული ვალდებულების შესრულება 1 (ერთი) თვის ვადაში;

6. ეცნობოს შპს ”შავი ზღვის ტელეკომ”-ს, რომ წინამდებარე გადაწყვეტილებით  გათვალისწინებული დარღვევის ნებაყოფლობით აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილი იქნება შპს ”შავი ზღვის ტელეკომი”-ს მიმართ გამოიყენოს ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული სანქციები ან დაიწყოს ადმინისტრაციული წარმოება შპს ”შავი ზღვის ტელეკომის” რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F49 ლიცენზიის გაუქმების თაობაზე;

7. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს ”შავი ზღვის ტელეკომი”-სთვის დაუყოვნებლივ გაგზავნა;

8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, სარაჯიშვილის 1-ა) ერთი თვის ვადაში;

9. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი ასლის შპს ”შავი ზღვის ტელეკომისთვის” ჩაბარების დღიდან;

10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).            

კომისიის თავმჯდომარე                                          გ.არველაძე

კომისიის წევრები                                                     ზ.ნონიკაშვილი

                                                                                   გ.ფრუიძე

                                                                                 კ.კვიტაიშვილი

                                                                                    ს.ბრიტანჩუკი                                        

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები