სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიასა” და სს ”გლობალ ერთს” შორის დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 31, 2008
მიღების თარიღი იანვარი 25, 2008
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას 2007 წლის 28 დეკემბერს №6/2146-07 განცხადებით მიმართა სს ”საქართველოს გაერთიანებულმა სატელეკომუნიკაციო კომპანიამ” სს ”გლობალ ერთთან” დავის განხილვის მოთხოვნით.
დავის საგანი: ურთიერთჩართვის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულება.
სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიასა” და სს”გლობალ ერთს” შორის 2005 წლის 01 თებერვალს გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულების თანახმად, მხარეებს შორის ტრაფიკის გაცვლა უნდა ხდებოდეს წინამძღვრიშვილის ქ. №95-ში განთავსებულ ურთიერთჩართვის წერტილში, კერძოდ, ასს 91-ში.
როგორც განმცხადებელი აღნიშნავს, სს ”გლობალ ერთის” მიერ ურთიერთჩართვის ხელშეკრულებით ნაკისრი ეს ვალდებულება სრულდება ნაწილობრივ, კერძოდ სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიასა” და სს ”ბანკ რესპუბლიკას” შორის დადებულია ხელშეკრულება ძირითადი სატელეფონო მომსახურების შესახებ, რომლის თანახმადაც, აღნიშნული კომპანია წარმოადგენს ბოლო მომხმარებელს. სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” სს ”ბანკ რესპუბლიკის” სადგურებში გააქტიურებული აქვს სს ”გლობალ ერთის” სამნიშნა ნუმერაციის რესურსი (8-18). როგორც განმცხადებელი აღნიშნავს, 8-18-ით წამოწყებული ზარები, ურთიერთჩართვის ხელშეკრულების მოთხოვნათა იგნორირებით სს ”გლობალ ერთის” მიერ, პირდაპირ მისამართდება სს ”ბანკ რესპუბლიკის” ტერმინალურ მოწყობილობასთან, ურთიერთჩართვის წერტილის გვერდის ავლით, რის გამოც, სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” ქსელში 8-18 გამოძახების წამოწყებისათვის ისინი მოპასუხისაგან ვერ იღებენ განსაზღვრულ თანხას, რადგანაც იგი არ არის დაფიქსირებული მხარეებს შორის ურთიერთჩართვის ხელშეკრულებით განსაზღვრულ ურთიერთჩართვის წერტილში და შესაბამისად არ აისახება ბილინგის მონაცემებში.
მოთხოვნები:
1. აეკრძალოს სს ”გლობალ ერთს” ურთიერთჩართვის წერტილის გვერდის ავლით, მომსახურების მიწოდება სს ”ბანკ რესპუბლიკისათვის”.
2. დაევალოს მოპასუხეს სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” ქსელში 8-18 გამოძახების წამოწყებისათვის შესაბამისი ანგარიშსწორება
3. მიეცეს ნებართვა სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” დროებით შეზღუდოს ურთიერთჩართვა სს ”გლობალ ერთთან” მიერთების გასაჩივრებული სქემის გაუქმებამდე.
აღნიშნულ საკითხზე, 2008 წლის 25 იანვარს კომისიაში ჩატარდა მოსამზადებელი სხდომა. სხდომას ესწრებოდნენ: სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” წარმომადგენელი უ. სეთური, ხოლო სს ”გლობალ ერთის” მხრიდან რ.გოგინავა.
სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” წარმომადგენელმა მოითხოვა, რომ კომისიამ დაავალოს სს ”გლობალ ერთს”, ურთიერთჩართვის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების სრულად შესრულება და ამ ვალდებულებათა დართვევის გამო მიეცეს მოპასუხე კომპანიას გაფრთხილება.
სს ”გლობალ ერთის” წარმომადგენელი არ დაეთანხმა, სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” პოზიციას და აღნიშნა რომ სს ”ბანკ რესპუბლიკის” საკუთრებაში არსებული საუწყებო ავტომატურ საკომუტაციო სადგურისა და სს ”გლობალ ერთის” მიერ იჯარით აღებული ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის საშუალებით, შექმნილია ე.წ. ციფრული სატელეფონო ტრაქტი. აღნიშნული არხი ემსახურება საერთაშორისო, საქალაქთაქშორისო და მობილური ტრაფიკის გატარებას სს ”გლობალ ერთის” საკომუნიკაციო მოწყობილობის საშუალებით. ჩართვა ხორციელდება ბანკსა და სს ”გლობალ ერთს” შორის არსებული ე.წ. ციფრული სატელეფონო ტრაქტის საშუალებით. როგორც მოპასუხე განმარტავს, აღნიშნული ჩართვის სქემა არ წარმოადგენს სს ”გლობალ ერთსა” და სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” შორის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ურთიერთჩართვას. სს ”საქართველოს ბანკის”, როგორც ბოლო მომხმარებლის მომსახურება საერთაშორისო სატელეფონო ზარებით ხორციელდება მისი ნების გამოხატვით, მის საკუთრებაში არსებული საუწყებო ავტომატური სადგურის მიერთებით სს ”გლობალ ერთის” საერთაშორისო საკომუტაციო სადგურთან. როგორც მოპასუხე აღნიშნავს, სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიასა” და სს ”ბანკ რესპუბლიკას” შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე ბანკს სარგებლობაში აქვს გადაცემული სს ”გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” ნუმერაციის რესურსი საქვეუწყებო ასს-თვის. მოპასუხეს მიაჩნია, რომ აღნიშნული სერიული ნომერი წარმოადგენს ბანკის სარგებლობაში არსებული ტერმინალური მოწყობილობის საიდენტიფიკაციო სააბონენტო ნუმერაციის რესურსს, რომელიც შესაბამისი საფასურის სანაცვლოდ მას გამოყოფილი აქვს სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მხრიდან. აქედან გამომდინარე, მას მიაჩნია, რომ აღნიშნული სქემით განხორციელებული მომსახურების ტრაფიკი ასახვას ვერ პოვებს სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიის” ბილინგის ინფორმაციაში, რადგან ბილინგის ინფორმაცია წარმოადგენს ოპერატორის ქსელის შესაბამისი ელემენტების დატვირთვის და მათი საოპერაციო რესურსის გარკვეულ პერიოდში გამოყენებული მოცულობის შესახებ მონაცემებს, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.
სს ”გლობალ ერთს” მიაჩნია, რომ მისი მოქმედება სრულ შესაბამისობაშია საქართველოს კანონმდებლობასთან და სთხოვა კომისიას, დავის განხილვისას უარი უთხრას განმცხადებელს მისი მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე დარღვევის არარსებობის გამო.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. დაინიშნოს დავის განხილვა სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიასა” და სს ”გლობალ ერთს” შორის 2008 წლის 1 თებერვალს 16 საათზე.
2. დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ ეცნობოთ დაინტერესებულ მხარეებს.
3. დაევალოს კომისიის აპარატის მონიტორინგისა (მ. გოთოშია) და სტრატეგიული განვითარებისა და კონკურენციის (გ. ბუთბაია) დეპარტამენტებს ურთიერთჩართვის სადავო საკითხებთან დაკავშირებით შესაბამისი დასკვნის წარმოდგენა სამი დღის ვადაში.
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის უფროსს (კ. ყურაშვილი).
5. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
კომისიის თავმჯდომარე გ. არველაძე
წევრები: ზ.ნონიკაშვილ
გ.ფრუიძე
