წვდომის მენიუ

“შპს „აქსის კომუნიკეიშენისთვის ” სიხშირეების მინიჭების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2007 წლის 20 დეკემბრის №785/13 გადაწყვეტილების არარა აქტად ცნობის შესახებ

ნომერი: 361 / 19

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 08, 2008

მიღების თარიღი ივნისი 27, 2008

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს,  რომ კომისიის მიერ 2007 წლის 20 დეკემბერს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება №785/13 “შპს „აქსის კომუნიკეიშენისთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ”.

აღნიშნული გადაწყვეტილებით,  შპს ”აქსის კომუნიკეიშენს” მიენიჭა რადიოსიხშირეები 3702.0 მჰც,  3746.0მჰც და 3730.0მჰც,  3746.0მჰც, თითოეული ზოლის სიგანით  ± 14მჰც, გასხივების სიმძლავრით არაუმეტეს 0.5 ვატისა, ქ.თბილისში, მისამართებზე, ბახტრიონის ქ.№11,  ყაზბეგის ქ.№24  და ყიფშიძის ქ. №6-ში განლაგებული რადიოსარელეო სადგურების ფუნქციონირებისთვის ობიექტებს შორის ციფრული ინფორმაციის  მისაწოდებლად, არაკომერციული მიზნით და შიდატექნოლოგიური დანიშნულებით, 10  წლის ვადით - 2017  წლის  21 დეკემბრამდე;

 „ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-15 პუნქტის და  „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების”  მე-7 მუხლის თანახმად, შპს ”აქსის კომუნიკეიშენს”  სიხშირული რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის საწყისი საფასურის ოდენობა განესაზღვრა - 51,148.80 (ორმოცდათერთმეტი ათას ას ორმოცდარვა  ლარი  და ოთხმოცი  თეთრი) ლარით. გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის შესაბამისად, შპს ”აქსის კომუნიკეიშენს” განესაზღვრა ვალდებულება 10 დღის ვადაში უზრუნველეყო ზემოაღნიშნული თანხის გადახდა საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში, ხოლო გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის შესაბამისად, განისაზღვრა, რომ კომისიის 2007 წლის 20 დეკემბრის №785/13 გადაწყვეტილება ძალაში შევიდოდა შპს ”აქსის კომუნიკეიშენის” მიერ საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის კომისიაში წარმოდგენის შემდგომ.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე ირკვევა, რომ შპს ”აქსის კომუნიკეიშენი”-ს მიერ არ განხორციელებულა ზემოაღნიშნული თანხის გადახდა საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო ბიუჯეტში და შესაბამისად,  კომპანიას არც გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი წარმოუდგენია კომისიაში.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2007 წლის 20 დეკემბრის №785/13 გადაწყვეტილების ძალაში შესვლის აუცილებელ პირობას წარმოადგენდა შპს ”აქსის კომუნიკეიშენის”-ს მიერ აუქციონის საწყისი საფასურის ოდენობის გადახდა და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა, გამომდინარე იქიდან, რომ შპს ”აქსის კომუნიკეიშენი”-ს მიერ არ იქნა შესრულებული გადაწყვეტილებით გათვალისწინებული ზემოაღნიშნული ვალდებულება,  კომისიის 2007 წლის 20 დეკემბრის №785/13 გადაწყვეტილება არ შესულა ძალაში.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემისთანავე ითვლება არარად, თუ მისი შესრულება შეუძლებელია ფაქტობრივი მიზეზების გამო; დღეის მდგომარეობით 2007 წლის 20 დეკემბრის №785/13 გადაწყვეტილების შერულება შეუძლებელია ფაქტობრივი გარემოებების გამო, ვინაიდან გასულია გადაწყვეტილებით  დადგენილი აუქციონის საწყისი საფასურის ოდენობის გადახდის 10 დღიანი ვადა, ხოლო გადახდა არ არის განხორციელებული.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ 2007 წლის 20 დეკემბრის №785/13 გადაწყვეტილება გამოცემის დღიდან ცნობილ უნდა იქნას არარა ადმინისტრაციულ აქტად.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად    

გადაწყვიტა:

1. არარად იქნას ცნობილი კომისიის 2007 წლის 20 დეკემბრის №785/13 გადაწყვეტილება გამოცემის დღიდან - 2007 წლის 20 დეკემბრიდან.

2. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ნ.ნიჟარაძე) წინამდებარე გადაწყვეტილების შპს ”აქსის კომუნიკეისენი”-სთვის გაგზავნა;

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის N1ა) ერთი  თვის ვადაში;

4. გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნებისთანავე;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ.ყურაშვილი).

კომისიის წევრები:                                                                

გ.ფრუიძე

კ.კვიტაიშვილი

ს.ბრიტანჩუკი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები