შპს ”ტელეკომპანია პირველი სტერეოსთვის” სიხშირის მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 04, 2008
მიღების თარიღი ივნისი 27, 2008
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში “კომისია”) აღნიშნავს, რომ შპს ”ტელეკომპანია პირველმა სტერეომ” კომისიას მიმართა განცხადებით (№41/68, 16.06.08) საქართველოს ტერიტორიაზე პირდაპირი ჩართვების მობილური რადიოსარელეო სადგურის სიგნალის ვიწროზოლოვანი სინქრონიზაციისთვის, სიხშირის მინიჭების მოთხოვნით.
შპს ”ტელეკომპანია პირველი სტერეო” სატელევიზიო მაუწყებლობას ახორციელებს №B20 ლიცენზიის (მოქმედების ვადა 03.10.2013) პირობების შესაბამისად 11 სატელევიზიო გადამცემის მეშვეობით და სამაუწყებლო სიგნალების მიწოდებისთვის მაგისტრალურ და სუბმაგისტრალურ მონაკვეთებზე, იყენებს მის კუთვნილ რადიოსარელეო სადგურებს.
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე პირდაპირი ჩართვების მობილური რადიოსარელეო სადგურის სიგნალის ვიწროზოლოვანი სინქრონიზაციისთვის, შპს ”ტელეკომპანია პირველი სტერეოსთვის“ შერჩეულ იქნა სიხშირე 67მჰც±1მჰც, ზოლის სიგანით 2მჰც.
სიხშირე განსაზღვრულია პირდაპირი ჩართვების მობილური რადიოსარელეო სადგურის სიგნალის სინქრონიზაციისთვის და გამოყენებული უნდა იქნეს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით.
“მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 75-მუხლის მე-2 პუნქტის და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 29-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს შპს ”ტელეკომპანია პირველ სტერეოს” სიხშირე 67მჰც±1მჰც, საქართველოს ტერიტორიაზე პირდაპირი ჩართვების მობილური რადიოსარელეო სადგურის სიგნალის სინქრონიზაციისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით N B20 ლიცენზიის მოქმედების ვადით (03.10.2013).
2. აღირიცხოს შპს ”ტელეკომპანია პირველი სტერეოსთვის” მინიჭებული სიხშირე კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში(რ.ქურდაძე);
3. საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს ”ტელეკომპანია პირველი სტერეოსთვის” სიხშირის მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი კანონმდებლობასთან;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის 1 ა ) 1 თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს.შავგულიძე).
6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ტელეკომპანია პირველი სტერეოსთვის” ჩაბარებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე გ.არველაძე
კომისიის წევრი გ.ფრუიძე
კომისიის წევრი კ.კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ს.ბრიტანჩუკი
